ცუდია, რომ არ ავიღეთ [წყლის] სინჯები - პრობლემურად მიმაჩნია ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი წერდა იმ დროს, ავიღოთ სინჯებიო, მაგრამ არავინ აიღო - ეს ჩვენი ზოგადი პრობლემაა. ალბათ ვერავინ წარმოიდგინა, რომ აკრძალული ნივთიერება შესაძლოა გამოეყენებინათ, მეორე: შეგრძნება იყო, ესენი „მიდიან“, ნივთიერება, არა ის. მესამე: იმდენად აჟიტირებული იყო ყველა, დარბევის დროს რაციონალურ ფიქრი ბევრს ჰქონდა დათრგუნული. დროში რომ „გადამაგდო“, ანალიზს ავიღებდი,- ამის შესახებ ექიმმა, BBC-ს ფილმის ერთ-ერთმა რესპონდენტმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.
კონსტანტინე ჩახუნაშვილმა ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეჭვი არსებობდა, ხომ არ იყო შედედების სისტემის პრობლემა, ასევე კაპილარები ხომ არ იყო დაზიანებული და ასე შემდეგ.
„კითხვარი შევადგინეთ, შემდეგი ფორმულირებით: რამდენი დღე ესწრებოდით დარბევას, იყენებდით თუ არა აირწინაღს, თუ იყენებდით რომელს? რა სიმპტომები გაქვს ახლა, როდესაც ავსებთ. ეს კითხვარი, დაახლოებით 9 იანვარს ჩაეშვა. სავარაუდოდ, 1 თვე იყო გასული დარბევების დამთავრებიდან. ეს იყო შედედების სისტემის შესწავლა, სისხლის საერთო ანალიზში გვაინტერესებდა თრომბოციტების რაოდენობა რამდენი იქნებოდა, კოაგულოგრამა, გავაკეთეთ კაპილარების შესწავლა, ელექტროკარდიოგრაფია. ბოლო დარბევიდან 4 დღე იყო გასული და რაც მესმოდა, უგრძელდებოდათ ცხვირიდან აუხსნელი სისხლდენები, ჩვენი თავდაპირველადვე ეჭვი იყო, ხომ არ არის შედედების სისტემის პრობლემა, კაპილარები ხომ არ არის დაზიანებული. ამის მიხედვით შევადგინეთ პროტოკოლი. კიდევ გვინდოდა კვლევები, მხედველობის პრობლემა ჰქონდა ბევრს, გაუუარესდა.
რა მიგნებები ვიპოვეთ: უარვყავით ის, რომ შედედების სისტემა იყო დაზიანებული. ნორმის ფარგლებში იყო სისხლის საერთო ანალიზის შედეგები. კაპილაროსკოპიით იყო გარკვეული ცვლილებები, ასევე ელექტროკარდიოგრაფიულად იყო გარკვეული ცვლილებები“,- აღნიშნავს კონსტანტინე ჩახუნაშვილი.
როგორც კონსტანტინე ჩახუნაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც „ეს თემა გასკდა“, უმეტესობამ მისწერა, რომ დროის მოკლე მონაკვეთში დაეწყოთ პრობლემები, მათ შორის მხედველობის.
„347 კაციდან ჩვენთან მოვიდა 69. ეს იმას ნიშნავს, რომ არ ჩათვალეს, რომ მნიშვნელოვანი იყო ეს თემა. მეორე: ნდობა არ ჰქონდათ, მესამე: ეშინოდათ. ეს თემა რადგან გასკდა, უმეტესობამ მომწერა, რომ მაშინვე დაიწყეს კვლევა დოკუმენტირებულად, რომ პრობლემები დროის მოკლე მონაკვეთში დაეწყოთ დარბევების შემდეგ, ეს უმეტესობა ადამიანებს აქვთ. ვერ ვხვდები რას გულისხმობენ, „მომართვიანობა არ იყო“. მხედველობის პრობლემებით მომწერა ახლა ბევრმა, რაც უშუალოდ იმ მოკლე პერიოდში დაეწყო, ჰოსპიტალიზებით მარტო ვერ გააკეთებ ზოგად შეფასებას. გამოაქვეყნონ, რა დიაგნოზი იყო, რა მიმართვიანობა“,- აღნიშნა ჩახუნაშვილმა.