მშვიდობიანი პროტესტის გამართვა ისე უნდა შეძლო, რომ სხვას დისკომფორტი არ შეუქმნა! - თუკი ვინმემ ისეთ ადგილას შეგზღუდა, სადაც აპროტესტებ და დისკომფორტს არავის უქმნი, კი ბატონო! რა თქმა უნდა, ჩვენც ვიტყვით, რომ ეს დარღვევაა და დაუშვებელია! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში მორიგ ჯერზე დაგეგმილი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილეს.
მაჭარაშვილის თქმით, ინიცირებული პროექტის ფარგლებში საუბარია პროტესტის ისეთი ფორმით გამოხატვაზე, რომ სხვებს დისკომფორტი არ შეექმნათ.
„მშვიდობიანი მოქალაქე ის რამდენიმე ათეული ადამიანია, ვისაც უნდა რომ რუსთაველი გადაკეტოს და მილიონზე მეტ ადამიანს დისკომფორტი შეუქმნას და დანარჩენები ძალადობრივი ადამიანები არიან თუ როგორ?!
ადამიანები საჯაროდ აცხადებენ, რომ უნდათ ზიანის მიყენება ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის, რადგან სურთ, გაზარდონ პროტესტი, რომელიც ნელ-ნელა მილევადია. პროტესტია ის, როცა მე და რამდენიმე ადამიანს გვაქვს სურვილი, რომ ხელისუფლებამ, საზოგადოებამ გაიგოს, თუ რას ვაპროტესტებ და არა ის, რომ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს დისკომფორტი შეგიქმნათ!
საუბარია პროტესტის ისეთი ფორმით გამოხატვაზე, რომ მილიონობით ადამიანს დისკომფორტი არ შეექმნას. მაშინ, რას ნიშნავს უმრავლესობის მმართველობა?!
იმ ადამიანებს ადამიანებად არ ცნობთ, ვისაც აქვს უფლება, რომ სამსახურში წავიდეს, თუ როგორ არის საქმე?!“, - განაცხადა მაჭარაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვით, დგინდება შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ამასთან ერთად, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის სხვადასხვა კონსტრუქციებით და საგნებით გადაკეტვა.
სპონტანური ან არასპონტანური შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება, შეკრებისა ან მანიფესტაციის თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილოს.
გაფრთხილების მიღების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭება უფლებამოსილება, შეკრებისა ან მანიფესტაციის ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილისა და სვლა-გეზის ცვლილება იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ შეთავაზებული შეკრების ფორმა, ჩატარების ადგილი ან სვლა-გეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ან/და ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას, ასევე ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას და ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას.
თუ სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე ან სვლა-გეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და შეკრება ან მანიფესტაციას მაინც იმ ადგილას ჩაატარებენ, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს 20 დღემდე ვადით.
ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის მონაწილეს ან ორგანიზატორს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სსკ 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.