ბურთი სრულად ნატო-ს მოედანზეა, დიდი ხანია ველოდებით, რას ნიშნავს ეს გაღებული კარი? - თუ ღია კარი ნიშნავს იმას, რომ იქ უნდა ვიდგეთ უსაშველოდ, რისკია, რომ ადამიანი ღია კარში დგომისას, ორ პირქარში გაცივდეს და რაიმე შეეყაროს. იგივე ეხება სახელმწიფოსაც, რომელსაც ასეთ დროს, რისკები შეიძლება გაეზარდოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის განცხადებით, „პრობლემა დღეს ნატო-შია, ის არ იღებს გადაწყვეტილებას“.
„დიდი ხანია ვამბობთ, რომ ბურთი სრულად ნატო-ს მოედანზეა. დიდი ხანია ველოდებით პასუხს, ბოლოს და ბოლოს, რას ნიშნავს ეს გაღებული კარი? ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძემ დასვა ეს კითხვა - „რას ნიშნავს ღია კარი?“. თუ ღია კარი ნიშნავს იმას, რომ იქ უნდა ვიდგეთ უსაშველოდ, რისკია, რომ ადამიანი ღია კარში დგომისას, ორპირ ქარში გაცივდეს და რაიმე შეეყაროს. იგივე ეხება სახელმწიფოსაც, რომელსაც ასეთ დროს, რისკები შეიძლება გაეზარდოს. სამწუხაროდ, ვხედავთ გარკვეულ განცხადებებს, რომ არ არსებობს კონსენსუსი გაფართოებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ვხედავთ პირდაპირ განცხადებებს, მაგალითად, უკრაინასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ სად არის ქმედებები?
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ამას ვუყურებთ უკრაინელი ხალხის მაგალითზე. ის საკუთარი უფლებისთვის, რომ იყოს ნატო-ს წევრი, ამისთვის სისხლს ღვრის უკვე სამ წელზე მეტია. სისხლს ღვრის და ნორმალურ პასუხსაც არ აძლევენ უკრაინელ ხალხს, რომ ბოლოს და ბოლოს, ან კი უთხრან ან არა. რისთვის დაღვარეს ეს სისხლი ხომ უნდა გაიგონ? ეს უკვე ჰგავს იმ მომენტს, როდესაც ჩამოკიდებულია სტაფილოსავით, რომელსაც უნდა მისდიოს და საკუთარი მიმართულებები მისცე, ისე რომ ვერასდროს ვერ მისწვდება იმ, ასე ვთქვათ, სატყუარას, რომელიც წინ აქვს ჩამოკიდებული. მნიშვნელოვანია, გვქონდეს მკაფიო პასუხები საკითხებთან დაკავშირებით. საქართველომ ნატო-ში საკუთარი წევრობისთვის ყველაფერი გააკეთა, როგორც ინსტიტუციურად, ასევე იმით, რომ ნატო-ს ომებში ვიყავით, როდესაც ნატო-ს წევრები იმალებოდნენ.
პრობლემა დღეს ნატო-შია, ის არ იღებს გადაწყვეტილებას. მის მოედანზეა ბურთი სრულად. პრობლემა არის ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაც მანდ არის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.