პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ყოფილი წევრის, განათლების საკითხებში ექსპერტ რუსუდან თევზაძის შეფასებით, ზოგადი განათლების რეფორმაში გარკვეული ტიპის ჩანართები ნამდვილად ჰგავს საბჭოთა განათლების სისტემას.
როგორც რუსუდან თევზაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ხელისუფლების მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა რეალურად, „ქართული ოცნების“ პარტიული რეფორმაა.
„გარკვეული ტიპის ჩანართები ნამდვილად ჰგავს საბჭოთა განათლების სისტემას. ყველაფერი ლოგიკური გაგრძელებაა მათი პოლიტიკური ოპერირების, თუ შეიძლება საერთოდ ამას საგარეო და საშინაო პოლიტიკა ეწოდოს, რადგან საშინაო ველზე დაუწყეს ბრძოლა ახალგაზრდებს, რომელიც ამ ყველაფრის მთავარი ძალა არის და საგარეო ველზე აბსოლუტურად მოწყვიტეს განათლების სისტემა. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ეს არის მათი პარტიული რეფორმა. დაბალანსებული პარტიული პოლიტიკისგან გათავისუფლებულ განათლების პოლიტიკას ეს საკითხები ეწინააღმდეგება.
მაგალითად, 11-წლიანი სასკოლო განათლება არ არის თავსებადი ბოლონიის პროცესთან და უგულებელყოფს იმ პრინციპს, რომელიც გულისხმობს უმაღლეს განათლებაში დასავლური განათლების მიღებას“, - განაცხადა თევზაძემ.
მისი განმარტებით, ხელისუფლების მიდგომა განათლების რეფორმასთან დაკავშირებით არც ინკლუზიურია, არც თავისუფალი, არც საყოველთაო და არც ხელმისაწვდომი. როგორც რუსუდან თევზაძემ განმარტა, ამ რეფორმის შემდეგ მთავრობა თავად განმსაზღვრავს, ვინ, სად, როგორი განათლება უნდა მიიღოს.
რუსუდან თევზაძემ სკოლებში ერთი სახელმძღვანელოს დანერგვის ინიციატივაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის საბჭოთა ტრადიცია და გამოცდილება, რისი გაზიარებაც არ უნდა მოხდეს.
„გრიფირების პროცესი იყო ფაქტობრივად, თანამედროვე განათლების პარადიგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა, იქაც ძალიან ბევრი ხარვეზი იყო, არ ვსაუბრობ, რომ სახელმძღვანელოების შინაარსი იყო და არის იდეალური, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, უნდა ადგე და საბჭოთა ტრადიცია და გამოცდილება გაიზიარო და განათლების სამინისტრომ განსაზღვროს, თუ როგორი იქნება სახელმძღვანელო“, - განაცხადა თევზაძემ.
მისი განმარტებით, განათლების პოლიტიკა დაფუძნებულია პარტიულ პოლიტიკაზე და ხელისუფლებას სურს, სკოლები ერთ თარგს მოარგოს.
„ეს ნამდვილად ასე იკვეთება და პერსპექტივაში ასეთ შედეგს გამოიღებს, რაც ორი მიმართულებით შეიძლება გავშალოთ, ერთი არის შინაარსი, რადგან მათი განათლების პოლიტიკა დაფუძნებულია პარტიულ პოლიტიკაზე. შესაბამისად, ეს საგნობრივი მიმართულებებიც ამ შინაარს უნდა ითვალისწინებდეს. ამას ადასტურებს მარტივი ინდიკატორები, რაც არის მათი ქმედებები სასკოლო განათლებაში. მაგალითად, მიმდინარეობს მამაოების გადამზადება, რომლებიც შევლენ სკოლაში და ამ შინაარსის კომპონენტს მოსწავლეებს ასწავლიან. ესეც კონსტიტუციის დარღვევაა“, - განაცხადა თევზაძემ.
ამასთან, ის მიიჩნევს, რომ სკოლებში ერთი სახელმძღვანელოს დანერგვის იდეაც და სასკოლო ფორმების შემოღებაც, ირიბად, შესაძლოა „კორუფციას დაუკავშირდეს“.
„არსებობს გონივრული ეჭვი, რომ გამოიკვეთოს კორუფციის რისკები იმიტომ, რომ როგორც სახელმძღვანელოსთან მიმართებით, აქაც მოხდეს ერთ კომპანიასთან თუ დამკვეთთან ფორმებით უზრუნველყოფა“, -განაცხადა თევზაძემ.
მისი შეფასებით, დღეს „ქართული ოცნების“ რეალური მიზანი არის სახელმწიფო სისტემის მართვა სახელმწიფოს მხრიდან.
„რეფორმის უმრავლესი მიგნება ამას ემსახურება. დეკლარირებულად ამაზე საუბრობენ, მაშინ, როდესაც 60 ათასი მასწავლებელია საქართველოში და ეს არის მათი ელექტორალური კოჰორტა ძალოვან სტრუქტურებთან ერთად. ეცდებიან ყველა ნაბიჯი გადადგან იმისკენ, რომ [განათლების სისტემა] სრული გავლენის ქვეშ მოაქციონ და ეს იკვეთება. ამის „საუკეთესო“ ინდიკატორია ის, რომ“ოცნებას“ მასწავლებლები ისეთი სახელფასო პოლიტიკით, როგორიც ახლა არის, მიბმული ჰყავს პარტიულ ინტერესებზე. ბუნებრივად, საბაზისო, ღირსეული ხელფასი უნდა არსებობდეს. გაურკვეველ ტრენინგებს უტარებენ, ბიუროკრატიაში არიან მასწავლებლები ჩართულები. მასწავლებელს არ სცალია მასწავლებლობისთვის და მოსწავლისთვის. რომელ განვითარებაზეა საუბარი? ამიტომ, ეს სახელფასო პოლიტიკაც უნდა შეიცვალოს. სამწუხაროდ, იმის გამო,რომ ასეთი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში, მასწავლებლებს თავისუფალი ხმა ვერც რაოდენობრივად და ვერც თვისობრივად საგანმანათლებლო სივრცეში ვერ თუ არ ისმის. ეს არის მტკივნეული“, - განაცხადა თევზაძემ.
როგორც მან განმარტა, ასეთი მეთოდებით აღზრდილი თაობა თავისუფალი ვერ იქნება. რუსუდან თევზაძის შეფასებით, განათლების რეფორმა არის პოპულისტური და „მანიპულაციას აკეთებს მოსწავლეების, მასწავლებლების და დირექტორების“.