კახა კალაძე  - ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია

ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ აკრძალული ქიმიური ნივთიერების, ბრომობენზილ ციანიდის, იგივე „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რამეთუ ეს ნივთიერება საქართველოში არ არსებობს, მისი შესყიდვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს განუხორციელებია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, მეხუთე დღეა, საზოგადოება თვალს ადევნებს „უცხოური სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მიზანი ქვეყნის სტაბილურობის შერყევა და საქართველოს რეპუტაციის დაზიანებაა“.

„სამწუხაროდ, როგორც აქამდე არაერთხელ გვინახავს, ამ ანტიქართულ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ოდიოზური პირები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ბრიტანული მაუწყებლის BBC-ის მიერ მომზადებული რეპორტაჟი, რომელიც თავიდან ბოლომდე ვარაუდებსა და გამოგონილ ამბებზეა აწყობილი, გახდა ხელოვნური ტრიგერი პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფებისთვის, რათა საქართველოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახალი ჰიბრიდული ომი ეწარმოებინათ, დაეზაფრათ მოსახლეობა და გამაოგნებლად ცრუ ბრალდებით აჟიოტაჟი გამოეწვიათ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში.

ბრიტანული მაუწყებლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი არაერთ, დადასტურებულად ტყუილ ბრალდებებს შეიცავს, რომელთაგანაც ყველაზე მგრძნობიარე საკითხი გახლავთ აკრძალული ქიმიური ნივთიერების, ბრომობენზილ ციანიდის, იგივე „კამიტეს“ თითქოსდა გამოყენების ფაქტი ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო აქციების დაშლის დროს. ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ აღნიშნული ნივთიერების გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან ეს ნივთიერება საქართველოში არ არსებობს, მისი შესყიდვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს განუხორციელებია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „კამიტე“ იმდენად მძიმე ტოქსიკური ნივთიერებაა, მწვავე გვერდითი ეფექტებით, რომ მისი გამოყენების შემთხვევაში, აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობას წარუშლელი კვალი დაეტყობოდა და შესაძლოა, ლეტალური შედეგიც გამოეწვია, მაშინ, როდესაც „ქიმიური ზემოქმედების შედეგად არსებული ჩივილებით სამედიცინო დაწესებულებისათვის აქციის არცერთ მონაწილეს არ მიუმართავს“.

„ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენებაშიც ჯერ ბრიტანულმა მაუწყებელმა, ხოლო შემდეგ კონკრეტულმა დაინტერესებულმა პირებმა და კონტროლირებულმა მედიასაშუალებებმა საქართველოს ხელისუფლებას დასდეს ბრალი, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტოქსიკურ საშუალებას წარმოადგენს, რომელსაც თან ახლავს იმდენად მწვავე გვერდითი ეფექტები, რომ თეორიულად, მისი გამოყენების შემთხვევაში ძალადობრივი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობას დაეტყობოდა წარუშლელი კვალი. უფრო მეტიც, „კამიტეს“ ზემოქმედება მაღალი ალბათობით გამოიწვევდა ლეტალურ შედეგს. ამის პარალელურად, საქმეში არ არსებობს არცერთი დაზარალებული, კანონსაწინააღმდეგო აქციების არცერთ მონაწილეს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისათვის ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად არსებული ჩივილებით. საერთო ჯამში კი, ძალადობრივი აქციების პერიოდში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 28 იანვრის ჩათვლით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილ იქნა ორასამდე ადამიანი, მათ შორის, მსუბუქი ინტოქსიკაციით მხოლოდ 5 პირი, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ სამედიცინო დაწესებულებიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა