„იგლ ჰილსის" პროექტს არავითარი რისკები არ ახლავს, ეს არის რეალურად ქართული პროექტი, მისი განვითარება მოხდება საქართველოს კანონმდებლობით და მასთან შესაბამისი ყველა რეგულაციით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ამ მოცულობის ინვესტიცია უდიდესი ნდობის დემონსტრირებაა საქართველოს ეკონომიკისა და ქვეყნის სტაბილური, მდგრადი განვითარებისადმი.
„დიდი გავლენა იქონია საქართველოში არსებულმა სტაბილურობამ და მშვიდობამ, რაზეც ინვესტორი ღიად და საჯაროდ საუბრობს. ამან უკვე დაგვანახა, რომ ძალიან პოზიტიური გავლენა იქონია საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯზე და რეპუტაციაზე - ვხედავთ, თუ რამდენად გაიზარდა საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ყველა პროექტში და გამონაკლისი არც „იგლ ჰილსია", ხელისუფლების მამოძრავებელი ძალა ყოველთვის არის ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა, ამაზე მაღლა ვერცერთი ინვესტიცია ვერ დადგება.
„ბევრი მცდელობა არსებობს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ პროექტის ფარგლებში სახელმწიფოს არ აუღია არავითარი ფინანსური ვალდებულება, არ გაუცია არავითარი ფინანსური გარანტია და მათ შორის, მიუხედავად ინვესტიციის უპრეცედენტო მოცულობისა, საქართველოს ხელისუფლებას არ გაუცია რაიმე საგამონაკლისო პირობა ინვესტორისთვის და პროექტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის სპეკულაციები ხელშეკრულების არ გასაჯაროების თაობაზე, იმდენ უკვე დეტალზე ვსაუბრობთ გამჭვირვალედ, რომ ფაქტობრივად, ხელშეკრულების ყველა მთავარი კომპონენტი უკვე გასაჯაროებულია", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი განმარტავს, კომპანიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორს არ აქვს მიწის გასხვისების უფლება და ასევე არ არსებობს უკანონო მიგრაციის საფრთხე.
„საქართველო არის თანამესაკუთრე ჩვენი მიწის, რომელიც ჩვენთვის ძალიან ღირებულია. მინდა, საზოგადოებას მივმართო - არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომ ავყვეთ ასეთ სპეკულაციებს, თითქოსდა ქვეყანას ემუქრება ე.წ. არაბიზაცია, რომელიც სასაუბროდაც კი უხერხულია. გამორჩეულად ხისტი რეგულაციები და აღსრულების მექანიზმები გვაქვს ჩვენ ქვეყანაში უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით, არავითარ კავშირში არაა საკუთრების უფლების მოპოვება ბინადრობის მოპოვებასთან. არსებულ შეთანხმებაში არცერთი პუნქტი არ ითვალისწინებს ამ ნაწილში რაიმე საგამონაკლისო კომპონენტს. ჩვენი ხელისუფლება ამ ორ კომპონენტს არასდროს მიაბამს ერთმანეთთან. რაც ასევე მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროექტი თავის შინაარსით გულისხმობს მულტიფუნქციური სივრცეების განვითარებას და არა საცხოვრებელი სივრცეების განაშენიანებას მთელ 850 ჰექტარზე", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა „პირველი არხის“ ეთერში.
რაც შეეხება პროექტის ეკონომიკურ ღირებულებას, მინისტრის შეფასებით, მას უდიდესი გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკასა და ბიუჯეტზე.