პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსს და ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსს და ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, გამორჩენის მიღების მიზნით, შუახევის რაიონში მცხოვრებ ოთხ მოქალაქეს უსაფუძვლოდ დააბრალა მისი კერძო საკუთრებიდან 4200 ლარის ღირებულების ხის მასალის ქურდობის ფაქტი, დაემუქრა დაჭერით და მოსთხოვა ზიანის ანაზღაურება. აღნიშნულმა პირებმა მუქარა რეალურად აღიქვეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეშივე ბრალდებულს მიუტანეს 4200 ლარის ღირებულების ხის მასალა. ასევე, ბრალდებული, შუახევის რაიონში უნებართვოდ აშენებდა სახლს და 2025 წლის სექტემბრიდან სისტემატურად, სამსახურებრივი ავტომანქანით მის დაქვემდებარებაში მყოფ ოთხ თანამშრომელს, ამუშავებდა ხის მასალის გადაზიდვასა და დალაგებაში მაშინ, რა დროსაც, ხსენებული პირები იმყოფებოდნენ მორიგე ცვლაში.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი კი, რომელიც ასევე უნებართვოდ აშენებდა სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ზე კოტეჯს, სხვადასხვა სამშენებლო და ხე-ტყის მასალის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის, სისტემატურად სარგებლობდა სამსახურებრივი ავტომანქანებითა და საწვავით. ასევე, აღნიშნულის განხორციელებას თანამდებობრივი ავტორიტეტის ბოროტად გამოყენებით ავალებდა მის დაქვემდებარებაში სამორიგეო ცვლაში მყოფ თანამშრომლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბრალდებულები 11 დეკემბერს დააკავეს. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია როგორც დახერხილი ხის მასალა ასევე მოჭრილი ხის მორები.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს