მარიამ ქვრივიშვილი - 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს

2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება მზად, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტის განვითარების პირველი ფაზა 2029 წელს დასრულდება და ნავსადგური დაახლოებით 600,000 კონტეინერის მიღებას შეძლებს.

რაც შეეხება პორტის განვითარების მეორე ფაზას, მინისტრის ინფორმაციით, მისი დასრულება 2036 წლისთვისაა დაგეგმილი, რომლის დროსაც ანაკლიის ნავსადგურის გამტარუნარიანობა ფაქტობრივად გაორმაგდება და ის მილიონზე მეტი კონტეინერის მიღებასა და დამუშავებას შეძლებს.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავად დააფინანსოს მთავარი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც დღეს უკვე მიმდინარე პროცესშია. ის ასევე შეეხო მოლაპარაკებებს ჩინურ - სინგაპურულ კონსორციუმთან.

„ჩვენ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები კოსორციუმთან, რომელმაც განაცხადი შემოიტანა საჯარო ტენდერის პროცესში. დღეს სატენდერო პროცესი დასრულებული არ არის. გვაქვს რამდენიმე გამოკვეთილი საკითხი, რომლის გარშემოც კონსორციუმის მხარესთან მიდის დისკუსია და მსჯელობა, რომ ჩვენ, როგორც ყველა სხვა პროექტში, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. შეიძლება ითქვას, რომ პოზიციების შეჯერების პროცესში ვართ“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, საფუძვლიანი მოლოდინი არსებობს, რომ მოლაპარაკებების პროცესი მალე დასრულდება.

„ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ მოლაპარაკებების პროცესი მალე უნდა დასრულდეს და ასევე ის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული. დარწმუნებული ვარ ასევე, რომ ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებაში გაშვებას, რომელსაც ექნება უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის და მის ტრანზიტულ პოტენციალს გააძლიერებს," - განაცხადა მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე