კერძო უნივერსიტეტთან დაკავშირებით სახელმწიფომ რატომ უნდა უზრუნველყოს დაფინანსება?, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც განათლების რეფორმით დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო გრანტის გაცემასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, მათ მიაჩნიათ, რომ დაფინანსება უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფო უნივერსიტეტების მიმართულებით მოხდეს.
„კერძო უნივერსიტეტთან დაკავშირებით სახელმწიფომ რატომ უნდა უზრუნველყოს დაფინანსება? როგორ წარმოგიდგენიათ, კერძო ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფო დაფინანსების მოდელი? სხვა ლოგიკა იყო და ამიტომ ვცვლით. მიგვაჩნია, რომ უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფო უნივერსიტეტების მიმართულებით მოხდეს დაფინანსება. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს: უცხოელი სტუდენტების გადასახადები 4-5-ჯერ ძვირი ღირს, ვიდრე ადგილობრივი სტუდენტების მომსახურება დაფინანსების ნაწილში, კვოტების უზარმაზარი ნაწილი გადაინაცვლებს კერძო უნივერსიტეტებში. თუ კერძო უნივერსიტეტებს მოუსმენთ, არა მგონია, ამ მიმართულებით ნეგატივი ჰქონდეთ”, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
ცნობისთვის, პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსებასთან და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს ცვლის. მთავრობის ინიციატივით ცვლილება ხუთ სხვადასხვა კანონში ხორციელდება. წარდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით, კანონით აღარ განისაზღვრება დაფინანსების არსებული მოდელები - მათ შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტები და პროგრამული დაფინანსება. კანონებიდან ყველა იმ ნორმის ამოღება ხდება, რომელიც სახელმწიფო სასწავლო გრანტს და სამაგისტრო გრანტს ეხება. ამასთან, კანონით განისაზღვრება, რომ მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად სახელმწიფოს მიერ - მთავრობის მიერ დადგენილი დაფინანსების წესისა და პირობების შესაბამისად დაფინანსდება.