ეს არის ის რეჟიმი, რომელიც მართლაც არის გარეული კრიმინალურ აქტებში საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „ალდეს“ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განმარტებით, „ალდემ“ძალიან მკაფიო პასუხი გასცა ხელისუფლებას და „მიუჩინა საკუთარი ადგილი პრორუსულ, ჰიბრიდულ, ტერორისტულ რეჟიმს“.
„ალდემ “ დღეს კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ის ქმედებები, რაც ალეკო ელისაშვილმა განახორციელა, მაგრამ ამავდროულად, ამ რეჟიმს არაფერი სალაპარაკო არ აქვს ამ ტიპის ქმედებებთან და ნამდვილ ტერორიზმთან დაკავშირებით, რადგან ეს არის რეჟიმი, რომელიც მაღალი ალბათობით საკუთარ მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს და ხანდაზმულებს წამლავდა. ამაზე საუბრობს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო გამოძიება. ამიტომ, ვფიქრობ, „ალდეს“ პასუხი არის მრავლისმთქმელი და ძალიან კარგად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ პარანოიულ ბოდვებს საერთაშორისო, ცივილიზებული თანამეგობრობა ძალიან დიდი ირონიით და დაცინვით პასუხობს. ეს არის ის რეჟიმი, რომელიც მართლაც არის გარეული კრიმინალურ აქტებში საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. რაც შეეხება „ალდეს“ ამბავს, ვფიქრობ, ეს ამბავი არის ამოწურული. ალეკო ელისაშვილი არასდროს ყოფილა „ლელოს“ წევრი და მითუმეტეს, არც „ალდეს“ წევრი. ამიტომ, საპასუხო არავისთან გააჩნია. თუმცა, რადგან ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით ამ ისტერიულ კამპანიას, რომელსაც კობახიძე და პაპუაშვილი ედგნენ სათავეში, „ალდემ“ ინება და მათ გასცა 3- ხაზიანი ძალიან მკაფიო პასუხი, რომლითაც მიუჩინა საკუთარი ადგილი პრორუსულ, ჰიბრიდულ ტერორისტულ რეჟიმს“,- განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ ALDE Party-იმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ის „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის, ალეკო ელისაშვილის ქმედებებს არ ამართლებს. „რა თქმა უნდა, ALDE ამ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად ნათელია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას“, - წერს ALDE სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ „ალდეს“ „მხრიდან რეაქცია არ არის“.