საქართველოს, უკრაინისა და მოლოდოვას ნაწილში, ევროკავშირის გაფართოების 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, შიდა ბაზრის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია საკორპორაციო/კომპანიების სამართალი (Company Law), რომელსაც მე-6 თავი ეთმობა და მითითებულია, რომ ევროკავშირს აქვს საერთო წესები კომპანიის ფორმირების, რეგისტრაციისა და ინფორმაციის გასაჯაროების (გამჟღავნების) მოთხოვნების შესახებ, რომელსაც თან ახლავს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების, ასევე, სავალდებულო აუდიტის დამატებითი წესები.
ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საკორპორაციო სამართლისა და კორპორატიული მმართველობის მხრივ, საქართველოს მომზადების გარკვეული დონე გააჩნია, რაც ნაწილობრივ თანხვედრაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, თუმცა, საჭიროა შემდგომი დაახლოება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება.
უკრაინაში, „ვერხოვნა რადამ“ 2025 წლის 9 იანვარს, მიიღო კანონი გარკვეული ტიპის იურიდიული პირების საქმიანობის რეგულირების შესახებ, რომლითაც აღდგა ეროვნული ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟის კომისიისთვის (NSSMC) ანგარიშგების ვალდებულება, რომელიც შეჩერებული იყო საომარი მდგომარეობის დროს. რადაში წარდგენილია კანონპროექტი, რომლის მიზანია კორპორაციულ მმართველობასთან დაკავშირებული ასპექტების ჰარმონიზაცია ინვესტორთა უფლებების დაცვისა და გენდერული ბალანსის გაუმჯობესების შესახებ კანონმდებლობასთან. 2025 წლის მაისში NSSMC-მ ასევე მიიღო რეზოლუცია რეკომენდაციებით კორპორაციული მმართველობის ანგარიშებში ინფორმაციის გამჟღავნების ხარისხის შესახებ.
გაფართოების ანგარიშის მიხედვით მოლდოვამ პროგრესი განიცადა ევროკავშირის კანონმდებლობის გარკვეულ ასპექტებთან შესაბამისობაში კაპიტალის შენარჩუნებისა და შეცვლის რეჟიმის (მაგ., აქციონერთა წინასწარი შესყიდვის უფლებების), ერთწევრიანი კომპანიებისა და საფონდო ბირჟაზე ჩამოთვლილი კომპანიების კორპორაციული მმართველობის შესახებ კორპორაციული მმართველობის კოდექსში შეტანილი არაერთი ცვლილებით. ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდგომი შესაბამისობაში მოყვანა კვლავ საჭიროა საზღვრისპირა ოპერაციებში (შერწყმა, გაყოფა, კონვერტაცია), ასევე შესყიდვის შეთავაზებებში, აქციონერთა უფლებებში (SRD I), მათ შორის - აქციონერთა გრძელვადიანი ჩართულობის წახალისებაში (SRD II).
გაფართოების ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველოში კომპანიების ანგარიშგების კუთხით, 2024 წლის ოქტომბერში ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანია მცირე და საშუალო კომპანიების ე.წ. „ზომის“ კრიტერიუმებთან შესაბამისობაში მოყვანა.
სავალდებულო აუდიტის კუთხით, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (Georgia’s Service for Accounting, Reporting and Auditing Supervision - SARAS) მენეჯმენტის ანგარიშგების სახელმძღვანელო განახლდა, როგორც არასავალდებულო დოკუმენტი, რათა სუბიექტებს მიაწოდოს ინფორმაცია ევროკავშირის კორპორატიული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივისა და ევროპული მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების მოთხოვნების შესახებ.
მდგრადობის ანგარიშგების სახელმძღვანელო პრინციპების ძრითადი ელემენტებია: გავლენა გარემოზე, სოციალური ზემოქმედება, მმართველობა და ეთიკური პრაქტიკა, მდგრადობის სტრატეგია და მიზნები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, შესრულების ინდიკატორები.
თავის მხრივ, საქართველოს სამსახურმა (SARAS) ჯერ კიდევ 2024 წლის 21 მარტს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ევროკომისიის მიერ 2022 წელს შემუშავებული კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივა (CSRD), 2023 წლის 5 იანვრიდან ამოქმედდა. SARAS-მა განმარტა, რომ ახალი მოთხოვნები შეეხება ევროკავშირის მასშტაბით არსებულ საწარმოებს, ასევე, ევროკავშირის არაწევრ საწარმოებს, რომლებიც ევროკავშირის ფარგლებში ფლობენ ფილიალს ან შვილობილ კომპანიას.
SARAS-მა აღნიშნა, რომ კომპანიებს, რომლებზეც დირექტივა ვრცელდება, მოეთხოვებათ გაამჟღავნონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს მათ წინაშე არსებულ რისკებსა და გამოწვევებზე გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები. გარდა ამისა, მათ ასევე უნდა გაამჟღავნონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზეგავლენას ახდენს, თავის მხრივ, ბიზნეს მოდელი ადამიანებსა და გარემოზე. ახალი მარეგულირებელი ჩარჩო დაეხმარება ინვესტორებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მომხმარებლებს, სხვა დაინტერესებულ პირებს, შეაფასონ კომპანიის მდგრადი განვითარების პოტენციალი და მიმდინარე მაჩვენებლები ევროკავშირის საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში, რომლებიც მიზნად ისახავს მწვანე ეკონომიკის გაძლიერებას.
ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში საქართველოსთან მიმართებით იკითხება, რომ 2025 წლის მაისში ძალაში შევიდა SARAS-ის ხელმძღვანელის ორი ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა საჯარო ინტერესების მქონე პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების მიზნით აუდიტორული ფირმების მიერ ყოველწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის მომზადებისა და გამოქვეყნების წესები და აუდიტორული ფირმების მიერ აუდიტის კომიტეტებისთვის დამატებითი ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის წესები. აუდიტის განახლებული მარეგულირებელი სტანდარტები ძალაში შევიდა ანგარიშგების პერიოდში.
უკრაინაში კომპანიების ანგარიშგების სფეროში, 2024 წლის ოქტომბერში, მინისტრთა კაბინეტმა მიიღო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მდგრადი განვითარების ანგარიშგების დანერგვისთვის. მდგრადი განვითარების ანგარიშგების დანერგვის შესახებ კანონპროექტი რადაში წარდგენილია 2025 წლის აგვისტოში. უკრაინამ უნდა გაითვალისწინოს ევროკავშირის კანონმდებლობის ევოლუცია ამ სფეროში. ფინანსთა სამინისტრომ განაგრძო ეროვნული ბუღალტრული აღრიცხვის რეგულაციების (სტანდარტების) საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. სავალდებულო აუდიტის სფეროში, უკრაინა ამუშავებს კანონპროექტს, რომელიც განსაზღვრავს კორპორატიული მდგრადობის ანგარიშგების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ დებულებებს, ევროკავშირის კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებების გათვალისწინებით.
კომპანიების ანგარიშგების კუთხით, მოლდოვას კანონმდებლობა ნაწილობრივ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. მოლდოვამ მიიღო კანონების სერია ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის ანგარიშგების, კომპანიების ანგარიშგებისა და კაპიტალის ბაზრებზე გამჭვირვალობის შესახებ. თუმცა, საჭიროა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდგომი ჰარმონიზაცია კომპანიების ანგარიშგებისა და კაპიტალის ბაზრებზე გამჭვირვალობის შესახებ. სავალდებულო აუდიტის კუთხით, მთავრობამ განაგრძო აუდიტის ზედამხედველობის სისტემის შესაძლებლობებისა და დამოუკიდებლობის გაუმჯობესება გარე აუდიტის ხარისხის კონტროლის შესახებ რეგულაციის მიღებით. მოლდოვამ უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობის, გამოძიებებისა და ჯარიმების დამოუკიდებელი სისტემის დანერგვა, შესაბამისი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების მეშვეობით.
გამოყენებული წყაროები:
https://enlargement.ec.europa.eu/georgia-report-2025_en
https://enlargement.ec.europa.eu/ukraine-report-2025_en
https://enlargement.ec.europa.eu/moldova-report-2025_en
https://saras.gov.ge/ka/News/Detail/2691
https://saras.gov.ge/ka/News/Detail/2625
https://www.saras.gov.ge/Content/files/Management_Reporting_Handbook_NEW.pdf
https://www.eutestlab.com/ka/corporate-sustainability-reporting-guidelines
/მასალა მოამზადა ასოციაციამ „შეკი“ (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში „ევროპული ინტეგრაციის დაიჯესტი“/