პარლამენტმა, მესამე მოსმენით ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა იფუნქციონირებს

პარლამენტმა, მესამე მოსმენით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომლის ძირითადი სიახლე არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა იფუნქციონირებს. ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვება დასაშვები იქნება შესაბამისი დაწესებულებების მიერ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ასეთი ბაზის შექმნის ინიციატივით პარლამენტს ჯერ კიდევ გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა.

როგორც უწყება განმარტავს, პროექტის მომზადება განპირობებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის არარსებობით გამოწვეული სირთულეებით. კერძოდ, შს სამინისტროს ინფორმაციით, არსებული მდგომარეობით, არ არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზა, რომელშიც მოცემული იქნება სრულყოფილი და სანდო მონაცემები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„ინფორმაციის დროული და სანდო წყაროს არარსებობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება. მაგალითად, გამოწვევას წარმოადგენს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების განხორციელების დროს, როგორიც არის “იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება და სხვა.

მსგავსი სახის ნებართვის ფლობა მომეტებულ საფრთხეს უკავშირდება და საჭიროებს მისი მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

როგორც საკითხის საპარლამენტო განხილვისას შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია იარაღის ნებართვის გაცემა იმ პირებისთვის, ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ან დაავადებულია ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით. მისი თქმით, პრაქტიკამ გამოავლინა სირთულე, როცა ნებართვის გაცემის დროს პიროვნებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა მოაქვს, თუმცა შემდგომ ეტაპზე თუ ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიცვლება, ამის კონტროლის მექანიზმი ფიზიკურად არ არსებობს.

“აღნიშნულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა შეიქმნება, სადაც სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებებიდან ასეთი დაავადებების მქონე პირთა მონაცემები შეგროვდება. აღნიშნული ბაზა შესაბამის ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწვდის და თუკი პირზე უკვე გაცემულია იარაღის ლიცენზია, მისი შეჩერება მოხდება“, – განაცხადა დარახველიძემ საკითხის საპარლამენტო განხილვების დროს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა