ყველა ბრალდებული ინდივიდუალურად აგებს პასუხს საკუთარი დანაშაულისთვის და თითოეულ მათგანს თუ აქვს სურვილი, მათ შორის მურთაზ ზოდელავასაც შეუძლია მოგვმართოს თხოვნით საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულთა პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ერთ-ერთი ბრალდებული პოლიტიკოსის, მურთაზ ზოდელავას მიმართვას.
როგორც სხდომის დასრულების შემდგომ პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარეს უფლება აქვს პროკურატურას ოფიციალური განცხადებით მიმართოს, რასაც თავისი პროცედურები აქვს.
„ამას თავისი პროცედურები აქვს, შესაბამისად, თუ რომელიმე ბრალდებულს სურვილი აქვს აწარმოოს მოლაპარაკებები ბრალდების მხარესთან, ეს ძალიან კარგად იციან მათმა ადვოკატებმაც, რა ფორმით შეიძლება მოგვმართონ. ყველა ბრალდებულს ბრალდება წარდგენილი აქვს ინდივიდუალურად ჩადენილი დანაშაულისთვის, შესაბამისად, ყველა ბრალდებული პასუხს აგებს მის ქმედებასა და დანაშაულზე. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, თუ ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სურს საპროცესო შეთანხმება, შეუძლია მოგვმართოს აღნიშნულთან დაკავშირებით. ყველა ბრალდებული ინდივიდუალურად აგებს პასუხს საკუთარი დანაშაულისთვის და თითოეულ მათგანს თუ აქვს სურვილი, ყველას უკლებლივ, მათ შორის მურთაზ ზოდელავასაც შეუძლია მოგვმართოს თხოვნით საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.
პროკურორის თქმით, სისხლის სამართლის საქმე ათეულობით ტომად არის წარმოდგენილი, საქმეში არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის ვიდეო-მტკიცებულება, „რაც მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი თვალნათლივ ხედავს, როგორ ახორციელებს პირი ამა თუ იმ დანაშაულს“. ბეჟუაშვილის განმარტებით, ასევე, საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც ნამდვილად დაადასტურებს ბრალდებულთა მხრიდან ჩადენილ ქმედებებს.
ამასთან, კითხვაზე, დაადგინა თუ არა რამე ბრალდების მხარემ 4 ოქტომბრის აქციის თაობაზე ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის ჩანაწერის შესახებ, პროკურორი პასუხობს, რომ გამოძიება გრძელდება ამ მიმართულებით და დამატებით რა დეტალებიც გახდება ცნობილი, საზოგადოებას ეცნობება.
„მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, ამ ეტაპზე, ამ საკითხზე არ ვმსჯელობთ. როგორც კი დამატებით რაიმე სახის სიახლე გვექნება აუცილებლად თქვენც და საზოგადოებაც გაიგებს.[დიახ, ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი], პასუხი როცა გვეცოდინება, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები როცა იქნება მოპოვებული აუცილებლად შეგატყობინებთ”,-განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულთაგან ერთ-ერთმა, პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ სასამართლო სხდომაზე განაცხადადა, რომ მზად არის ყველა მუხლი საკუთარ თავზე აიღოს, ოღონდ პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმოს იმ ბრალდებულებს, რომლებიც „ამ საქმეში პატიოსნები არიან“.
„მზად ვარ, ყველა მუხლი ჩემს თავზე ავიღო, თუ გინდათ, კიდევ დაამატეთ, ოღონდ პროკურატურამ ლმობიერება გამოიჩინოს ამ საქმეში პატიოსანი ადამიანების მიმართ - გთხოვთ, მათთვის საპროცესო შეთანხმება გახადოთ ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ზოდელავამ.