არჩილ გორდულაძე - ჩვენ მიერ მანიფესტაციებთან დაკავშირებით მიღებულმა ცვლილებებმა იმუშავა, სატრანსპორტო გზის ხელოვნურად გადაკეტვა ნაკლებად ხდება - შეკრება და მანიფესტაცია აბსოლუტური უფლება არ არის, ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს

ჩვენ მიერ ცოტა ხნის წინ შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით მიღებულმა ცვლილებებმა იმუშავა - პრაქტიკაში სატრანსპორტო გზის ხელოვნურად გადაკეტვა ნაკლებად ხდება, მაგრამ გარედან დაფინანსებულმა და ორგანიზებულმა პირებმა ახალი გამოსავალი ნახეს და მანიფესტაციას სპეციალურად ისეთ ქუჩებზე მართავენ, სადაც სხვათა უფლებებს არღვევენ - იქნება ეს საწარმოთა ფუნქციონირება, მაცხოვრებლების სიმშვიდე თუ სხვათა ადამიანების - მათ შორის ხანდაზმულების, შშმ პირების და ბავშვების გადაადგილება, - ამ არგუმენტით ახსნა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეკრება და მანიფესტაცია აბსოლუტური უფლება არ არის და ამ უფლების შეზღუდვა შესაძლებელია.

გორდულაძის თქმითვე, მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, შეკრება-მანიფესტაციის უფლების განხორციელებას და ამავდროულად, სხვათა უფლებების ეფექტიანად დაცვას.

“ბალანსი ეფექტურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ერთ წელზე მეტია ვხედავთ, რომ რამდენიმე ათეული და ხანდახან ასეული ადამიანი მილიონნახევარზე მეტ ადამიანზე, თბილისის მოსახლეობაზე თუ სხვა ქალაქის მოსახლეობაზე ძალადობს. უმნიშვნელოვანესია, დაცული იყოს ბალანსი მანიფესტაციის უფლებასა და კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს შორის.

შეკრება და მანიფესტაცია აბსოლუტური უფლება არ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს ნამსჯელი აქვს, რომ ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს. ამაზე სტრასბურგის სასამართლომაც იმსჯელა. მაგალითად, პენიტენციური დაწესებულებიდან გარკვეულ რადიუსში დაუშვებელია და პირდაპირ აკრძალულია შეკრება მანიფესტაციის ჩატარება. დაუშვებელია შეკრება-მანიფესტაციის სახელმწიფო დაწესებულებებში და სამართალდამცავ ორგანოების შენობებში ჩატარება. ასევე დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვით, დგინდება შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ამასთან ერთად, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის სხვადასხვა კონსტრუქციებით და საგნებით გადაკეტვა.

სპონტანური ან არასპონტანური შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება, შეკრებისა ან მანიფესტაციის თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილოს. გაფრთხილების მიღების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭება უფლებამოსილება, შეკრებისა ან მანიფესტაციის ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილისა და სვლა-გეზის ცვლილება იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ შეთავაზებული შეკრების ფორმა, ჩატარების ადგილი ან სვლა-გეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ან/და ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას, ასევე ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას და ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას.

თუ სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე ან სვლა-გეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და შეკრება ან მანიფესტაციას მაინც იმ ადგილას ჩაატარებენ, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს 20 დღემდე ვადით.

ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის მონაწილეს ან ორგანიზატორს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სსკ 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა