განათლების მინისტრის მოადგილე - სპეკულაციაა განცხადება იმის თაობაზე, თითქოს აბიტურიენტებს ფაკულტეტების არჩევანის თავისუფლება ეზღუდებათ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას თქმით, „სპეკულაციაა“ განცხადება იმის თაობაზე, თითქოს აბიტურიენტებს ფაკულტეტების არჩევანის თავისუფლება ეზღუდებათ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რას გულისხმობს „ერთი ქალაქი-ერთი უნივერსიტეტის პრინციპი“.

„გუშინ, დასმული იყო შეკითხვა, თუ რას გულისხმობს „ერთი ქალაქი-ერთი უნივერსიტეტის პრინციპი“.

დღეს არსებული მოდელის მიხედვით, თბილისში არის ხუთი იურიდიული ფაკულტეტი, 5 - ეკონომიკის ფაკულტეტი, ვგულისხმობ სახელმწიფო უნივერსიტეტებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შესაბამისად, არსებული მოდელი გულისხმობს იმას, რომ ამ ფაკულტეტებიდან სტუდენტს შეუძლია აირჩიოს პირველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მეორე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტი და ასე შემდეგ.

გუშინ მე განვმარტე, რომ ასეთი მოდელი შეიზღუდება, რადგან მოვახდენთ აღნიშნული 5 იურიდიული ფაკულტეტის ერთ ფაკულტეტად, ერთ პროგრამად გაერთიანებას. ეს მთავრობის მიერ დადგენილ კონცეფციაში წერია და არაფერი განსხვავებული ამ მიმართულებით არ გვითქვამს.

შეეძლებათ სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვა სპეციალობების შემოხაზვა, ასევე სამართლის ან ეკონომიკის მიმართულებით შეეძლებათ კერძო უნივერსიტეტებში ნებისმიერი ადგილის შემოხაზვა, მათ შორის ქუთაისში არსებული უნივერსიტეტების შემოხაზვაც. 2 დღეა სპეკულაციებია, თითქოს ჩვენ გარკვეული ტიპის შეზღუდვებს ვითვალისწინებთ, ნორმატიულ აქტებში მსგავსი ტიპის ცვლილება გათვალისწინებული არ არის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი მოდელის მიხედვით, აბიტურიენტები ერთ მეტ ფაკულტეტს და უნივერსიტეტს ვეღარ აირჩევენ. მოგვიანებით, განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდნენ, რომ აბიტურიენტებს არ შეეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩამონათვალში მიუთითონ სახელმწიფო, თუ კერძო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა