კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) სამეცნიერო კონფერენციას - „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ - უმასპინძლეს. იგი წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელმაც არაერთ კვლევით ნაშრომს მოუყარა თავი. ღონისძიება, დარგის ექსპერტების მონაწილეობით, პანელურ დისკუსიებსაც მოიცავდა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ორ სესიად წარიმართა. მასში პროფესორ-მასწავლებლებმა, მეცნიერებმა და სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა აუდიტორიას დარგობრივი კვლევის შედეგები გააცნეს.
კონფერენციაში სტუდენტების აქტიური ჩართულობა მიზნად კლიმატგონივრულ ჟურნალისტიკაში ინოვაციების დანერგვასა და ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.
„მედიის ჩართულობა კლიმატგონივრულ ამბის თხრობაში: აგრომეურნეობისა და აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივები“ - ეს იყო პლენარული დისკუსიის მთავარი თემა, რომელიც მეორე დღეს წარიმართა. მასში მონაწილეობა დარგობრივი ასოციაციების, აკადემიური სფეროსა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) საერთაშორისო მედიაკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. ნანუკა მეშველაშვილს, სამირა ბაირამოვას, ხაჩიკ დანიელიანსა და ანჟელა სტეფანიანს კლიმატის ცვლილების, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი განვითარების საკითხების ეფექტურად და შემოქმედებითად გაშუქებისათვის პრიზები გადაეცათ.
ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, კლიმატური ცვლილებებისა და გარემოსდაცვით საკითხებზე მედიის მხრიდან ინტერესი ძალიან მაღალია.
„წელს თავი მოვუყარეთ იმ საკითხებს, რაზეც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რამდენიმე წელია ვმუშაობთ. რეპორტინგისა და კომუნიკაციის მიმართულებით შევქმენით კლიმატური ცვლილებების გაშუქების სასწავლო მოდელი. გვაქვს სამენოვანი გამოცემა. ჩვენს სამიზნე აუდიტორიას ფერმერები წარმოადგენდნენ, რადგან კლიმატური ცვლილება მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. იცვლება აგროკალენდარიც. ძალან მნიშვნელოვანია, მათ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. გვსურს, სექტორს დავეხმაროთ. ჩვენი პარტნიორია „შვეიცარიის განვითარების სააგენტო“, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ძალიან ბევრი ბიზნესის მხარდამჭერია. კონფერენციაში 15 სამეცნიერო ნაშრომია წარმოდგენილი, თუმცა უფრო მეტი მივიღეთ. ყველაზე მეტად რამაც აღგვაფრთოვანა, არის საერთაშორისო ჟურნალისტური კონკურსი. სულ 100-მდე ნამუშევარი შემოვიდა. თითოეული ნომინანტის შექმნილი ჟურნალისტური ნაშრომი მოდულს დაემატება, რადგან მართლაც საოცარი მასალებია“, - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.
CIU-ს კანცლერის მრჩევლის აკადემიური მიმართულებით, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჭალაგანიძის განაცხადებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დიდი ხანია, ამ საკითხებითაა დაინტერესებული და აქტიურად მუშაობს.
„პირველი ნაბიჯი აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელო იყო, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოიცა. მას ორი ავტორი ჰყავს: პროფესორი ნათია კუპრაშვილი და მე. სახელმძღვანელო 5 ენაზე გამოიცა: ქართულად, ინგლისურად, რუსულად, სომხურად და აზერბაიჯანულად. სამხრეთ კავკასიიდან ჩვენს კოლეგებს კლიმატგონივრული კომუნიკაციის საკითხზე დიდი ინტერესი ჰქონდათ. მათ თავიანთ სასწავლო კურსებში იმპლემენტაცია სურდათ, რის გამოც ეს წიგნი ითარგმნა და სასწავლო პროცესში წარმატებით დაინერგა. გარდა ამისა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეზობლო აგროგილდიას მოეწერა ხელი. მესამე ნაბიჯი ეს მასშტაბური კონფერენცია გახლავთ. ღონისძიების დასკვნით ნაწილში დაჯილდოვდნენ პრაქტიკოსი ჟურნალისტები, რომლებმაც თავიანთი მედიაპროდუქტი წარმოადგინეს. მათ შორის არიან ფრილანსერები და სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები. გვსურდა გვენახა, რამდენად სწორად, ობიექტურად და სიღრმისეულად შუქდება ყველა ის საკითხი, რომელიც გვაწუხებს. ძალიან ინფორმაციული და საინტერესო სესიები ჩატარდა. შეირჩა საუკეთესო კვლევითი პროექტები და სწორედ ეს პროექტები წარადგინეს პროფესორები. ჩვენი მიზანია, აუდიტორიამდე პრობლემების მიტანის გზები დავსახოთ, რათა მომავალში საზოგადოებამ ბუნების მიმართ ქცევა შეცვალოს“, - განაცხადა ნინო ჭალაგანიძემ.
ALCP პროგრამის ხელმძღვანელის, ჰელენ ბრედბერის განცხადებით, გარემოს შესახებ ცოდნა და კლიმატთან ადაპტაციის საკითხების გაშუქება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს ჟურნალისტებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენელთა იმ ნაწილის შეხვედრაა, ვინც ათ წელზე მეტია სოფლის მეურნეობის გაშუქებაში მონაწილეობენ. ბოლო რამდენიმე წელიწადია, ფოკუსი კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებზე გადავიდა. აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრება, დიდწილად, სოფლის მეურნეობასა და ბუნებრივ რესურსებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მათთვის კლიმატთან ადაპტაციის საკითხების გაშუქება და გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. აგროთემებზე მსჯელობა და პროფესიული სტანდარტების დაცვით გაშუქება ფერმერული წარმოებისთვის არსებითი საკითხია. კლიმატის ექსტრემალური ცვლილება, შინაური ცხოველების დაავადებები და სხვა არაპროგნოზირებადი გარემოფაქტორები ჩვეულებრივ სამუშაოს ართულებს. მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს, როგორ გაუწიოს წინააღმდეგობა ამ პრობლემებს - მისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია და არსებული შესაძლებლობები შესაბამისად გამოიყენოს. აგროსექტორის წარმომადგენლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი მარტო არ არიან. სწორედ კომუნიკაციის გაღრმავებას, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას უნდა ემსახურებოდეს მედია“, - განაცხადა ჰელენ ბრედბერმა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და გამოცემის მიზანს აგროსაკითხების გაშუქების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, მედიაპარტნიორობის როლის განსაზღვრა, სოციო-ეკონომიკური შედეგების შეფასება, ხანგრძლივი რეგიონული კვლევებისა და საგანმანათლებლო ქსელის შექმნა წარმოადგენდა.