ვალერი ჩეჩელაშვილი - აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიაში რუსეთის ნაწილი აშკარად სტივ უიტკოფის ენითაა დაწერილი, შეიძლება ჯარედ კუშნერის ენითაც - მარკო რუბიოს რომ დოკუმენტის რედაქტირება შეძლებოდა, სულ სხვა ენას ვნახავდით

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი აშკარად არის დაწერილი სტივ უიტკოფის ენით, შეიძლება, ჯარედ კუშნერის ენითაც - მარკო რუბიოს რომ ჰქონოდა დოკუმენტის რედაქტირების შესაძლებლობა, ვფიქრობ, სულ სხვა ენას ვნახავდით - ვფიქრობ, ეს არის დაწერილი იმ ხალხის მიერ, რომელსაც, როგორც მინიმუმ, რუსეთის საგარეო პოლიტიკური კონცეფცია არ აქვს წაკითხული, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ჩეჩელაშვილი ფიქრობს, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მატარებელი დიპლომატების მიერ შეფასებული და მით უმეტეს, დაწერილი არ არის.

მისივე თქმით, რუსეთის ისე მარტივად შეკავება, როგორც ამერიკელებს სურთ, ან ხედავენ, ნამდვილად ვერ მოხერხდება.

„ჩემთვის დოკუმენტში არის აბსოლუტურად მიუღებელი ნაწილი, სადაც საუბარია, რომ უნდა მოხდეს ევროპის, ზოგადად, ევრაზიული სივრცის დასტაბილურება და აქ ამერიკულმა დიპლომატიამ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ახალი სტაბილური ურთიერთობები ევროპასა და რუსეთს შორის. ვფიქრობ, ეს არის დაწერილი იმ ხალხის მიერ, რომელსაც, როგორც მინიმუმ, რუსეთის საგარეო პოლიტიკური კონცეფცია არ აქვს წაკითხული. 2023 წელს, რუსეთმა მიიღო თავისი საგარეო პოლიტიკური კონცეფცია და იქ რომ დააკვირდნენ იმას, რით ხსნის რუსეთი თავის აგრესიას, იძლევა იმის საშუალებას, რომ ამერიკელებმა ზუსტად ჩამოაყალიბონ საკუთარი მიდგომები ახალი უსაფრთხოების სისტემის მიმართ. ისე მარტივად რუსეთის შეკავება, როგორც ამერიკელებს სურთ, ან ხედავენ, ნამდვილად ვერ მოხერხდება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ალბათ, შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მატარებელი დიპლომატების მიერ შეფასებული და მით უმეტეს, დაწერილი კონცეფცია არ იყო. ამიტომაცაა საინტერესო დავაკვირდეთ, როგორ იქნება ის თარგმნილი რეალურ ქმედებებში,“ - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

დიპლომატი აღნიშნავს, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში შიდა პრობლემებზე არაფერია ნათქვამი და ის პრაქტიკულად, საგარეო პოლიტიკური კონცეფციაა.

„ეს არის ძალიან კომპაქტური დოკუმენტი. მისი სათაური არ პასუხობს შინაარს. სათაური არის „ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“ და პრაქტიკულად, ეს არის საგარეო პოლიტიკური კონცეფცია. შიდა პრობლემებზე, პრაქტიკულად, არაფერია ნათქვამი.

მე ნაკლებად ვხედავ ამ დოკუმენტზე სისტემური დიპლომატების და სისტემური პოლიტიკოსების ზეგავლენას. ერთია ის, რაც წერია ამ დოკუმენტში და მეორეა ის, როგორ იქნება თარგმნილი რეალურ საგარეო პოლიტიკაში და დიპლომატიურ ქმედებებში აშშ-ის მხრიდან. ეს ჩვენ კიდევ უნდა დავინახოთ,“ - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

გარდა ამისა, ის გამოეხმაურა შეფასებებს, რომ „ობიექტურად, ევროპა ღრმა პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას და აშშ მის გამოფხიზლებას ცდილობს“ და განაცხადა, რომ ევროპელებს შესწევთ ძალა და უნარი, ყოველგვარი გარე ჩარევების გარეშე ჩამოაყალიბონ ის ტრაექტორია, რომელსაც საჭიროდ თვლიან.

„ევროპელებისთვის ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი იყო შეფასება, რომ ევროკავშირს ტრაექტორიის განვითარების შეცვლაში უნდა დაეხმაროს ამერიკის შეერთებული შტატები. ვფიქრობ, ევროპელებს თავისთავად შეწევთ ძალა და უნარი, ჩამოაყალიბონ, სხვათა შორის, სუვერენულად, ყოველგვარი ჩარევების გარეშე, ის ტრაექტორია, რომელსაც თვლიან საჭიროდ. ეს არის ამ 27 ქვეყნის გადასაწყვეტი თემა. ეს არ არის ევროპული ბიუროკრატიის თემა, იმიტომ რომ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს 27 სახელმწიფოს მეთაური,“ - აღნიშნა მან.

რაც შეეხება აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციას, რომ „ევროპის „ჩინოვნიკებს“ რუსეთი-უკრაინის ომთან დაკავშირებით არარეალისტური მოლოდინები აქვთ“ - ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ „ევროპას უნდა ომის ისეთი დასრულება, რომელიც გრძელვადიან მშვიდობას უზრუნველყოფს“.

მისივე თქმით, რეალურად, დღეს ნატოს მიზნებს ევროპაში უკრაინა ახორციელებს, რადგან ევროპას უკრაინის ჯარი იცავს.

„ეს სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს ევროპის კონტინენტზე და ეს წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სრულიად ევროპისთვის. ამიტომ ევროპას არ უნდა მხოლოდ ომის დასრულება, ევროპას უნდა ომის ისეთი დასრულება, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან მშვიდობას, სტაბილურობას და უზრუნველყოფს პირობებს, როდესაც რუსეთს არ შეექმნება მოტივაცია, რომ განახორციელოს შემდგომი თავდასხმა ან უკრაინაზე, ან სხვა ევროპულ ქვეყანაზე. ამაშია განსხვავება ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციისა და ევროკავშირის მიდგომებს შორის,“ - განაცხადა დიპლომატმა.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა