სახელმწიფოში, სადაც ყველა ინსტიტუტი ერთ კაცს ემორჩილება, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის მიუკერძოებელ სამართლებრივ გამოძიებაზე, ცხადია, საუბარი ზედმეტია - რეჟიმის ცვლილებამდე, ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას,- ამის შესახებ განცხადებას პარტია „ფედერალისტები“ ავრცელებს, რითაც ეხმაურება BBC-ის გამოძიებას.
მათივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ მინიმალური ანგარიშვალდებულების გრძნობა რომ ჰქონდეს საზოგადოების წინაშე და უმძიმესი ბრალდების განეიტრალება უნდოდეს, თავად მოიწვევდა საერთაშორისო მისიას ამ ამბის გამოსაძიებლად.
„საერთაშორისო ჟურნალისტურმა გამოძიებამ ივანიშვილის რეჟიმს უმძიმესი ბრალდება წაუყენა - ამ გამოძიების მიხედვით რეჟიმი ძალაუფლების შესანარჩუნებლად არა მხოლოდ საქართველოს დემოუკიდებლობას თმობს, არამედ საქართველოს მოსახლეობას აკრძალული ქიმიური იარაღით უსწორდება და ქრონიკული დაავადებებისთვის წირავს.
სახელმწიფოში, სადაც ყველა ინსტიტუტი ერთ კაცს ემორჩილება, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის მიუკერძოებელ სამართლებრივ გამოძიებაზე, ცხადია, საუბარი ზედმეტია. ეს რეჟიმი რომ მინიმალურ ანგარიშვალდებულებას გრძნობდეს საზოგადოების წინაშე და რაც მთავარია, ამ უმძიმესი ბრალდების განეიტრალება უნდოდეს - თავად მოიწვევდა საერთაშორისო მისიას ამ ამბის გამოსაძიებლად.
ეს ფაქტი აუცილებლად იქნება გამოძიებული რეჟიმის ცვლილების შემდეგ საპარლამენტო კომისიის, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მეირ.
რეჟიმის ცვლილებამდე, ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას.
იმისთვის, რომ საერთაშორისო გამოძიებას დავეხმაროთ და მომავალში დაზარალებულების მიმართ შესაბამისი ზომები გავატაროთ, გვჭირდება ინფორმაცია.
განსაკუთრებით გვჭირდება: სამედიცინო ცნობები (დიაგნოზი, ტოქსიკოლოგიური ანალიზი), ფოტო/ვიდეო მასალა დაზიანებებზე, ინფორმაცია სიმპტომების შესახებ (სუნთქვის გართულება, დამწვრობა, ნევროლოგიური ნიშნები) და, თუ შესაძლებელია, გამოყენებული ჭურვების ფოტოები.
მივმართავთ სამედიცინო პერსონალსაც - ნუ გახდებით დანაშაულის თანამონაწილე დუმილით. ანონიმურად მოგვაწოდეთ ინფორმაცია იმ პაციენტების შესახებ, რომლებსაც აღენიშნებათ არადამახასიათებელი ქიმიური მოწამვლის ნიშნები.
ჩვენ ვიმუშავებთ უცხოელ ტოქსიკოლოგებთან და უფლებადამცველებთან. თუ ხართ ექიმი და გაქვთ წვდომა ლაბორატორიულ მონაცემებზე, რომელიც ადასტურებს უცნობი ქიმიური ნაერთების არსებობას პაციენტების სისხლში, მოგვაწოდეთ ეს ინფორმაცია. ჩვენ პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოფთ ნიმუშების გადაგზავნას ევროპის წამყვან ლაბორატორიებში.
ჩვენი მიზანია, ეს მტკიცებულებები მივაწოდოთ საერთაშორისო ინსტიტუტებს, იმისათვის რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და თუ ბრალდება დადასტურდა, ივანიშვილის რეჟიმს სანქციები დაუმძიმდეს.
ამიტომ, ყველას გთხოვთ, რომ მოგვმართოთ ფედერალისტების და თავისუფლების ინსტიტუტის ცხელ ხაზზე(032 2 420 737), იმისათვის, რომ დავიწყოთ მასალის მოგროვება საერთაშორისო გამოძიებისთვის. ვისაც ღია არხის გამოყენება არ გსურთ, უსაფრთხო არხით დაგვიკავშირდით, ჩვენი პოვნა იოლია.
კონსულტაციებს ვიწყებთ დემოკრატიული პარტიებთან და ექსპერტებთან ძალისხმევის გასაერთიანებლად
თუ დადასტურდა ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს საერთაშორისო სანქციების საფუძველია და რეჟიმის ცვლილების შემდეგ ყველა დაზარალებული მიიღებს კომპენსაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
როგორც BBC-ი წერს, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა.
BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.