სატრანსპორტო პოლიტიკა და ევროპული ინტეგრაცია

სატრანსპორტო პოლიტიკა, ევროკავშირში გაწევრების მე-4 კლასტერის (მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი მაკავშირებლები), მე-14 თავის ნაწილია. ევროკომისიამ, ევროკავშირის გაფართოების 2025 წლის პაკეტის ფარგლებში, გამოაქვეყნა კანდიდატი ქვეყნების პროგრესის ანგარიშები. საქართველოსთან მიმართებით აღნიშნულია შემდეგი:

  • ტრანსპორტის პოლიტიკის სფეროში, საქართველოს აქვს გარკვეული მომზადების დონე. საანგარიშო პერიოდში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული, განსაკუთრებით, სახიფათო ნივთების ტრანსპორტირების დირექტივასთან დაახლოებისა და სარკინიგზო ტრანსპორტისთვის ეროვნული ავარიების გამოძიების ორგანოს შექმნის მიმართულებით. საზღვაო „ერთიანი ფანჯრის“ სისტემა ამჟამად სრულად ფუნქციონირებს. საქართველოს ესაჭიროება დამატებითი ძალისხმევა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით, რათა შემცირდეს საგზაო შემთხვევებისა და დაღუპვის მაღალი მაჩვენებლები.
  • ზოგადი სატრანსპორტო პოლიტიკის მხრივ, ქვეყნის ეროვნული სატრანსპორტო სტრატეგია ძალაშია. ანგარიშგების პერიოდში მიღებული იქნა 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა.
  • საგზაო ტრანსპორტის ნაწილში, საგზაო უსაფრთხოება წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას, რადგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე უფრო მაღალია. 2024 წელს დაფიქსირდა 5 866 ავარია 444 დაღუპულით (2013 წელთან შედარებით: 5 594 ავარია და 442 დაღუპული). 2025 წლის პირველ ნახევარში საგზაო შემთხვევების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. საქართველოს კანონმდებლობა სრულად არ შეესაბამება სატრანსპორტო სფეროში ევროკავშირის სოციალური კანონმდებლობის ძირითად სტანდარტებს, მათ შორის, მძღოლების მართვისა და დასვენების დროის ნაწილში.
  • საშიში ტვირთების გადაზიდვების სფეროში, 2025 წლის იანვარში მიღებულ იქნა გზისპირა შემოწმების წესები და დარღვევათა ხარისხის განსაზღვრის პროცედურები. შემოწმებები მიზნად ისახავს საშიში ტვირთების ტრანსპორტირების წესებთან და მძღოლის სამუშაოსა და დასვენების რეჟიმთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.
  • საქართველო დაიწყო ტრანსპორტის სექტორზე გავრცელებული გარემოს დაცვის კანონმდებლობის (environmental acquis) თანხვედრის პროცესი.
  • სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებით, 2025 წლის იანვარში შეიქმნა სატრანსპორტო უსაფრთხოების საგამოძიებო ბიურო, რომელიც მოქმედებს როგორც ეროვნული ავარიების გამომძიებელი ორგანო. ასევე 2025 წლის იანვარში დამტკიცდა სარკინიგზო უსაფრთხოების წესები, რომლებიც სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ექსპლუატაციისთვის მოთხოვნად აქცევს მისაწვდომი გზების მფლობელების უსაფრთხოების ავტორიზაციის მიღებას. საშიში ტვირთვის გადაზიდვის, მატარებლის მემანქანეების სერტიფიცირების, სარკინიგზო სისტემის ინტერპერაბელურობისა და სარკინიგზო უსაფრთხოების სამართლებრივი ჩარჩო ნაწილობრივ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. ანგარიშგების პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა.
  • საზღვაო ტრანსპორტის მიმართულებით, 2024 წლის ოქტომბრიდან საზღვაო „ერთიანი ფანჯრის“ სისტემა ყველა პორტში ფუნქციონირებს. 2024 წლის ნოემბერში დამატებით იქნა მიღებული საიმპლემენტაციო კანონმდებლობა, რომელიც „ერთიანი ფანჯრის“ სისტემაში მომხმარებელთა რეგისტრაციისა და ავტორიზაციის პროცედურებს განსაზღვრავს.
  • შიდა წყლების ტრანსპორტის მიმართულებით, მთავრობამ მიიღო რამდენიმე ძირითადი საკანონმდებლო აქტი, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების, რეგისტრაციისა და შემოწმების წესების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, სექტორში რეგულირების ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ფარგლებში შეიქმნა შიდა წყლების ტრანსპორტის დეპარტამენტი.
  • სამოქალაქო ავიაციისა და მრავალმოდალურ ტრანსპორტის მიმართულებით პროგრესი არ დაფიქსირებულა. საქართველო კვლავ არ შეესაბამება ევროკავშირის გაერთიანებული ტრანსპორტის დირექტივას.

ტრანსპორტის პოლიტიკის სფეროში ვალდებულებები, დეტალურად და ვიწროდ ასახულია ასოცირების შეთანხმების IV (DCFTA) და VI კარებში. იგი დაყოფილია ოთხ ნაწილად: სახმელეთო ტრანსპორტი, საჰაერო ტრანსპორტი, საზღვაო ტრანსპორტი და სარკინიგზო ტრანსპორტი. ტრანსპორტის სფეროში კონკრეტული ევროკავშირის სტანდარტები (დირექტივები და რეგულაციები), რისი შესრულების ვალდებულებაც აიღო საქართველომ, გაწერილია ასოცირების შეთანხმების XXIV და XV-D დანართებში.

ასოცირების შეთანხმებით, 2014 წელს, საქართველო და ევროკავშირი [მხარეები] შეთანხმდნენ შემდეგზე:

  • გააფართოებენ და გააძლიერებენ თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში, რათა ხელი შეუწყონ მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას;
  • წაახალისებენ ტრანსპორტის ეფექტიან და უსაფრთხო მუშაობას, ასევე სატრანსპორტო სისტემების ინტერმოდალურობასა და ურთიერთთავსებადობას; და
  • გამოიჩენენ ძალისხმევას, რომ გააძლიერონ თავიანთ ტერიტორიებს შორის ძირითადი სატრანსპორტო კავშირები.

ასოცირების შეთანხმების თანახმად, უნდა მიღწეულიყო შემდეგი მიზნები:

  • მგზავრთა და საქონლის გადაადგილების გაუმჯობესება;
  • საქართველოს, ევროკავშირსა და რეგიონის მესამე ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ნაკადების ზრდა ადმინისტრაციული, ტექნიკური და სხვა ბარიერების მოხსნის გზით, სატრანსპორტო ქსელის დახვეწისა და ინფრასტრუქტურის განახლების მეშვეობით, კერძოდ, - მხარეთა დამაკავშირებელ მთავარ სატრანსპორტო ქსელებში.
  • რეგიონულ დონეზე, ყურადღების გამახვილება და ინტეგრირებული პროგრესი სხვადასხვა რეგიონული სატრანსპორტო თანამშრომლობის სქემის ფარგლებში, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის სატრანსპორტო პანელი, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი (TRACECA), ბაქოს პროცესი და სხვა სატრანსპორტო ინიციატივები.

ევროკავშირი მუდმივად გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში. ევროპული საინვესტიციო ბანკს (EIB) საქართველოსთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სატრანსპორტო კავშირების განვითარების მიმართულებით. მისი ჩართულობა, დაახლოებით, მოიცავს 1 მილიარდ ევროს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარებაში. EIB-ის სესხები სრულად გარანტირებულია ევროკავშირის მიერ, რის გამოც უზრუნველყოფილია განსაკუთრებული ხელსაყრელი პირობები საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ. გლობალური კარიბჭის ფორუმის ფარგლებში, 2023 წელს, ევროკავშირმა და EIB-მა საქართველოსთვის დამატებით 16 მილიონი ევროს მოცულობის გრანტი გამოაცხადეს, გზების უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მარშრუტებზე კავშირის განმტკიცების მიზნით.

აქვე ინფორმაციისთვის: E60 გზა, რომელზეც ყოველდღიურად ათიათასობით საქართველოს მოქალაქე გადაადგილდება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და პირიქით, წარმოადგენს მასშტაბურ ტრანსკონტინენტურ მარშრუტს საფრანგეთიდან ჩინეთამდე. E60 ევროპული ტრანზიტული გზის განუყოფელი ნაწილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, რომელიც განსაკუთრებით ფუნდამენტურია საქართველოსათვის, როგორც TRACECA კორიდორის ძირითადი ნაწილი. აღნიშნულის განვითარება კი განხორციელდა ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და სხვა დონორების მიერ დაფინანსებული მასშტაბური მოდერნიზაციის პროექტების ფარგლებში. E60 გზა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი საქართველოსთვის უზრუნველყოფს შესაძლებელობას ვაჭრობისა და ინვესტიციების გაძლიერების სფეროში.

გამოყენებული წყაროები:

https://enlargement.ec.europa.eu/georgia-report-2025_en

https://enlargement.ec.europa.eu/news/2025-enlargement-package-shows-progress-towards-eu-membership-key-enlargement-partners-2025-11-04_en

https://matsne.gov.ge/document/view/2496959?publication=0

https://eu4georgia.eu/georgia-another-milestone-for-the-eibs-continuous-support-for-the-development-of-the-east-west-highway/

https://bankwatch.org/story/promise-and-perils-of-georgias-east-west-highway-project

/მასალა მოამზადა ასოციაციამ „შეკი“ (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში „ევროპული ინტეგრაციის დაიჯესტი“/

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ