BBC-ის ფილმით ძალიან მყარი ეჭვია, რომ ისინი [ხელისუფლება] საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულში არიან ეჭვმიტანილები - რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის შესაძლო პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს, არ ვიცი, იგივე წარმატებით, კახა თარგამაძეს ან ლავრენტი ბერიას ან სხვა რომელიმე ყოფილ მინისტრებს შეიძლება დააბრალონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შესახებ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული ურთიერთ გამომრიცხავი განცხადებები ნიშნავს შემდეგს- „მათ იციან, რომ ჩაიდინეს დანაშაული“.
„ეს არის ყველაზე დიდი საერთაშორისო სკანდალი, რომელშიც ოდესმე გახვეულა ივანიშვილი და მისი ბანდა, ამიტომაც არის ასეთი ურთიერთგამომრიცხავი კონკრეტული ადამიანების განცხადებებიც, თან ერთ განცხადებაშიც ორი ან სამი განსხვავებული ნარატივია გავრცელებული კონკრეტული ადამიანების მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩაიდინეს დანაშაული. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვვარაუდობდით, იმიტომ, რომ არ გვქონდა კონკრეტული მყარი მტკიცებულება, მაგრამ ახლა, BBC-ის ფილმით ძალიან მყარი ეჭვი არის იმისა, რომ დიახ, ისინი საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულში არიან ეჭვმიტანილები.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის შესაძლო პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს, არ ვიცი, იგივე წარმატებით, კახა თარგამაძეს ან ლავრენტი ბერიას ან სხვა რომელიმე ყოფილ მინისტრებს შეიძლება დააბრალონ. ხიშტი რომ იყოს განკარგულებაში, რომელიც 1940-იან წლებში იყო შეძენილი, უნდა გამოიყენონ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ? ეს ხომ გაუგებარია? რამდენიმე წლის წინ, სულ რომ ვიღაცას შეეძინა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღემდე უნდა იყენებდეს აკრძალულ თუნდაც ნივთიერებას, თავი რომ დავანებოთ ფაქტს, შეიძინეს თუ არა ის“, -განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, BBC-ის საგამოძიებო მასალაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაამოწმებდა იმას, თუ რა ტიპის ფხვნილი შეიძინა თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა, თუმცა ეს ჩემი ვარაუდია“.
ამასთან, პასუხისმგებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე კობახიძემ აღნიშნა, რომ თუ ასეთი ნივთიერების არსებობა დადგინდა, ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობა დადგება. ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა ისაუბრონ თუ არა მინიმუმ კობახიძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე თუ აღმოჩნდა რომ მისი მმართველობის პირობებში გამოიყენეს ქიმიური იარაღი მოქალაქეების წინააღმდეგ, პრემიერმა უპასუხა: "არა, როგორ გეკადრებათ, თეორიულადაც რომ დავუშვათ, აქ არაფერ შუაში არ არის..."
ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა. BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე.
BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.