2024 წლის 28 ნოემბრამდე არსებული საქართველო აბსოლუტურად სხვა რეალობა იყო და დღეს სულ სხვა მოცემულობაში ვართ - 28 ნოემბრის შემდგომ საქართველოში გვყავს პოლიტიკური პატიმრები, უქმდება პარტიები, სამოქალაქო სექტორი გაჩერებულია და მათ წინააღმდეგ საქმეებია აღძრული, დაანონსებულია დამატებითი რეპრესიები, გამოხატვის თავისუფლება სერიოზული დარტყმისა და რისკის ქვეშაა და ჰარმონიასა და სიმშვიდეში ვერ ცხოვრობს, მათ შორის ვერც “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, - აღნიშნული შეფასება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საბა ბუაძემ გააკეთა.
ბუაძის განცხადებით, 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ პოლიტიკური მოცემულობა აბსოლუტურად შეიცვალა, რაც საზოგადოებამ საკუთარ თავზე გამოცადა.
„ეს გამოცადა 100-ზე მეტმა პოლიტიკურმა პატიმარმა, გამოცადეს პოლიტიკურმა ლიდერებმა და მთლიანად პოლიტიკურმა პროცესმა. 28 ნოემბრის შემდეგ არის პოლიტიკური პროცესის განადგურებისა და ავტოკრატიის კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაციის მცდელობა, რასაც ქართული საზოგადოება ეწინააღმდეგება და ამის შესაძლებლობას არ აძლევს. ამის საუკეთესო შემაკავებელია წინააღმდეგობა, რაც სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად გამოიყურება ხოლმე. შეიძლება ერთი წლის წინ ქუჩაში გაცილებით მეტი ადამიანი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უკმაყოფილება, რაც „ქართული ოცნების“ მიმართ არსებობს, არის მზარდი.
„ქართულმა ოცნებამ“ რეფორმებზე უარის თქმის გამო ქვეყანაში საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო. ირაკლი კობახიძე პირდაპირ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის წინააღმდეგ წავიდა. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ არა რეფორმებზე. არამედ იმაზე, რომ გაცილებით მეტი ნაბიჯით უკან დავიხიეთ. ახლა ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ უნდა გვყავდეს“, - განაცხადა საბა ბუაძემ.
ბუაძემ აღნიშნა ისიც, რომ ქუჩაში მიმდინარე წინააღმდეგობასა და პროტესტს ძლიერი პოლიტიკური გამოსავალი - პოლიტიკური ორგანიზება და ახალი პოლიტიკური შეთავაზება სჭირდება, რასაც ხალხი გაჰყვება.
ბუაძის შეფასებით, სიახლეზე არის დიდი მოთხოვნილება.
„ქუჩაში მიმდინარე პროტესტის სიძლიერეა ის, რომ ის არის დეცენტრალიზებული და არავისგან არ იმართება. ამის შედეგია, რომ ხელისუფლებამ შემზღუდავი კანონების მიღების და ადამიანების დაჭერის მიუხედავად, პროტესტის და წინააღმდეგობის შეჩერება ვერ მოახერხა. იმის გამო, რომ პროტესტი არის ბუნებრივი და საზოგადოებრივი, მას „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერაფერი ვერ მოუხერხა.
ჩვენი პრობლემა არის ის, რომ პროტესტს და წინააღმდეგობას პოლიტიკური გამოსავალი არ ჰქონდა და არ არსებობდა პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც საზოგადოებას პროტესტთან ერთად, კრიზისიდან გამოსვლის პოლიტიკურ გზას დაუსახავდა. ეს არის ოპოზიციაში არსებული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაკლოვანება და ხარვეზი, რამაც ცვლილებები დააბრკოლა. პროტესტი გაგრძელდება და ათეულობით ათასი თანამოქალაქე ქუჩებში ისევ ვივლით, მაგრამ თუ ჩვენ ამას კონკრეტული პოლიტიკური გამოსავალი არ დავახვედრეთ, არაფერი გამოვა.
პროტესტს სჭირდება ძლიერი პოლიტიკური გამოსავალი, პოლიტიკური ორგანიზება და ახალი პოლიტიკური შეთავაზება, რასაც ხალხი გაჰყვება. ძალიან ცხადია, რომ სიახლეზე არის დიდი მოთხოვნილება“, - განაცხადა ბუაძემ.