საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, საგანმანათლებლო და კვლევით სფეროში გამორჩეულ თანამშრომლებს საპატიო ჯილდოები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, სტუ-ის ოქროს მედლით დაჯილდოვდა მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე მოქმედი სასწავლო-კვლევითი ბაზის მეცნიერ-კოორდინატორი, პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია, რომლის წვლილი სამთო მეცნიერებების, თანამედროვე კვლევებისა და ფაკულტეტზე ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელების განვითარებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, წარმატებული სამეცნიერო მოღვაწეობისა და უნივერსიტეტის კვლევითი მიმართულებების გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სტუ-ის საპატიო დიპლომები გადაეცათ: აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს ედიშერ კვესიტაძეს, ხოლო სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მოწვეულ პროფესორს სერგო კარიბოვს, პროფესიული საქმიანობისა და სტუდენტთა საინჟინრო განათლების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.
როგორც სტუ-ის რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, უნივერსიტეტის მხრიდან იმ მეცნიერ-მკვლევართა მხარდაჭერა და შეფასება, რომლებიც უნივერსიტეტის ადგილობრივი თუ საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას უწყობს ხელს, უაღრესად მნიშვნელოვანია - მათი ღვაწლის აღიარება აკადემიური და კვლევითი კულტურის გამყარებას ემსახურება და ამავდროულად, ინსტიტუციის განვითარების მოდელს კიდევ უფრო გამჭვირვალესა და სტაბილურს ხდის.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის ეყრდნობოდა იმ ადამიანების დაუღალავ შრომას, რომლებმაც მეცნიერების, განათლებისა და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტი შექმნეს. დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეული ღვაწლმოსილი მეცნიერის, პროფესორისა და მკვლევრის შრომის დაფასებას, რაც არა მხოლოდ მათი პირადი დამსახურების ღირსეული აღიარებაა, არამედ ძალზე მნიშვნელოვანი გზავნილია საუნივერსიტეტო საზოგადოებისგან: რომ ცოდნა, ერთგულება, პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება ჩვენი უმთავრესი ღირებულებებია. ჩვენი ვალია, პატივი ვცეთ იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც უნივერსიტეტის განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი ეფექტიანი პოზიციონირებისთვის მყარი საფუძველი შექმნეს. სწორედ ასეთი პიროვნებები განსაზღვრავენ ინსტიტუციის რეალურ ძალას, მის აკადემიურ და სამეცნიერო ავტორიტეტს და მომავალს“, - განაცხადა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, 2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო - სტუ-ის „ოქროს მედალი” გაიცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის - რექტორის წარდგინების საფუძველზე და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. აღნიშნული ჯილდო, დაარსებიდან დღემდე, 70-ზე მეტ მეცნიერ-მკვლევარს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.