გიგა ფარულავა „ქართულ ოცნებას“ - პირადი ინტერესების გადარჩენისთვის მზად ხართ ავნოთ საკუთარ მოქალაქეებს და მათ წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი გამოიყენოთ, შემდეგ კი სცადოთ ამ დანაშაულის დაფარვა

მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება წარმოადგენს დანაშაულს, რომელიც სცდება როგორც სამართლებრივ, ისე მორალურ ჩარჩოებს. პირადი ინტერესების გადარჩენისთვის მზად ხართ ავნოთ საკუთარ მოქალაქეებს და მათ წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი გამოიყენოთ, შემდეგ კი სცადოთ ამ დანაშაულის დაფარვა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რითაც უმრავლესობის წევრებს მიმართა.

მისივე თქმით, ფაქტის გამოსაძიებლად პარლამენტში უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.

„მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული გასცდა შიდა პოლიტიკურ ჩარჩოებს და საერთაშორისო განხილვის საგნად იქცა. ჩვენ მოვისმინეთ თქვენი აღიარება, რომ წყლის ჭავლი ნამდვილად შეიცავდა გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებას. თქვენ ამბობთ, რომ რაღაც ნივთიერება შეურიეთ წყალს, რომელიც მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეთ და პრობლემა არ არსებობს, რადგან ეს არ იყო „კამიტი“. საქმე გვაქვს იმდენად მძიმე შესაძლო დანაშაულთან, რომლის ასე მონდომებით და დაჩქარებით 5 დღეში დახურვა და მიჩქმალვა შეუძლებელია. თქვენ გგონიათ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების და ყველა სამართლებრივი ბერკეტის დამორჩილება თქვენთვის შესაძლებელს ხდის ხალხის წინააღმდეგ ასეთი ქმედება, რომელიც თავად აღიარეთ, იოლად დაიცვათ და მიჩქმალოთ. ასეთი ტიპის ქმედებებსა და ასეთ დანაშაულებზე სამართლის აღსრულება არ ემორჩილება არც თქვენს იურისდიქციას, არც დროში შეზღუდულობას და საბოლოო ჯამში, აბსოლუტურად შეუძლებელი და გამორიცხულია ამ პასუხისმგებლობისგან გაქცევა.

მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება წარმოადგენს დანაშაულს, რომელიც სცდება როგორც სამართლებრივ, ისე მორალურ ჩარჩოებს. საერთოდ, როგორ და რატომ გაჩნდა წყლის ჭავლში რაიმეს შერევის იდეა?… ვის გაუჩნდა ასეთი სურვილი და როგორ განხორციელდა ეს პრაქტიკაში? ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველაფერზე მაღლა დგას და თქვენი ვალდებულებაა მათი დაცვის უზრუნველყოფა! ნაცვლად ამისა პირადი ინტერესების გადარჩენისთვის მზად ხართ ავნოთ საკუთარ მოქალაქეებს და მათ წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი გამოიყენოთ უკანონოდ, არალეგიტიმურად და არაპროპორციულად. შემდეგ კი სცადოთ ამ დანაშაულის დაფარვა. პრობლემა მარტო ნივთიერებებში არ არის, პრობლემა მშვიდობიან ხალხზე თავდასხმაა! ქუჩის გადაკეტვა არ იძლევა წყლის ჭავლის გამოყენების უფლებას. ეს იყო ძალის არალეგიტიმური და დაუშვებელი დემონსტრირება. დამოუკიდებელი გამოძიება დღეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნა, არამედ ჰუმანიტარული აუცილებლობა.ფაქტია, აქამდე მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის არცერთი ფაქტი არ გამოგიძიებიათ და არცერთი მოძალადე არ წარდგენილა მართლმსაჯულების წინაშე. სწორედ ამიტომ, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უნდობლობა: თქვენ იცავთ არა კანონს, არამედ კანონდამრღვევებს. გამომდინარე აქედან, ჩვენ შემოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რათა ხალხმა პირდაპირ მოისმინოს პასუხები და თავად შეაფასოს სიმართლე. ეს არის ყოველი თქვენგანის პირადი არჩევანი, შანსი, შეძლებთ თუ არა საკუთარი სახელის გადარჩენას ამ მძიმე დანაშაულისგან თუ გსურთ დანაშაულის დაფარვის ოპერაციაში მონაწილეობა. თუ მართლები ხართ და დასამალი არაფერი გაქვთ ძალოვნების სახელით ჩადენილ ქმედებებზე, მხარი დაუჭირეთ კომისიას“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა