თუ ცოტა ხართ, ამის გათვალისწინებით უნდა გამოხატოთ პროტესტი, თუ ბევრი - შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერიც, მაგრამ 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე ვერ იძალადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, „ყველა კანონი, რომელიც მიღებულია და რომელიც საქართველოს პარლამენტშია დაინიცირებული, ამ ლოგიკას ეფუძნება“.
„ზოგადად, რომ განვაზოგადოთ, თუ ხართ ცოტა, ამის გათვალისწინებით უნდა გამოხატოთ პროტესტი. თუ ხართ ბევრი, შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერიც, მაგრამ 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე ვერ იძალადებს. მარტივად არის საქმე. ყველა კანონი, რომელიც მიღებულია და რომელიც საქართველოს პარლამენტშია დაინიცირებული, ეფუძნება ამ ლოგიკას.
თუმცა გაფრთხილების ვალდებულება გათვალისწინებულია კონსტიტუციით, კანონმდებლობით ყოველთვის იყო გათვალისწინებული არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნებშიც, რომ შეიძლება გარემოებების გამო კონკრეტულმა უწყებამ მიუთითოს შეკრების სხვა ადგილზე ჩატარებასთან დაკავშირებით და ა.შ. ესეც არის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი, ყველა ქვეყნის სტანდარტებთან. საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც გაზიარებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ. შესაბამისად, ყველა კანონს, რასაც ვიღებთ, ვიღებთ სწორედ, სტრასბურგის პრაქტიკის გათვალისწინებით, ვიღებთ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. სხვანაირად ჩვენ არ ვმუშაობთ. ჩვენ გვაწუხებს ის, რომ 150 ადამიანი ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი 4 მილიონი ადამიანის წინაშე, რომ დავიცვათ მათი ინტერესები. საქმე მარტივადაა“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ცვლილებების თანახმად, დგინდება შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ამასთან ერთად, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით და საგნებით გადაკეტვა.