ამ საკითხს წერტილი მანამდე არ უნდა დაესვას, სანამ საერთაშორისო გამოძიება არ ჩატარდება - არცერთი არგუმენტი არ თქმულა, რომელსაც შესაძლოა ჩვენ დავეყრდნოთ, თუნდაც იმიტომ, რომ მშვიდად ვიყოთ ჩვენი ჯანმრთელობის გამო,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ანი ქავთარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
მისი თქმით, უფრო მეტი ეჭვი გაჩნდა, რომ ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერება გამოიყენა.
„ისინი მხოლოდ და მხოლოდ 4-5 დეკემბრის ღამეებზე საუბრობენ, თუმცა არა სხვა დღეებზე. უფრო მეტი ეჭვი გაჩნდა, რომ დიახ, მათ აკრძალული ნივთიერება გამოიყენეს, მაგრამ თუ რა ნივთიერება გამოიყენეს, ამას მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო გამოძიება დაადგენს.
სისტემური დეჰუმანიზაცია მიმდინარეობს, როდესაც საზოგადოება მოგიწოდებს, რომ ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელო, ამას მოწოდების გარეშეც უნდა აკეთებდეს, და შენ ჩუმად ხარ, ჯანდაცვის მინისტრად არ უნდა იწოდებოდე. ძალიან ბევრ ოქმში ასახული არ არის დაზარალებულთა სიმპტომები, არც ის, თუ სად მიიღეს ინტოქსიკაცია. ე.წ. მინისტრი თვალხილულ დაზიანებებზეც არ საუბრობს, არა თუ უჩინარზე, რომელსაც შესაძლოა მხოლოდ ფერი და სუნი ჰქონდეს. შესაძლოა ასეთმა დაზიანებებმა სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებებიც გამოიწვიოს.
დარწმუნებული ვარ, რომ თავად ექნებათ ინიციატივა საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით, რადგან კონვენციის დარღვევა საკმაოდ მძიმე რეაგირებას განაპირობებს. მათ მოუწევთ იმ დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც არ წარმოადგინეს, ასევე მოუწევთ თქმა, თუ რამხელა დანაშაული განახორციელეს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ვნანობ, რომ მაშინ წყლის ნიმუში არ ავიღე, მაგრამ იმ დროს სტრესული მდგომარეობა იყო. ასევე ამ საკითხში შესაძლოა სახალხო დამცველს თავისი როლი ეთამაშა, თავისი ნაბიჯებით, თუმცა ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს და ის მხოლოდ თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რეჟიმთან ერთად მოქმედებს. ეს თემა ხელისუფლებას არ დაუხურია, ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა, რომ ადამიანები გაეჩუმებინა, დაზარალებულთა ნაწილი სუს-ში დაიბარა. რუსულმა რეჟიმმა ჩვენს ქვეყანაში ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რომელიც ყველაზე დიდი ღირებულებაა, გაანულა და ფასი დაუკარგა.
9 აპრილს, როდესაც საბჭოთა ჯანდაცვის მინისტრი იყო მენაღარიშვილი [ირაკლი მენაღარიშვილი] ის უფრო ჰუმანური ჯანდაცვის მინისტრი იყო, ვიდრე სარჯველაძე [მიხეილ სარჯველაძე]. სწორედ მენაღარიშვილის მოთხოვნით ჩამოვიდა საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები ადამიანის უფლებებისთვის“ და სწორედ მათ აღმოაჩინეს ნივთიერება „ქლორპიკრინი“,- განაცხადა ანი ქავთარაძემ.