კონსტანტინე ჩახუნაშვილი - აქციების დღეებში ბევრი ადამიანისგან მოვისმინე, რომ ცხვირიდან სისხლდენა ჰქონდათ, სიმპტომები უგრძელდებოდათ და კვლევა ჩავატარეთ - ალერგიულ პაციენტებს უფრო ხშირი და განგრძობითი სიმპტომები ჰქონდათ

ჩვენი კვლევის ძირითადი მიზანი იყო, დაგვედგინა, რამდენად იყო მხოლოდ სუბიექტური სიმპტომები თუ კონკრეტული ორგანოების დაზიანებაც იყო, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გასული წლის აქციების დროს დაშლის შედეგად დაზარალებული პაციენტების შესახებ საუბრისას ექიმმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კვლევის ფარგლებში ექიმებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა მინარევებს შეიცავდა ცრემლსადენი გაზი, შესაბამისად, კვლევის პროტოკოლში გათვალისწინებული იყო ე.წ. CS - ცრემლსადენი აირი.

თუმცა, როგორც ჩახუნაშვილმა აღნიშნა, CS გაზის იმ რაოდენობით გამოყენება, რომელიც გასულ წელს სპეცრაზმმა გამოიყენა, არ არის გამართლებული.

„იყო 11 დეკემბერი, როდესაც პატიმრობიდან გამოვედი. მაგ დღეებში ბევრი ადამიანისგან მოვისმინე, რომ ცხვირიდან სისხლდენა ჰქონდათ, რაღაც სიმპტომები უგრძელდებოდათ და, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ კვლევის პროტოკოლი შეგვედგინა და შემდგომ შეგვეტანა კომიტეტზე, მიგვეღო ნებართვა და ამის შედეგად ჩაგვეტარებინა კვლევა.

კვლევის ძირითადი მიზანი იყო ის, რომ დაგვედგინა, რამდენად იყო ეს მხოლოდ სუბიექტური სიმპტომები თუ კონკრეტული ორგანოების დაზიანებაც იყო, მაგალითად ცხვირიდან სისხლდენის ასპექტში ჩვენ გვაინტერესებდა, იყო თუ არა სისხლის შედედების პრობლემები, იყო თუ არა კაპილარების ზოგადი დაზიანება და გვაინტერესებდა, იყო თუ არა კარდიოვასკულარული პრობლემები, როგორიც არის ჰიპერტენზია, ელექტროკარდიოგრაფიაზე ცვლილებები და ა.შ.

ჩვენი კითხვარი, დაახლოებით, 9 იანვარს ჩაეშვა, ანუ ერთ თვეზე მეტი იყო გასული ბოლო დარბევიდან და როდესაც ჩვენ შევაგროვეთ კითხვარის მონაცემები, ყველა ადამიანს დავუკავშირდით და გამოკვლევების ჩატარება შევთავაზეთ, რადგან კითხვარის მიხედვით სუბიექტური მონაცემები დგინდება.

ზუსტად 69 ადამიანი მოვიდა გამოკვლევაზე. 69 პირი გვყავდა საკვლევ ჯგუფში და 31 ადამიანი მოვაგროვეთ ისეთი, რომელიც რუსთაველზე ფიზიკურად არ იმყოფებოდა, დემონსტრაციებზე არ დადიოდა და იქ არ ცხოვრობდა, რათა საკვლევი ჯგუფის მონაცემები საკონტროლო ჯგუფის მონაცემებთან შეგვედარებინა.

აღმოვაჩინეთ, რომ ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები უფრო ხშირად იყო საკვლევ ჯგუფში, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში, ასევე აღმოვაჩინეთ, რომ უფრო მეტი იყო კაპილარასკოპიული ცვლილებები საკვლევ ჯგუფში.

ასევე საინტერესო მიგნება იყო ის, რომ ალერგიულ პაციენტებს უფრო ხშირი და განგრძობითი სიმპტომები ჰქონდათ.

ლიტერატურული მიმოხილვის დროს ჩვენ ასევე მოვიძიეთ ინფორმაცია ცრემლსადენ გაზზე და ცრემლსადენი გაზის რეგულირებაც გამკაცრებულია. იქ (რუსთაველის გამზირზე) ცხოვრობს ხალხი, მოლია, ოფისებია, ათი ათასობით ადამიანი დადის მაგ ტერიტორიაზე დღის განმავლობაში, ისინიც მოწყვლადები არიან. ეს გაზი მათაც უმიზნებს, მიუხედავად იმისა, ისინი გულშემატკივრობენ თუ არა პროტესტს.

ეს არის ჯანდაცვის პრობლემა, პირველ რიგში, რომ ამ რაოდენობით მოხდა (ცრემლსადენი გაზის) გამოყენება და მერე არ მოირეცხა. ჩვენი კვლების ფარგლებში ეს ინფორმაცია ( აირის შემადგენლობის შესახებ) არ გვქონდა, ყველაფერს ვითვალისწინებდით იმ კონტექსტში, რომ გამოყენებული იყო ე.წ. CS გაზი, რომელიც არის ჩვეულებრივი ცრემლსადენი აირი. ამ კონტექსტშიც კი ამ რაოდენობით და ასეთ ხალხმრავალ ადგილში გამოყენება არ არის გამართლებული“, - განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო