უცებ აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ არის ქიმიური იარაღის პარტია და თავად არის „ომის პარტია“, რომელიც საკუთარ ხალხთან არის ომში და ქიმიური იარაღით წამლავს - რატომ ინახავდნენ საერთოდ ამ ქიმიურ ნაერთს?! წინა ხელისუფლების დროს იყო შეძენილიო. კონიაკი ხომ არაა, რომ აძველებდნენ და დროთა განმავლობაში უკეთესი გახდებოდა?! ინახავდნენ იმიტომ, რომ გამოეყენებინათ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, დავით მჟავანაძემ, BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აქციების მიმდინარეობისას „პანიკაში ჩავარდნენ და გადაწყვიტეს, რომ ქიმიური იარაღი უნდა გამოეყენებინათ“.
„მიუხედავად იმისა, რომ ამდენ რესურსს დებენ პროპაგანდაში, აქვთ მთელი სახელმწიფო სისტემა მისაკუთრებული იმისთვის, რომ თავისი სასარგებლო აზრი გაავრცელონ საზოგადოებაში და შავზე თეთრი და თეთრზე შავი ამტკიცონ, ამ ამბავმა აჩვენა, რომ უცებ ჩამოიშალნენ, აიხლართნენ ისე, რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები აკეთებს 24 საათის განმავლობაში. ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური გამოიყვანეს, ათქმევინეს, „კი, გვქონდა, ოღონდ ჩვენ არ ვიყენებდითო“, ეს თქვა კაცმა, რომელიც არის „მაგნიტსკის აქტით“ დასანქცირებული ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო და თურმე ამ კაცს სიტყვაზე უნდა ვენდოთ, ჰქონდათ მომწამვლელი ნივთიერება მარაგში, მაგრამ არ იყენებდნენ და თურმე წინა რეჟიმი იყენებდა, ეს აბსურდული ხაზი განავითარეს. მეორე დღეს გამოიყვანეს მოქმედი მინისტრი და იმან თქვა, რომ საერთოდ არ გვქონია მსგავსი ნივთიერება მარაგშიო. თავიდან მეც სკეპტიკურად შევხედე ამ ბრალდებას, რომ რაიმე გადამეტებული ხომ არ არის, მართლა რაღაც გაზვიადებასთან ხომ არ გვაქვს საქმე-მეთქი, მაგრამ ამ პასუხებს რომ დავაკვირდი, არც ერთხელ არ თქვეს ის, თუ რა გაურიეს ამ წყალში. არც უარყვეს ეს ბრალდება და არანაირი ნათელი ამ ამბავს ვერ მოფინეს. ეს, რა თქმა უნდა, უკვე ადასტურებს იმ ყველაფერს, რომ რაღაც ისეთი გაურიეს, რომელიც ან მართლა „კამიტი“ იყო, ან რაღაც უარესია გამოყენებული.
მაშინდელმაც და დღევანდელმა მოქმედმა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ პირდაპირ თქვა, შარშან, 30 ნოემბერს, რომ „კი, რაღაც ნივთიერება შერეული იყოო“. რად გვინდა მაგათი ლაპარაკი, ვინც იმ აქციაზე ვიდექით, ყველამ ვიცით, ეს თეთრი ლაქები, რაც ამ წყლის მოსხმის შემდეგ გვემჩნეოდა ტანსაცმელზე, სახეს რომ წვავდა, მეორე დღესაც კი როცა ხალხი არ იდგა რუსთველის გამზირზე, იქ გავლა და სუნთქვა რომ არ შეიძლებოდა იმიტომ, რომ წვავდა სასუნთქ გზებს, ისეთი რაღაც იყო გასხმული, ეს ხომ ყველამ საკუთარი თვალით ვნახეთ? მოქმედი მინისტრი რასაც ამბობს, საერთოდ აბსურდია.
პროპაგანდაში ძალიან აიხლართნენ. ეს ადასტურებს იმას, რომ რა ბრალდებაც გამოითქვა, არის სწორი. წინა მინისტრი ამბობს „გვქონდაო“, ეს მინისტრი ამბობს „არ გვქონდაო“. გვითხრან, რა გაურიეს საერთოდ წყალში, ან რა გამოიყენეს. რაღაც რომ გამოიყენეს, ეს არის 100%-იანი ფაქტი. მათ მოადგილეს აქვს ეს დადასტურებული, რომ წყალში გაურიეს რაღაც და ეს ყველამ ვნახეთ. არცერთ მინისტრს არ უარუყვია, გელაძემ გადააკეთა ეს ამბავი. თქვან რა ნივთიერება იყო იმ წყალში გარეული ისეთი, რაც გაურიეს და არის კანონმდებლობით გათვალისწინებული. ან „კამიტი“ აქვთ გამოყენებული, ან უარესი, ამიტომ ამას ვერ ამბობენ. შესაბამისად, მთელი ეს ბრალდება ძალიან ადეკვატური, დასაბუთებული და დამაჯერებელია. “ქართული ოცნების“ პროპაგანდა ძალიან უძლეველად გამოიყურება ხოლმე, ახლა კი ჩამოიშალა და ჩამოიფშვნა ამ ამბავზე ისე, რომ ყოველი დღე უფრო მეტად ადასტურებს იმას, რომ სწორი ბრალდებაა”, - განაცხადა დავით მჟავანაძემ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იბარებენ ადამიანებს, რომლებიც BBC-ის რესპონდენტები არიან, მჟავანაძის განცხადებით, სუს-ში დაწყებული გამოძიება არის 100%-იანი ტყუილი“.
“ამას რა მიზანი აქვს? - ეს არის პროპაგანდის საკვები და სიმულაციის შექმნა თავიანთი ამომრჩევლებისთვის. რაღაც პროპაგანდისტული ქოლგისა და ნარატივის შექმნის მცდელობა, ოღონდ ძალიან წარუმატებელია. ყოველთვის რაღაცას ემყარებოდა ხოლმე გამოძიებები ან გადატრიალებების ბრალდებები, 2% სიმართლე მაინც იყო ხოლმე, 98% პროპაგანდა. აქ არის 100%-იანი ტყუილი. უბრალოდ ადგნენ და ისეთ რაღაცას ბოდავენ და აბრალებენ ამ ხალხს, რატომ ესაუბრეთ და ითანამშრომლეთ მტრული სახელმწიფოს მტრულ ორგანიზაციასთანო, BBC-ზეა საუბარი. ეს დაბარებები მაგას ემსახურება, მეტს არაფერს. ეგ რომ ობიექტური გამოძიება იყოს, დარახველიძე რატომ არ დაიბარეს ამდენი ხანი გამოკითხვაზე? რომელმაც პირდაპირ აღიარა შარშან, რომ ქიმიურ ნივთიერებას იყენებდნენ, წყალში ურევდნენ. მაგით უნდა დაეწყოთ საერთოდ დაბარება. ეს არის პროპაგანდისთვის საკვების, სიმულაციის შექმნა. რაც არ უნდა დაიბარონ ეს ხალხი, რაც არა უნდა ბრიფინგები მართონ პროკურატურაში და რეპრესიულ უწყებებში, არაფერს ცვლის. მგონია, რომ ეს ბრალდება რაც მათ მიმართ გაჟღერდა, ძალიან დამაჯერებელია. ყველამ დაინახა, რომ ომის პარტიას რომ ეძახის ყველას, უცებ აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ არის ქიმიური იარაღის პარტია და თავად არის ომის პარტია, რომელიც საკუთარ ხალხთან არის ომში და ქიმიური იარაღით წამლავს. ეს ძალიან ჰგავს 20 ივნისის ამბავს, როცა დათვის ტყვიები გამოიყენეს. პანიკაში ჩავარდნენ, უცებ აღმოაჩინეს რომ ხალხს ვერ შლიან, ხალხს ვერ აჩერებენ. 8 -ჯერ რომ დაგვშალეს, მეცხრედ მაინც დავბრუნდით რუსთაველის გამზირზე და ეს 05:00 საათი იყო. ამას ვერ უძლებდა სახელმწიფო რეპრესიული აპარატი, ვერც სპეცრაზმელები, ვერც გგდ და გადაწყვიტეს, რომ ქიმიური იარაღი უნდა გამოეყენებინათ. მიუხედავად ამისა, პროტესტი მაინც უწყვეტია და ერთი წელია გრძელდება.
ყველაზე ადეკვატური ვარაუდი იქნება, რომ ამის გამო გომელაური დასაჯონ, უბრალოდ, გომელაურს არ დასჯიან იმიტომ, რომ სხვა მხრივ ხელშეუხებელია ბიძინასთვის. ვისაც სანქცია აქვს ივანიშვილის კარზე, ეს ინდულგენციაა, რომ ივანიშვილის რეჟიმში ციხეს გადაურჩება. მაგრამ მგონია, რომ არც არავის დასჯიან. მაშინ უნდა აღიარონ ეს ყველაფერი და დაადასტურონ, რომ გაურიეს ქიმიური იარაღი. რატომ ინახავდნენ საერთოდ ამ ქიმიურ ნაერთს?! წინა ხელისუფლების დროს იყო შეძენილიო. კონიაკი ხომ არაა, რომ აძველებდნენ და დროთა განმავლობაში უკეთესი გახდებოდა. ინახავდნენ იმიტომ, რომ გამოეყენებინათ. გამოიყენეს კიდეც. ეგ კი არა, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზუსტად იგივე ნივთიერება გამოყენებული აქვთ 2024 წლის გაზაფხულზე. იმიტომ, რომ მსგავსი ჩვენები და სიმპტომები მაშინაც არსებობდა. სისტემატურად იყენებდნენ“, - განაცხადა დავით მჟავანაძემ.
კითხვაზე, ვინ შეიძლება იდგეს BBC-ისთვის ინვენტარების სიის მიწოდების უკან, მჟავანაძის თქმით, “ადეკვატურია ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო ირაკლი ღარიბაშვილი“.
„ადეკვატური ვარაუდია, რომ შესაძლოა ამაზე ინფორმაცია მიეწოდებინა ირაკლი ღარიბაშვილს, წესით გიორგი გახარიასაც უნდა ჰქონოდა ეს ინფორმაცია, უბრალოდ ეს კაცი არ ვიცი, საერთოდ რას აკეთებს და ემიგრაციაშია გაუგებარი მიზნით. თვითონ იყო მინისტრი და ჰქონდა წვდომა ამ ყველაფერზე, მაგრამ მე უფრო მეტად მგონია და სტატიაშიც ეგრეა მოხსენიებული, რომ მოქმედი თანამდებობის პირების მიერაა მიწოდებული. რეჟიმს უჭირს მისი მონოლითურობის შენარჩუნება. ვითომ კორუფციასთან ბრძოლის კამპანიაც გააჩერეს. ბრიფინგი იყო დღეში ხუთჯერ. ხან ვის იჭერდნენ და ხან ვის. ახლა აღარავის იჭერენ, ამან ბზარები კიდევ უფრო გააღრმავა. მეტი ბზარი გააჩინა და მეტი ზიანი მიაყენა. 100%-ით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოქმედი ჩინოვნიკები ისევ არიან სისტემაში ისეთები, რომლებმაც მსგავსი ინფორმაცია გაიტანეს და მიაწოდეს BBC-ის“, - განაცხადა დავით მჟავანაძემ.