პროკურატურა - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, თანასწორობის უზრუნველყოფისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები ოცზე მეტ ქალაქსა და სოფელში გაიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით, სპეციალიზებულმა პროკურორებმა კამპანიის ფარგლებში 40-ამდე ღონისძიება გამართეს და შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, ძალადობის მსხვერპლ ქალებს, შშმ პირებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მანდატურებს და სტუდენტებს.

„სპეციალიზებულმა პროკურორებმა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოს სამ ქალაქში სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ბენეფიციარებთან შეხვედრები გამართეს და მსხვერპლებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადებული საინფორმაციო ბროშურები გადასცეს.

კამპანიის ფარგლებში, შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, შეხვედრა გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს, ასევე შშმ თემის წარმომადგენლებთან.

ასევე, მანდატურის სამსახურთან თანამშრომლობით, საქართველოს ოთხ ქალაქში მანდატურებთან, სოციალურ მუშაკებთან და ფსიქოლოგებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.

შეხვედრებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე, სხვადასხვა რეგიონში 15-ზე მეტი სკოლის მოსწავლეებთან და 4 სახელმწიფო უნივერსიტეტის-გორის, ზუგდიდისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას, პროკურორებმა ყურადღება გაამახვილეს ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, ფემიციდის პრევენციასა და საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრის მნიშვნელობაზე.

16-დღიანი გლობალური კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბრამდე გაგრძელდა. მისი მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ოჯახური დანაშაულების პრევენციაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა პრევენციულ ღონისძიებებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა