პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია შპს „ისანი კომფორტს“ თბილისში, მოსკოვის გამზირზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აეშენებინა. საქმიანობის წარმოების პროცესში, კომპანიის დირექტორმა და 49.99%-იანი წილის მფლობელმა ბრალდებულმა კომპანიის კუთვნილი თანხების დაუფლების მიზნით, სხვადასხვა კომპანია დააფუძნა, რის შემდეგაც, „ისანი კომფორტის“ საცხოვრებელ კომპლექსში განთავსებული ბინების შეძენისთვის 73 მოქალაქის მიერ კომპანიისთვის გადახდილი ჯამში 3 596 254 ლარი, პირადი მიზნებისთვის, პირად და მის მიერ დაფუძნებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა.

დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემის, მისი ნამდვილი ბუნების და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, ბრალდებულმა მის მიერ დაფუძნებული კომპანიების სახელით, 160 000 აშშ დოლარად და 23 290 ლარად ღირებული უძრავი ქონებები და 83 560 ლარის სასაქონლო მატერიალური ფასეულობები შეიძინა.

გარდა ამისა, ბრალდებულმა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შპს „ისანი კომფორტის“ მრავალფუნქციურ კომპლექსში ქონების შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და ორი მოქალაქის ჯამში 119 273 ლარს მოტყუებით დაეუფლა, შემდეგ კი ხსენებული უძრავი ქონებების რეალიზაცია სხვა პირებზე მოახდინა.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ბრალდებული 2025 წლის 2 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო