რუსული რეჟიმი ცდილობს, ამ ქვეყანაში დარჩენილი თავისუფლების ბოლო ნიშაც ამოქოლოს. ფაქტია, რეჟიმს აწუხებს რუსთაველის გამზირის პროტესტი, თუნდაც ერთი ადამიანის აქცია, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გიორგი სიორიძემ აღნიშნა, ეს არის გზა, რომელიც გაიარა რუსეთმა და „ამ გზის გატარება უნდა საქართველოსთვის ივანიშვილის რეჟიმს“.
„რუსული რეჟიმი ცდილობს, ამ ქვეყანაში დარჩენილი თავისუფლების ბოლო ნიშაც ამოქოლოს. ეს არის რუსთაველის გამზირის პროტესტი, მშვიდობიანი დემონსტრაციები.
ახლა ახალი დრაკონული კანონებით ამკაცრებს "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის რეგულაციებს. ფაქტია, რეჟიმს რუსთაველის პროტესტი, თუნდაც ერთი ადამიანის აქცია აწუხებს, ახლა კი ცდილობს თუნდაც ტროტუარზე დგომ ადამიანებს აუკრძალოს კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა. ეს არის გზა, რომელიც გაიარა რუსეთმა, ამ გზის გატარება უნდა საქართველოსთვის ივანიშვილის რეჟიმს, თუმცა თავისუფლებისმოყვარე ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა რომ ისინი არიან წინააღმდეგობაში უწყვეტად 1 წელია და აუცილებლად ერთად ყველა მივაღწევთ იმ საბოლოო მიზანს, რასაც ჰქვია რეჟიმის ცვლილება“,- აღნიშნა გიორგი სიორიძემ.
შეგახსენებთ, დგინდება შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ამასთან ერთად, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით და საგნებით გადაკეტვა.
ამ მიმართულებით მთელი რიგი ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ხორციელდება, რომელიც პარლამენტს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარუდგინეს. ცვლილებები ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც“ შედის.