ირაკლი კობახიძე BBC-ის ფილმზე - შეგიძლიათ ამოიღოთ, როგორი იყო კლინიკებში მიმართვიანობის სტატისტიკა - ეს არის აბსოლუტური აბსურდი, სპეცსამსახურების ხელით შეთითხნილი რაღაც ტყუილი, ჩვეულებრივი „ფეიკი“

სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელდა ის სიუჟეტი, რომელიც კონკრეტულმა ტელევიზიამ, BBC-მ გაავრცელა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ BBC-ის მიერ მომზადებულ გამოძიებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია არის აბსოლუტური აბსურდი.

„ზოგადად, სპეცსამსახურის სქემები როგორ მუშაობს, ყველამ კარგად ვიცით სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში როგორ მუშაობდა ეს სქემები. როგორ ხდებოდა მათი პრაქტიკაში გამოყენება. ამის მაგალითი იყო რევოლუციის 5 მცდელობა, რომელიც ჩვენ გასული 4 წლის განმავლობაში გამოვიარეთ. შესაბამისად, აქ ყველაფერი უბრალოდ ხელის გულზე დევს, უბრალოდ, ახალი ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე ამ ყველაფერთან დაკავშირებით. სწორედ სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელდა ის სიუჟეტი, რომელიც კონკრეტულმა ტელევიზიამ, BBC-მ გაავრცელა. ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ ეს არის აბსოლუტური აბსურდი. სტატისტიკაც შეგიძლიათ ამოიღოთ იმ დღეებიდან, მაგალითად, როგორი იყო მიმართვიანობის სტატისტიკა და რას უკავშირდებოდა ეს მიმართვიანობა. ეს არის აბსოლუტური აბსურდი, სპეცსამსახურების ხელით შეთითხნილი რაღაც ტყუილი, ჩვეულებრივი „ფეიკი“. შესაბამისად, სერიოზულად ამის მიღება არ ღირს. აქედან გამომდინარე, ერთი დღე ჰქონდათ მცდელობა, რომ აჟიოტაჟი აეტეხათ ამასთან დაკავშირებით, თუმცა ესეც ვერ მოახერხეს“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება გამოძიებას, პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

„უნდა გამოიკვეთოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, რომლებიც ამ ტყუილის გავრცელებაში მონაწილეობდნენ. დანარჩენი ყველაფერი არის აბსურდი. ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ 2009 წელს შეძენილი იქნა კონკრეტული ნივთიერება, რომელიც იქნა გამოყენებული. რა არის ეს ნივთიერება, არ ვიცი, ამაზე, ალბათ, გამოძიება ისაუბრებს, მაგრამ სასკანდალო აქ არაფერი არის. 2009 წელს შეძენილი იქნა გარკვეული ნივთიერება, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა 2007 წლიდან- 2008 , 2009 წელს და ა.შ. ორი სხვადასხვა შესყიდვა განხორციელდა. 2007, 2008, 2009 და მერე 2019 წელს და ასე შემდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული ნივთიერება, რომელიც შეძენილი იქნა 2007 და 2009 წწ-ში. სასკანდალო აღარაფერი დარჩა. გამოძიება კონკრეტულ დასკვნებს გამოიტანს, მაგრამ თქვენთვის სასკანდალო არაფერი არის, მით უმეტეს, რომ ეს ნივთიერება შეძენილი იქნა თქვენი პარტიის ლიდერების მხრიდან“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა. BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე. BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება