ვაცნობიერებ, რომ გაუცნობიერებლად რაღაც ნაბიჯები გადავდგი, მაგრამ დავემორჩილე კანონიერ მოთხოვნას და მოვბრუნდი უკან. ჩემი მხრიდან გაქცევის და სხვაგან წასვლის არანაირი საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გურიელ ქარდავამ განაცხადა, რითაც მან მოსამართლეს მიმართა.
მან მოსამართლეს სთხოვა გაეთვალისწინებინა მისი რთული ეკონომიკური მდგომარეობა და გადაწყვეტილებებსაც შესაბამისად მიეღო.
“ვაცნობიერებ, რომ გაუცნობიერებლად რაღაც ნაბიჯები გადავდგი, მაგრამ დავემორჩილე კანონიერ მოთხოვნას და მოვბრუნდი უკან. ჩემი მხრიდან გაქცევის და სხვაგან წასვლის არანაირი საფუძველი არ არსებობს. დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებულია. უმუშევარი ვარ.
ოჯახში ვცხოვრობთ 70 წლის დედასთან და მამიდასთან ერთად. დედა არის პენსიონერი. იყო შემთხვევები, როცა ბანკის თანხა ვერ გადავიხადე და დედის პენსიიდან ჩამოიჭრა. თუ გამითვალისწინებთ, ხომ გკარგი და თუ არა, არ ვიცი, რა ვთქვა, თქვენზეა დამოკიდებული”, - განაცხადა გურიელ ქარდავამ.
ცნობისთვის, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.
მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.