მიუხედავად იმისა, ვინ ვართ და ვის ვემხრობით, მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა რუსი მმართველის ოცნებაა „საქართველო ქართველების გარეშე“.
„მე ვარ სოხუმელი და 15 ვაჟკაცი სოხუმში დამეღუპა საქართველოსთვის ბრძოლაში, იმისთვის, რომ ყველამ ვიცხოვროთ კარგ საქართველოში. ვილაპარაკოთ ფაქტებით: რას ნიშნავს რუსული მმართველობა? მილიონამდე ქართველი მოკლეს, ყველა რუსი მმართველის ოცნებაა „საქართველო ქართველების გარეშე“.
მე ვცხოვრობდი საბჭოთა კავშირში და ძალიან კარგად მახსოვს, რომ საბჭოთა ადამიანი ვიყავით ყველა. ისიც კარგად მახსოვს, იმდენი შეიარაღება იყო, დედამიწას 10-ჯერ ააფეთქებდნენ, მაგრამ პრიორიტეტი ადამიანების ტვინებზე ზემოქმედება ჰქონდათ. ეს დღესაც მოქმედებს. დამანახეთ ლაღი, თავისუფალი, ბედნიერი ადამიანები! ასეთები აღარ არიან, თუ არიან, ან სინდისის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი, ან ბოდიში და „კაიფში“ არიან.
მიუხედავად იმისა, ვინ ვართ და ვის ვემხრობით, მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება. ამის მაგალითებს ვხედავთ - „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, ფიქრობენ ადამიანები. ყველას გვემუქრება ხიფათი. ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მთელი ცხოვრება. „ღმერთი სიყვარულია, გიყვარდეთ“ დიდ კედელზე მაქვს დაწერილი. სიკეთე სიყვარული, პატიოსნება და კანონმორჩილება მამოძრავებს.
სუს-ის თანამშრომელი მოვიდა სახლში და მითხრა თვითონვე, ყველაფერი ვიცით შენზე და კარგი კაცი ხარო. ერთადერთი ჩემი მოწოდება არის სიკეთე და სიყვარული, „მე მოსისხლე მტერიც მიყვარს და თუ მიყვარს, მართლა მიყვარს“ - ესაა ქართული სულის გამოძახილი. პატიოსნებისა და სიყვარულის მეტი მე არაფერი გამაჩნია“,- განაცხადა ზურაბ ჭავჭანიძემ.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 14 პირის პროცესი მიმდინარეობს.
ამ საქმეში ბრალდებულები არიან: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე, რომლებსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.