გიორგი სიორიძე - ერთია, თუ რა აღიარა და მოყვა ალეკო ელისაშვილმა ჩვენებაში, რა უთხრა ადვოკატს და მეორეა ის, რასაც ბრალად სდებენ - მიუხედავად იმისა თუ რა ქმედება ჩაიდინა, ის პოლიტიკური პატიმარია

ერთია, თუ რა აღიარა და მოყვა ალეკო ელისაშვილმა ჩვენებაში, რა უთხრა ადვოკატს და მეორეა ის, რასაც ბრალად სდებენ - მიუხედავად იმისა თუ რა ქმედება ჩაიდინა ალეკო ელისაშვილმა, ის პოლიტიკური პატიმარია, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოების მიმართ ნდობა არ არსებობს.

ალეკო ელისაშვილი არის ჩვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი და თანამებრძოლი და ჩვენ, მას ადამიანურად სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას ვუცხადებთ, ისივე როგორც მის ოჯახს.

ერთია თუ რა აღიარა და მოყვა მან ჩვენებაში და რა უთხრა ადვოკატს და მეორეა ის, რასაც ბრალად სდებენ ალეკო ელისაშვილს. წარმოუდგენელია ის ბრალი, რომელიც მის წინააღმდეგ არის - ტერორიზმის მუხლი, რომელსაც ის არ აღიარებს. ახლა კი უნდათ, რომ ეს საქმე გაასაიდუმლოონ და სულ სხვა რეგისტრში აიყვანონ, ეს მისი პოლიტიკური დევნისთვის გამოიყენონ და ეს ქმედება მის პოლიტიკურ ძალასთან და ჩვენს კოალიციასთან დააკავშირონ, რომლის აკრძალვასაც ივანიშვილის რეჟიმი აპირებს.

მიუხედავად იმისა თუ რა ქმედება ჩაიდინა ალეკო ელისაშვილმა, ის პოლიტიკური პატიმარია.

მე ის 28 ნოემბერს ვნახე და ჩვეულებრივი კომუნიკაცია გვქონდა. დაველოდებით სასამართლო პროცესს. რაც შეეხება ვიდეოკადრებს, მე ალეკო სახეზე არ დამინახავს, მაგრამ ალეკოს განცხადებას დაველოდებით. ნდობა ამ სისტემის - „ქართული ოცნების" სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოების მიმართ არ არსებობს, არც ობიექტური გამოძიების იმედი აქვს ვინმეს და კითხვები, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს, სრულიად ლეგიტიმურია“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ