საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი შვიდკაცა რაგბიში გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის პირველობა შვიდკაცა რაგბიში გაიმართა, რომელშიც უპირობო გამარჯვება და უნივერსიტეტის ოქროს თასი სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გუნდმა მოიპოვა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საუნივერსიტეტო პირველობაში სტუ/ყოჩების მოედანზე მოასპარეზე სტუ-ის ექვსი ფაკულტეტის შვიდკაცა რაგბის გუნდებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, შესაბამისი ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ქომაგობდნენ.

საუნივერსიტეტო პირველობაში გამარჯვებულ რაგბის გუნდს სტუ-ის ოქროს თასი სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ფიფიამ, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით ლეშკაშელმა და სპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა აჩილ იოსელიანმა გადასცეს.

როგორც სტუ-ის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი აღნიშნავს, სასიხარულოა, როცა გარკვეული პაუზის შემდეგ შვიდკაცა რაგბის ტურნირი საუნივერსიტეტო სივრცეში წარმატებით დაბრუნდა. არჩილ იოსელიანის თქმით, მეორე წელია შვიდკაცა რაგბიში უპირობო ლიდერი და უნივერსიტეტის თასის მფლობელი სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტია.

„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, მეორე წელია შვიდკაცა რაგბი საუნივერსიტეტო სივრცეს დაუბრუნდა და ტურნირების ჩატარების ტრადიცია აღდგა. ეს აძლიერებს სტუდენტების გუნდურ სულისკვეთებას, მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში რაგბის სახეობის პოპულარიზაცია სწორედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დაიწყო. საუნივერსიტეტო კლუბში დაოსტატებული სახელოვანი მორაგბეები შემდეგ საქართველოს ნაკრებში თამაშობდნენ, იმარჯვებდნენ და გულშემატკივარს აღაფრთოვანებდნენ.

წელს მონაწილე გუნდებმა მაღალ დონეზე წარმოაჩინეს თავიანთი მიზანსწრაფულობა, სტრატეგიული გათვლები და გუნდური მუშაობის უნარები. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გუნდი, რომელმაც საბოლოო ჯამში მოიპოვა კიდეც საუნივერსიტეტო თასი. დარწმუნებული ვართ, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს სტუდენტებს შორის ურთიერთპატივისცემისა და პასუხისმგებლობის განვითარებას და რაც მთავარია, საუნივერსიტეტო ტრადიციების აღორძინებას“, - ამბობს არჩილ იოსელიანი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება