დიენე კეიტა - ცვლილებებისა და დაფინანსების შემცირების ფონზე, მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ შიდსისგან თავისუფალი მომავლის შექმნას

აივ-ინფექციის პრევენციისკენ გადადგმული ნაბიჯი უმოკლესი გზაა შიდსისგან თავისუფალი თაობების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელმა დირექტორმა დიენე კეიტამ შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კიეტამ თავის განცხადებაში აღნიშნა, აივ-ინფექციასთან მიმართულებით მიღწეული პროგრესი დღეს სერიოზული შეფერხების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

მისი განმარტებით, მიღწეული პროგრესის შენარჩუნება, ახლა, დიდწილად დამოკიდებულია ძლიერ ხელმძღვანელობასა და ფინანსებზე როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისოზე დონეზე.

„მედიცინასა და საჯარო პოლიტიკის სფეროში მიღწეული პროგრესი აივ ინფექციისგან დაცვის ახალ შესაძლებლობებს უხსნის გზას და ხელს უწყობს ადამიანების უფლებებისა და არჩევანის უკეთ დაცვას მთელ მსოფლიოში. სრულიად ახალი თაობის მედიკამენტები პრევენციის შესაძლებლობების გაფართოების საფუძვლად იქცა, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს აირჩიონ ის, რაც საუკეთესოდ დაიცავს მათ. იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთა ჯანდაცვის სისტემებშიც აივ-ის პრევენციას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი დღეს სერიოზული შეფერხების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. საერთაშორისო დახმარების პროგრამების დაფინანსების უპრეცედენტო შემცირებამ განსაკუთრებული დარტყმა მიაყენა აივ-ის პრევენციის პროგრამებს. შედეგად, უკვე, თითქმის 2,5 მილიონი ადამიანი პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკით (PrEP) გათვალისწინებულ და სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებზე წვდომის გარეშეა დარჩენილი. პრევენციის პროგრამების განხორციელება შეფერხდა სამხრეთ აფრიკის რეგიონში, სადაც, გასულ წელს, მსოფლიო მასშტაბით გამოვლენილი აივ ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარი დაფიქსირდა.

არსებული ტენდენციის დაუყოვნებელი და რადიკალური ცვლილების გარეშე, პროგნოზი სავალალოა - 2030 წლისთვის 3,3 მილიონი ადამიანი შეემატება აივ-ით ინფიცირებულთა რიგებს.

სამხრეთ აფრიკის რეგიონში, მოზარდი გოგოებისა და ახალგაზრდა ქალების არაპროპორციულად დიდი რაოდენობა იმყოფება ინფიცირების რისკის ქვეშ - აივ-ით ინფიცირების ყოველი მეოთხე ახალი შემთხვევა სწორედ 15-იდან 24 წლამდე გოგოებსა და ქალებს შორის ფიქსირდება. ცნობილია, რომ შიდსი ზრდის დედათა სიკვდილიანობის რისკს, აფერხებს ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას სტიგმის შიშის გამო და, გარდა ამისა, გენდერული ძალადობის შემთხვევების ზრდასა და გენდერული უთანასწორობის გაღრმავებას განაპირობებს. აღნიშნული ვითარების შედეგი არის ის, რომ ირღვევა ქალებისა და გოგოების უფლებები და მათ ეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება, რაც ხანგრძლივი დროით და უარყოფითად აისახება მათსა და იმ თემებზე, რომლებსაც ისინი ეკუთვნიან.

პრევენციის კუთხით წარსულში მიღწეული პროგრესის შენარჩუნება, ახლა, დიდწილად დამოკიდებულია ძლიერ ხელმძღვანელობასა და ფინანსებზე როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისოზე დონეზე.

ასევე იკვეთება გონივრული საჯარო პოლიტიკის საჭიროება. ბევრ ქვეყანაში, ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობებისა და სექს-მუშაკების მიმართ სისხლის სამართლით დევნისა და შესაბამისი სასჯელის გაუქმება მკვეთრად გააუმჯობესებს ინფორმაციასა და საჭირო მომსახურებაზე წვდომას. გენდერული უთანასწორობის, ძალადობისა და სტიგმის აღმოფხვრა, ჯანდაცვის სისტემებსა თუ ფართო საზოგადოებაში, ხელს შეუწყობს იმ ფაქტორების შემცირებას, რომლებიც ადამიანებს აივ-ით ინფიცირების რისკის ქვეშ აყენებს. აივ-ის მიმართულებით სერვისების ჩართვა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებებში, მათ შორის ოჯახის დაგეგმვასა და დედათა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებებში, უზრუნველყოფს ამ სერვისების მეტ ხელმისაწვდომობას ბევრი ქალისა და გოგონასთვის.

შიდსზე რეაგირების თვალსაზრისით ამ რთულ ეტაპზე, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) აგრძელებს ქვეყნების მხარდაჭერას აივ-ის პრევენციის პროგრამების შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიმართულებით, რაც გულისხმობს განსაკუთრებულ აქცენტს მოზარდ გოგონებზე, ახალგაზრდა ქალებსა და მოწყვლად მოსახლეობაზე, აივ ინფექციის მკურნალობასთან და მასთან დაკავშირებულ სერვისებთან ერთად.

მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აქტივისტებისა და თემების ერთობლივმა ძალისხმევამ მნიშვნელოვანი პროგრესი მოგვიტანა აივ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, რისი წყალობითაც დღემდე თითქმის 27 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. ახლა კვლავ უნდა გავერთიანდეთ და ბოლომდე მივიყვანოთ ის, რაც ვიცით, რომ მუშაობს, და ის, რაც ვიცით, რომ შესაძლებელია - შიდსისგან თავისუფალი მომავალი ყველასთვის“, - აღნიშნა დიენე კიეტამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო