საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0%-ით გაიზარდა და 64.7 მილიარდი ლარი შეადგინა.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.
„2025 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 25.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.7%-ით მეტია. 2025 წლის III კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 67.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.5 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 18.0 პროცენტი კი — მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.1 პროცენტი, საშუალოზე — 23.2 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე — 30.8 პროცენტი.
2025 წლის III კვარტალში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 33.5 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 19.2 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9 პროცენტით მეტი) შეადგინა. 2025 წლის III კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 814.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.0 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 57.0 პროცენტი — კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.1 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.9 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 38.0 პროცენტი — მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 758.0 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 624.9 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.1 პროცენტით მეტი). 2025 წლის III კვარტალში, ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 420.9 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 230.8 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 846.9 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 144.5 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირი იყო: მსხვილი ბიზნესი – 2 498.3 ლარი; საშუალო ბიზნესი – 2 801.6 ლარი; მცირე ბიზნესი – 2 072.5 ლარი. 2025 წლის III კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 34.5 პროცენტი, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 33.5 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა — 7.8 პროცენტიანი წილით, მშენებლობა — 6.3 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.6 პროცენტიანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია — 3.4 პროცენტიანი წილით, ხოლო 10.0 პროცენტი დანარჩენ დარგებზე განაწილდა.
2025 წლის III კვარტალში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს ვაჭრობა (18.6 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (18.3 პროცენტი), მშენებლობა (18.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.4 პროცენტი) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.4 პროცენტი) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 27.1 პროცენტიანი წილი ეჭირა. 2025 წლის III კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესსექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.1, 11.3 და 9.2 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა მშენებლობის (8.5 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.2 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.4 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.7 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.
დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა: თბილისი – 66.1 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.7 პროცენტი; იმერეთი – 6.2 პროცენტი; ქვემო ქართლი – 5.2 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.3 პროცენტი; კახეთი – 2.8 პროცენტი; შიდა ქართლი – 2.2 პროცენტი; მცხეთა-მთიანეთი – 1.8 პროცენტი; სამცხე-ჯავახეთი – 1.4 პროცენტი; გურია – 0.9 პროცენტი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.3 პროცენტი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.