საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს „ჰოლიდეი ინნ თბილისის“ წარმომადგენლებმა ვორქშოფი ჩაუტარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებელთა უშუალო ჩართულობით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისის“ (Holiday Inn Tbilisi) წარმომადგენლებმა ვოქრშოფი ჩაუტარეს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ვორქშოფი, რომლის მიზანიც უნივერსიტეტში მასპინძლობის ინდუსტრიის კურსის შესწავლისას მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა და დედაქალაქის ერთ-ერთი მსხვილი სასტუმრო კომპლექსის სპეციფიკის ადგილზე გაცნობა იყო, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით და სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია „ჰოლიდეი ინნ თბილისის“ ბრენდის ისტორიის, სასტუმროს განვითარებისა და საერთაშორისო ქსელში მისი პოზიციონირების შესახებ. სასტუმროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს დეტალურად განუმარტეს სტუმარმასპინძლობის სფეროში მოქმედი ოპერაციული მექანიზმები, მომსახურების სტანდარტები და ამის მიღმა არსებული სამუშაო პროცესები. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ სიღრმისეულად გაეანალიზებინათ ბაზრის ის სეგმენტი, რომლის მოთხოვნებსა და საჭიროებებზეც არის ორიენტირებული სასტუმროს საქმიანობა.

გარდა ამისა, ვორქშოფის ფარგლებში სტუდენტები ადგილზე გაეცნენ ნომერთა ფონდს, დაათვალიერეს სხვადასხვა კატეგორიის ოთახები და შეაფასეს მათი შიდა სტრუქტურა, მომსახურების ელემენტები და ფასწარმოქმნის სპეციფიკა; მიიღეს ინფორმაცია სასტუმროს მარკეტინგული სტრატეგიების, ლოიალობის პროგრამებისა და ბრენდის სარეკლამო აქტივობების შესახებ. ახალგაზრდებმა განსაკუთრებული ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია საკადრო პოლიტიკის, თანამშრომელთა შერჩევისა და სასტუმროს განვითარების შესაძლებლობების შესახებ, ასევე, გაეცნენ ინდუსტრიაში კარიერული ზრდის პერსპექტივებსა და აქტიურ ვაკანსიებს.

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, პროფესორ თამარ ქობლიანიძის თქმით, მსგავსი საგანმანათლებლო-პრაქტიკული აქტივობები სტუდენტებისთვის არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავების, არამედ პროფესიული მზაობის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეალურ სამუშაო გარემოსთან უშუალო შეხება ხელს უწყობს ახალგაზრდებში პროფესიული ხედვის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მათ მოტივაციასა და პრაქტიკულ უნარებს, ასევე, ეხმარება მათ გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი, უკეთ შეაფასონ შესაძლებლობები და მოემზადონ მომავალი კარიერული გამოწვევებისთვის.

როგორც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი ამოცანაა სტუდენტებს ქმედითი მხარდაჭერა აღმოუჩინოს კარიერული განვითარების მიმართულებით, სხვადასხვა ინდუსტრიებთან პარტნიორობის გზით დააკავშიროს ახალგაზრდები კომპანიებთან, ორგანიზაციებთან, სადაც შესაძლებელი გახდება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა. მისი თქმით, უნივერსიტეტსა და ინდუსტრიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე სტუდენტი ვერ შეიძენს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც აუცილებელია დასაქმებისა და კარიერული ზრდისთვის, ასევე, აღნიშნული თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია დარგობრივი ეკონომიკისა და ბიზნესსექტორის განვითარება. ნატო ქათამაძის განმარტებით, ინდუსტრიასთან კოოპერაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია იმდენად, რამდენადაც ეს ქმნის მდგრად საგანმანათლებლო გარემოს, სადაც თეორია და პრაქტიკა ერთმანეთთან ორგანულადაა დაკავშირებული.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა