ევროკავშირის საბაჟო კავშირი აყალიბებს ერთიან სატარიფო ზონას ყველა საქონელზე, რაც კი იმპორტირებულია ევროკავშირში მესამე ქვეყნებიდან (გარედან) და აწესებს საქონლის გადაადგილების თავისუფლებას ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე; საბაჟო კავშირის ფარგლებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის აკრძალულია იმპორტ-ექსპორტის გადასახადი, კვოტები და ნებისმიერი ეკვივალენტური ეფექტის მქონე შემზღუდველი პრაქტიკა. ზუსტად ამ პოლიტიკითა და ინოვაციით, მიღწეულ იქნა დიდი ურთიერთსასარგებლო თანაცხოვრება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, და მოიხიბლა დანარჩენი მსოფლიოც, რამეთუ ბიზნესს სხვა სახელმწიფოში არ მოუწევდა ევროკავშირის 27 სახელმწიფოს საბაჟო კანონების გაცნობა და ყველა ქვეყანასთან ბიუროკრატიული პროცესების გავლა, არამედ - მხოლოდ ევროკავშირის საბაჟო წესების ცოდნა და დაცვა, რაც საერთოა 27-ვე ქვეყანაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროკავშირი მკაცრად იცავს საბაჟო კავშირისა და საქონლის გადაადგილების თავისუფლების სტანდარტებს. ევროკავშირი აკისრებს პასუხისმგებლობას ნებისმიერს, ვინც კი ხელყოფს საქონლის გადაადგილების თავისუფლებას.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ასოცირების შეთანხმებისა და მისი შემადგენელი ნაწილის - DCFTA-ის დადების ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზანი იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის საბაჟო კავშირის ჩამოყალიბება, მხარეებს შორის საქონლის გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფა და ეტაპობრივად, ერთმანეთის მხარეში წარმოშობილ საქონელზე საბაჟო ტარიფების გაუქმება. ასეთი შედეგი ორმხრივად სარგებლიანი იქნებოდა, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომლისთვისაც გაიხსნებოდა უდიდესი ბაზარი უდიდესი გაყიდვების შესაძლებლობებით. (ეს, თავის მხრივ, გავლენას მოახდენდა საქართველოში წარმოებული საქონლის უვნებლობისა და ხარისხის გაუმჯობესებაზე, ადამიანის ჯანმრთელობის გაძლიერებაზე, ქართული ეროვნული წარმოების ზრდის მოტივირებაზე, თურქეთთან კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, საქართველოს რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებაზე). აღსანიშნავია, ის ფაქტორი, რომ ასოცირების შეთანხმების თანახმად, მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქტი ექვემდებარება ევროკავშირში ექსპორტისას საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლებას (ან შემსუბუქებას). ასეთი პოლიტიკა იძლეოდა შესაძლებლობას, შორეული აღმოსავლეთიდან ან სხვა გეოგრაფიული არეალიდან მოზიდულიყო უცხოური ინვესტიციები და წარმოებები დაფუძნებულიყო საქართველოში (რათა შემდგომ საბაჟო-სატარიფო ვალდებულებისგან გათავისუფლებით გაყიდულიყო ევროკავშირის ბაზარზე).
საბაჟო კავშირი ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ევროკომისია ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს გაწევრების ათივე ქვეყანასთან მიმართებით. 2025 წლის შემაჯამებელი შეფასებები კი ასეთია:
საქართველოს აქვს ზომიერად მომზადების დონე საბაჟო კავშირის სფეროში. საანგარიშო პერიოდში მიღწეული იყო შეზღუდული წინსვლა. 2025 წლის 1 თებერვალს საქართველო შეუერთდა საერთო სატრანზიტო კონვენციას, რომელიც მხარდაჭერილია ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემით (NCTS).
მოლდოვას საბაჟო კავშირის სფეროში აქვს მომზადების კარგი დონე, განსაკუთრებით, კანონმდებლობის დაახლოების მიმართულებით. ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც უკავშირდება საბაჟო სატრანზიტო დეკლარირების სისტემის ევროკავშირის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას. ასევე გაძლიერდა ინსტიტუციური შესაძლებლობები, და 2025 წლის 1 ნოემბრიდან მოლდოვა შეუერთდა საერთო სატრანზიტო კონვენციას (CTC). კომისიის გასული წლის რეკომენდაციები ნაწილობრივ განხორციელდა და კვლავ ძალაში რჩება.
უკრაინას აქვს მომზადების კარგი დონე საბაჟო კავშირის მიმართულებით და ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მინისტრთა კაბინეტის მიერ ახალი უკრაინული საბაჟო კოდექსის პროექტის მხარდაჭერა, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის საბაჟო კოდექსს; ასევე საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის განახლება საბაჟო რეფორმის მიზნების მისაღწევად, საბაჟო ადმინისტრაციის შემდგომი დიგიტალიზაცია და კომპეტენციებზე დაფუძნებული პერსონალის მართვის მიდგომის შემუშავება. კომისიის გასული წლის რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულდა და კვლავ ძალაში რჩება.
მონტენეგროს აქვს ზომიერი მომზადების დონე. ბოლო წლის განმავლობაში მიღწეულია კარგი პროგრესი: განხორციელდა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ეროვნული დონეზე დანერგვა და დასრულდა მომზადება საერთო სატრანზიტო კონვენციაში შესვლისთვის. მიუხედავად ამისა, კვლავ არსებობს შეშფოთება საბაჟო სამსახურის IT დეპარტამენტის პერსონალისა და ფინანსების საკმარისობაზე, ასევე დიდი საბაჟო IT სისტემების დანერგვის პროგრესზე. კომისიის გასული წლის რეკომენდაციების უმეტესობა განხორციელდა.
ჩრდილოეთ მაკედონიას მომზადების კარგი დონე აქვს. ანგარიშგების პერიოდში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, განსაკუთრებით IT სისტემების კონსოლიდაციისა და მოდერნიზაციის კუთხით. დასრულდა და 2025 წლის იანვარში დაინერგა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) მე-5 ფაზა. საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს სრულად დოკუმენტგარეშე (paperless) პოლიტიკას საბაჟო დეკლარაციების და აქციზური დოკუმენტების პროცესირებისთვის. 2024 წლის დეკემბერში რატიფიცირებული იქნა თამბაქოს ნაწარმის უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის შესახებ პროტოკოლი. კომისიის გასული წლის რეკომენდაციების დიდი ნაწილი განხორციელდა.
სერბეთს მომზადების კარგი დონე აქვს. მიღწეულია შეზღუდული პროგრესი, განსაკუთრებით არსებული კანონმდებლობის, მათ შორის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცვლილებების მიღების კუთხით, ევროკავშირის კანონმდებლობასთან უფრო მეტი დახლოების მიზნით, ასევე ახალი რისკ-ანალიზის IT სისტემის (RMS) ნაწილობრივი ოპერაციონალიზაციის მხრივ. კომისიის გასული წლის რეკომენდაციების განხორციელება შეზღუდული იყო, ამიტომ ისინი დიდწილად კვლავ ძალაში რჩება.
თურქეთს შენარჩუნებული აქვს მომზადების კარგი დონე. ანგარიშგების პერიოდში პროგრესი არ დაფიქსირებულა. სასაზღვრო ტარიფების შეღავათები, თავისუფალი ზონები და ზედამხედველობის სისტემა კვლავ სრულად არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას და არღვევს საბაჟო კავშირის წესებს. კომისიის გასული წლის რეკომენდაციები დიდწილად კვლავ ძალაში რჩება.
ალბანეთი მომზადების ზომიერი და კარგი დონეების შუალედში იმყოფება. გარკვეული პროგრესი დაფიქსირდა საბაჟო კოდექსის სამართლებრივი ნორმების ცვლილების, ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) განვითარებისა და საბაჟო მომსახურების უფრო ფართო დიგიტალიზაციის კუთხით. კომისიის გასული წლის რეკომენდაციების ნაწილი განხორციელდა და კვლავ ძალაში რჩება.
ბოსნია და ჰერცეგოვინას გარკვეული მომზადების დონე აქვს. ანგარიშგების პერიოდში დაფიქსირდა პროგრესი, განსაკუთრებით საერთო სატრანზიტო კონვენციაში შესვლისთვის მომზადების კუთხით. საბაჟო კანონმდებლობა სრულად არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. კომისიის გასული წლის რეკომენდაციების ნაწილი განხორციელდა და შესაბამისად, კვლავ ძალაში რჩება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველო დგას ალბანეთისა და მონტენეგროს ქვეყნების ჯგუფში; ბოსნია და ჰერცეგოვინა ერთი ნაბიჯით უფრო დაბალი მომზადების საფეხურზეა; სხვა ქვეყნები კი ერთი საფეხურით დაწინაურებულები არიან. აქვე, განმარტებისთვის: ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა (NCTS) საშუალებას იძლევა საბაჟო ორგანოში ელექტრონულად წარდგენილი ერთი ტრანზიტის დეკლარაციითა და ერთი გარანტიით, განხორციელდეს ტვირთის გადაზიდვა კონვენციის წევრ ქვეყნებში (კერძოდ: ევროკავშირის 27 ქვეყანაში, ევროკავშირსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში შემავალ ქვეყნებში (EFTA - ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი, შვეიცარია), და ასევე თურქეთის რესპუბლიკაში, სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში, დიდი ბრიტანეთსა და უკრაინაში). 2025 წელს კონვენციის წევრი ქვეყნები გახდნენ საქართველო, მონტენეგრო და მოლდოვა.
გამოყენებული წყაროები:
https://enlargement.ec.europa.eu/georgia-report-2025_en
https://matsne.gov.ge/document/view/2496959?publication=0
https://www.rs.ge/NCTS
/მასალა მოამზადა ასოციაციამ „შეკი“ (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში „ევროპული ინტეგრაციის დაიჯესტი“/