ეს NGO სისტემა, რომელიც თავს მოახვიეს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს, არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი დაეთანხმა SpaceX-ის დამფუძნებელს, ილონ მასკს რომლის თქმითაც, „არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროკრატია აკონტროლებს ევროპას, რაც მოსახლეობას დემოკრატიას ართმევს“.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებით ხალხის ჩანაცვლების მცდელობის ოპერაცია, საბოლოოდ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იქნა მხილებული.
„ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, ვინაიდან ეს იყო მცდელობა, რომ საზოგადოება ჩაენაცვლებინათ მათ მიერ კონტროლირებადი, მათი ინტერესების გამტარებელი მცირე ლობისტური ჯგუფებით. ამაზე საუბრობს ზუსტად ილონ მასკი, როდესაც ამბობს, რომ დღეს, NGO-ები მართავენ ევროპასაც, რომ უმცირესობები, ინტერეს ჯგუფები, რომლებიც არიან გარკვეული მცირე ელიტისტური ჯგუფები, მართავენ ევროპას. ამაზე ჩვენ რა ხანია ვსაუბრობდით და მნიშვნელოვანია, რომ დღეს ამერიკიდან გაისმა ეს ხმა. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ის ოპერაცია, რაც წლების განმავლობაში ტარდებოდა, როდესაც იყო მცდელობა, რომ ხალხი ჩაენაცვლებინათ NGO-ებით, საბოლოოდ იქნა მხილებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. მათ შორის, USAID-ის დაფინანსება, ყველა ეს დაფინანსება ამიტომ ჩახსნეს, რომ მხილებულ იქნა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი საზოგადოების საპირწონედ. რასაც ამბობს ილონ მასკი ზუსტად ეს არის, რომ NGO სისტემა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.