„ჰამასის“ მაღალჩინოსანი - „ჰამასი“ მზადაა თავისი იარაღის არსენალის გაყინვის ან შენახვის საკითხი განიხილოს

„ჰამასი“ მზადაა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში თავისი იარაღის არსენალის გაყინვის ან შენახვის საკითხი განიხილოს, - ამის შესახებ დაჯგუფების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ბასემ ნაიმმა განაცხადა.

„მზად ვართ, გვქონდეს ყოვლისმომცველი მიდგომა, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია ან შემდგომი შეტაკებები ან აფეთქებები“, - განუცხადა ნაიმმა Associated Press-ს კატარის დედაქალაქ დოჰაში.

მისი თქმით, „ჰამასი“ ინარჩუნებს „წინააღმდეგობის გაწევის უფლებას“, თუმცა ჯგუფი მზადაა იარაღი დაყაროს პალესტინის სახელმწიფოს შექმნისკენ მიმართული პროცესის ფარგლებში. ბასემ ნაიმის განცხადებით, საჭიროა ხუთწლიანი ან ათწლიანი გრძელვადიანი ზავი დისკუსიებისთვის.

„ეს დრო სერიოზულად და ყოვლისმომცველად უნდა იქნას გამოყენებული“, - განაცხადა ნაიმმა და დასძინა, რომ „ჰამასი“ ღიაა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს თავის იარაღთან დაკავშირებით.

„შეგვიძლია ვისაუბროთ გაყინვაზე, შენახვაზე ან დაყრაზე, პალესტინის გარანტიებით, რომ საერთოდ არ გამოვიყენოთ ის ამ ცეცხლის შეწყვეტის ან ზავის პერიოდში“, - აღნიშნა „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა.

გაურკვეველია, დააკმაყოფილებს თუ არა შეთავაზება ისრაელის მოთხოვნებს სრული განიარაღების შესახებ.

შეგახსენებთ, ოქტომბერში „ჰამასსა“ და ისრაელს შორის დადებული ზავის ძალაში შესვლიდან, მხარეებმა ისრაელიდან გატაცებული მძევლების და პალესტინელი პატიმრების გაცვლა განახორციელეს. ღაზაში მხოლოდ ერთი მძევლის ნეშტია დარჩენილი. მხარეები მეორე ფაზაში გადასასვლელად ემზადებიან.

შეთანხმების ახალი ფაზის მიზანია ომის შედეგად დაზარალებული ღაზის სექტორის მომავლის განსაზღვრა და, ვარაუდობენ, რომ კიდევ უფრო რთული იქნება - ისეთი საკითხების მოგვარება, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების განლაგება, ღაზაში ტექნოკრატიული პალესტინის კომიტეტის ფორმირება, ისრაელის ჯარების ტერიტორიიდან გაყვანა და „ჰამასის“ განიარაღება. შეთანხმების შესრულებასა და ღაზის სექტორის რეკონსტრუქციას საერთაშორისო საბჭო გააკონტროლებს, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს. ცეცხლის შეწყვეტა ემყარება 20-პუნქტიან გეგმას, რომელიც ტრამპმა ოქტომბერში წარადგინა საერთაშორისო გარანტორ ქვეყნებთან ერთად.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა