საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ახალი სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაცია გაიმართა

„საეკლესიო იურისდიქცია დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხები, კომპლექსური თემაა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ თეოლოგიის სფეროთი - ის მოიცავს ისტორიოგრაფიას, ძველ სამართლებრივ წყაროებს, რეგიონულ პოლიტიკურ განვითარებას, ეთნოკულტურულ პროცესებს და სახელმწიფოებრივი იდენტობის მნიშვნელოვან შრეებს. აფხაზეთის ისტორიული ეკლესიური იურისდიქციის კვლევა წარმოადგენს მნიშვნელოვან საკვანძო საკითხს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჟამთა განმავლობაში ამ თემას ხშირად ახასიათებდა არასწორი ინტერპრეტაცია, მიზანმიმართული დამახინჯება ან ემოციურ-პოლიტიკური ხედვების ზემოქმედება. ამიტომ, მეცნიერული კვლევით ამ საკითხის ხელახლა გააზრება ეროვნული მნიშვნელობის საქმეა, ხოლო ნაშრომი არის მცდელობა არგუმენტებით გაამყაროს ის ისტორიული სიმართლე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ჩვენი ქვეყნის საეკლესიო, კულტურულ და სახელმწიფოებრივ სივრცეს“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივეერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორის - მეუფე ანანია ჯაფარიძის მორიგი ახალი სამეცნიერო გამოცემის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრის, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის, საპატრიარქოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ობიექტური ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, მეუფე ანანიას (ჯაფარიძე) წიგნის - „საეკლესიო იურისდიქცია დასავლეთ საქართველოში. აფხაზეთი“, პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას, რომელსაც ესწრებოდნენ აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტი საბა, სასულიერო პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, სტუ-ის აკადემიური და სამეცნიერო პესრონალი, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, ორტომეული განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც ეკლესიის ისტორიის, ისე ქვეყნის სახელმწიფოებრივ თვითშეგნებასთან დაკავშირებული კვლევებისთვის. დავით გურგენიძის თქმით, მეუფე ანანია დიდი სიზუსტითა და ფაქტობრივ არქივებზე დაყრდნობით გვიწვდის პასუხებს ისეთ შეკითხვებზე, რომლებიც ათწლეულებია დებატების საგანია: სადაა აფხაზეთის საეკლესიო იურისდიქციის ისტორიული საფუძველი? როგორ ჩამოყალიბდა დასავლეთ საქართველოს ეკლესიური სტრუქტურა? რა დოკუმენტურ მასალაზე დგას საქართველოს ეკლესიის ისტორიული სუვერენიტეტი ამ რეგიონში? და რაც მთავარია, რა არის იმ ისტორიული პროცესების რეალური შინაარსი, რომლებიც ხშირად პოლიტიზებულ ჭრილში აღიქმება?

„აფხაზეთის საკითხის მიღმა დგას ჩვენი ისტორიული მეხსიერება, ეროვნული თვითცნობიერება, ისტორიის მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება და სახელმწიფოებრივი თვითიდენტიფიკაციის საფუძვლები. მეუფე ანანიას ნაშრომი ამ პროცესში ქმნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს. ის მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, ფაქტებითა და საარქივო მასალებით დარწმუნდეს, როგორ ვითარდებოდა დასავლეთ საქართველოს ეკლესია, როგორ მზადდებოდა და მყარდებოდა მისი იურისდიქციის საზღვრები და როგორ ჯდება ეს ყველაფერი საქართველოს მთლიან ისტორიულ სურათში. ამდენად, წიგნის თემა მხოლოდ აკადემიური მნიშვნელობის არ არის. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება ქვეყნის ისტორიული სინამდვილის გამყარებას, დეზინფორმაციის თავიდან აცილებას და იმ ეროვნული საფუძვლების განმტკიცებას, რაზეც ჩვენი სახელმწიფო დგას. ეს გამოცემა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა არა მხოლოდ ეკლესიის ისტორიის მკვლევრებისთვის, არამედ ქვეყნის ზოგადი ისტორიოგრაფიის, სამართლის, სახელმწიფოებრივი სივრცის ფორმირების და კულტუროლოგიური კვლევებისთვისაც.

მეუფე ანანიას მრავალწლიანმა სამეცნიერო საქმიანობამ, მისმა საგანგებო დისციპლინამ და უნიკალურმა კვლევითმა მეთოდოლოგიამ ამ გამოცემას მაღალი აკადემიურობა და ფაქტობრივი სიზუსტე შესძინა.

ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მეუფე ანანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ფართო აკადემიურ პლატფორმაა, სადაც მეცნიერების სხვადასხვა მიმართულება თანაბრად ფასდება და ერთობლიობაში ქმნის მაღალ ინტელექტუალურ სივრცეს.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მეუფე ანანიას მისი დაუღალავი სამეცნიერო ღვაწლისთვის, იმ ისტორიული სიმართლისკენ სწრაფვისთვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სწორი თვითაღქმის ჩამოყალიბებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს წარმოდგენილი წიგნი საფუძველს ჩაუყრის ახალ კვლევით დისკუსიებს და მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ აუცილებლობას, რომ რთულ ისტორიულ მოვლენებზე საუბარი, კვლევები და სამეცნიერო ანალიზი ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მხოლოდ ფაქტებს, ობიექტურობასა და სამართლიანობას“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის - მეუფე ანანია ჯაფარიძის ავტორობით გამოცემული ახალი წიგნის - „საეკლესიო იურისდიქცია დასავლეთ საქართველოში. აფხაზეთი“ პრეზენტაციაზე შეფასებითი მოხსენებით წარსდგნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მიტროპოლიტი დავითი, მიტროპოლიტი საბა, პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი; თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი ვაჟა ოთარაშვილი; დოქტორანტები იოანე ჭიღლაძე, ასევე, სტუ-ის სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

სტუ-ის ინფორმაციით, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მეუფე ანანია ჯაფარიძის ორტომეული - „საეკლესიო იურისდიქცია დასავლეთ საქართველოში. აფხაზეთი“, რამდენიმე ენაზე ითარგმნება.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა