გიორგი ონიანი - „ქართული ოცნების“ რეჟიმი საზრდოობს კორუფციით - არათუ არ ჩამოუვარდება, აღემატება შევარდნაძის დროს არსებულ კორუფციას, უბრალოდ ახლა რესურსი მეტია, „მოსაპარიც“ მეტია და ეს ნაკლებად აღიქმება

„ქართული ოცნების“ რეჟიმი დგას კორუფციაზე და საზრდოობს კორუფციით. ჩვენი შეფასებით, ის არათუ არ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება კიდეც შევარდნაძის დროს არსებულ კორუფციას, უბრალოდ ახლა რესურსი მეტია, „მოსაპარიც“ მეტია და ეს ნაკლებად აღიქმება, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ონიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

„ამ ბოლო დროს „ქართულმა ოცნებამ“ თითქოს დაიწყო კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ რეალურად რომ დავფიქრდეთ, ეს რეჟიმი, უმაღლესი დონიდან დაწყებული ყველაზე დაბალ დონემდე გაჯერებული არის კორუფციით. ის დგას კორუფციაზე და საზრდოობს კორუფციით. ჩვენი შეფასებით, ის არათუ არ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება კიდეც შევარდნაძის დროს არსებულ კორუფციას, უბრალოდ ახლა რესურსი მეტია, „მოსაპარიც“ მეტია და ეს ნაკლებად აღიქმება.

ეს ახლა კორუფციასთან ბრძოლის გარდა ყველაფერია. ეს არის შიგნით „ოცნებაში“ კლანური დაპირისპირება. ქვეყნის ბატონ-პატრონი ივანიშვილი ვიღაცებს გაუბრაზდა, ვიღაცებს აღარ ენდობა და სწორედ ეს ხდება ახლა დღეს.

ის, რაც მოხდა ღარიბაშვილის თავს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის თავს, ვერავინ დაიჯერებს, რომ ივანიშვილმა არ იცოდა, რომ ეს ხალხი ფულს შოულობდა, გამორიცხულია. უბრალოდ, როცა დასჭირდა, ეს ამბავი მათ წინააღმდეგ გამოიყენა“, - აღნიშნა ონიანმა.

მან გამკაცრებულ კანონმდებლობაზეც ისაუბრა და ამ მხრივ, საქართველო რუსეთსა და ბელარუსს შეადარა.

„ჩვენი რეჟიმი არაფრით არ განსხვავდება ბელარუსის რეჟიმისგან ან რუსეთის რეჟიმისგან. იქ რაც გაკეთდა, ესენი ყველაფერს გააკეთებენ, ყველაფერზე წამსვლელები არიან და ასე მიდის კიდეც, უბრალოდ „ქართული ოცნება“ ცდილობს, გარკვეული წითელი ხაზები არ გადაკვეთს, რათა არ გამოიწვიოს ხალხის ძალიან დიდი გაღიზიანება იმიტომ, რომ ამ გაღიზიანების დროს სიტუაცია შეიძლება უმართავი გახდეს, ასევე ცდილობს, ეს ყველაფერი უფრო სწრაფად გააკეთოს და მათ (ბელარუსისა და რუსეთის) შეცდომებზე ისწავლოს.

მაგრამ, ასევე არის მეორე მხარე - ჩვენ ვიცით, რას აკეთებდნენ ისინი (ბელარუსი და რუსეთი), შესაბამისად, შევეცდებით, რომ უფრო მზად ვიყოთ ჩვენც. ესენი კანონმდებლობით შეზღუდავენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ და ამას იზამენ ნელ-ნელა, ისე რომ თვალში ვინმეს არ გაეჩხიროს, მათ შორის, უცხოეთში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ოცნებას“ არ აინტერესებს, რას ფიქრობენ მათზე დასავლეთში, ეს ძალიან მცდარი მოსაზრებაა“, - განაცხადა გიორგი ონიანმა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა