ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025

გიორგი მელაშვილი - “რა კანონებიც არ უნდა მიიღონ, საპროტესტო განწყობები არ გაქრება...”

“დასავლეთი “ქართულ ოცნებას” ვერ გამოიჭერს - რუსეთმა შავი ხვრელი იპოვა აფხაზეთის სახით”

ლევან ცუცქირიძე - “რუსების დაკრულზე ქართულად ცეკვა შეუძლებელია”

* * *

გიორგი მელაშვილი - “რა კანონებიც არ უნდა მიიღონ, საპროტესტო განწყობები არ გაქრება...”

“ქართული ოცნების” პრემიერის ჩასვლა თურქმენეთის ნეიტრალიტეტისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიმბოლური გზავნილია, როგორც საქართველოსთვის, ისე მის საზღვრებს გარეთ იმის თაობაზე, რომ “ოცნება” მზად არის დაამყაროს ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და წლების განმავლობაში რუსული აგრესიისგან თავის დაცვა უზარმაზარ ფასად - უამრავი ადამიანის სიცოცხლედ დაგვიჯდა... აქამდე “ქართული ოცნება” ერიდებოდა პუტინთან ერთად გამოჩენას, ახლაც შეიძლებოდა ამის თავიდან არიდება. მე არ ვამბობ, რომ არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ შეიძლებოდა უფრო დაბალი რანგით ვყოფილიყავით წარმოდგენილი, მაგალითად, დელეგაციით საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, მაგრამ “ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი ჩასულიყო აშხაბადში. მოკლედ რომ ვთქვათ, მიზანმიმართულად წავიდნენ ამაზე”, - აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რა კანონებიც არ უნდა მიიღონ, საპროტესტო განწყობები არ გაქრება...”

“ცოტა პარადოქსულია, რომ “ქართული ოცნება”, რომელსაც გაფუჭებული აქვს ურთიერთობა ევროკავშირთან და ამასთანვე, ვერაფრით ახერხებს ტრამპის ადმინისტრაციასთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას, ფაქტობრივად, იმავე პრობლემის წინაშეა რუსეთთანაც. მიუხედავად აქტიური მცდელობებისა, მიუხედავად ოკუპანტის მიერ ეკონომიკური ექსპანსიისა და რუსი ე.წ. ტურისტებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნისა, ჯერჯერობით ვერ ახერხებენ რუსეთთან მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და გაჭედილი არიან ივანიშვილის რუსულ პროექტში. ფაქტობრივად, ჩვენ დღეს მივიღეთ სრული საგარეო პოლიტიკური იზოლაცია ყველა მიმართულებით - დასავლეთი საერთოდ ამოღებული აქვთ საკომუნიკაციო სივრციდან. რჩებათ რუსეთი, თუმცა დღემდე ვერ შეძლეს კრემლის მაღალი ეშელონების ყურადღების სათანადოდ მიქცევა და როგორც ჩანს, აშხაბადში სცადეს კრემლთან პირდაპირი ურთიერთობა, რამდენად მოახერხეს ეს, გაიმართა, თუ არა კულისებს მიღმა შეხვედრა, ამას ჯერ ვერ გავიგებთ, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ვფიქრობ, აუცილებლად გამოჩნდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მელაშვილი.

“ამ ეტაპზე ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ “ქართულ ოცნებას” არ ეპატიჟებიან ევროკავშირისა და აშშ-ის ინვესტირებულ პროექტებში, რომელიც შეეხება ცენტრალურ აზიასა და კავკასიას. მიუხედავად ამისა, წელს მესამედ ჩავიდნენ ცენტრალურ აზიაში, რათა როგორმე გაარღვიონ ეს იზოლაცია, რომელშიც თვითონ ჩაიგდეს თავი, და თურქმენული რეჟიმის გამოყენებასაც კი ცდილობენ საკუთარი საგარეო-პოლიტიკური ლეგიტიმაციისთვის, თუმცა ესეც დიდად არ გამოსდით... რაც შეეხება ვოლსკის განცხადებას, საქართველოს ბედი ცენტრალურ აზიაში ბოლოს თემურ-ლენგის დროს გადაწყდა და მეეჭვება ამით ვინმე იყოს კმაყოფილი. საქართველოს ხვალინდელი დღე უნდა გადაწყდეს საქართველოში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე. ცოტა არ იყოს, სარკასტულია, რომ “ქართული ოცნება”, რომელიც თავს დებს სუვერენიტეტის დაცვაზე, ეროვნულობაზე, ახლა გვეუბნება, რომ თურმე ჩვენი ხვალინდელი დღე სხვაგან უნდა გადაწყდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ცენტრალური აზია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რეგიონია იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეოპოლიტიკური ფუნქცია - ეს არის ევროპისა და აზიის დაკავშირება. განსაკუთრებით ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებით საქართველოს შენარჩუნებული აქვს დიდი სატრანზიტო როლი, მაგრამ ტრანზიტი მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ ორივე წერტილი - დასაწყისიც და დასასრულიც ერთდროულად მუშაობს. ამ ეტაპზე “ქართულმა ოცნებამ” გამოთიშა დასავლეთი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია ნორმალურად ვერ განხორციელდება. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ჩვენი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მცირდება, ხოლო იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც ახლა მიმდინარეობს სომხეთ-აზერბაიჯანსა და სომხეთ-თურქეთს შორის, გვაჩვენებს, რომ შუა დერეფნის სამხრეთი განშტოება, რაც გადის სომხეთზე და არა საქართველოზე, მალე ამოქმედდება, რის პარალელურადაც შემცირდება ჩვენი გეოპოლიტიკური როლი. ერთადერთი, რითაც შეგვეძლო კონკურენტული უპირატესობის მოპოვება, იყო ანაკლიის პორტი, რომელიც არ აშენებულა” - ამბობს ანალიტიკოსი.

“ოცნება" კარგა ხანია ცდილობს დრაკონული, არაჰუმანური კანონების მიღებას, მაგრამ ამის მიუხედავად, ვერ შეძლო რუსთაველზე პროტესტის ჩახშობა. თვალსაჩინოა, რომ მათი ელექტორალური მხარდაჭერა მკვეთრად არის შემცირებული. აქედან გამომდინარე, რა კანონიც არ უნდა მიიღონ, წინააღმდეგობა აშკარად გაგრძელდება, ეს საპროტესტო განწყობები არ გაქრება. “ოცნება” ამას მშვენივრად ხვდება, ამიტომ ნერვიულობენ და იღებენ ამ შემზღუდავ კანონებს, რაც სრულიად ჯდება ავტორიტარული მმართველობის ლოგიკაში. თუმცა მე მჯერა, რომ სრული ავტორიტარიზმის დამყარება საქართველოში ვერ მოხერხდება. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ამ ხნის განმავლობაში, ათასგვარი შეზღუდვის მიუხედავად, პროტესტის ჩახშობა ვერ მოახერხეს... უკვე კარგა ხანია პოლიტიკის ანალიტიკოსები ვამბობთ, რომ ოპოზიცია უნდა მოქმედებდეს ერთიანი სტრატეგიული გეგმით. ეს არ უნდა გაიგოს ვინმემ როგორც ერთ ბლოკად ან ერთ პარტიად გაერთიანება. ეს უნდა იყოს ერთობა, რომლითაც ოპოზიცია აჩვენებდა საზოგადოებას, რომ მას შეუძლია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინტერესების გამო ერთობლივად მუშაობა. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში ეს ვერ მოხერხდა”, - დაასკვნის გიორგი მელაშვილი.

“დასავლეთი “ქართულ ოცნებას” ვერ გამოიჭერს - რუსეთმა შავი ხვრელი იპოვა აფხაზეთის სახით”

“ენგურის ხიდთან სატვირთო ტერმინალის აშენება დასრულებულია, დარჩა მხოლოდ ტექნიკური აღჭურვა. გალის ტერმინალის შესახებ აფხაზები საჯაროდ პირველად ლაპარაკობენ. როგორც რუსულ გამოცემა “სპუტნიკთან” ტრანზიტულ-ლოჯისტიკური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ასტამურ ახსალბამ განაცხადა, საბაჟო ტერმინალის მშენებლობა წლების წინ დაიწყო, თუმცა ინფორმაციის დამალვამ მოუწიათ გეოპოლიტიკური ვითარების გამო, რათა რუსეთისთვის “სასიცოცხლოდ აუცილებელი” პროექტი დაუბრკოლებლად განხორციელებულიყო. ახსალბა აცხადებს, რომ სატრანზიტო მარშრუტის პერსპექტივები რუსეთში უკვე განიხილება მესამე ქვეყნების წარმომადგენლებთან და სატრანზიტო დერეფნით ისარგებლებენ, მათ შორის ირანი, ინდოეთი და აზერბაიჯანი. მისი თქმით, პროექტის განხორციელებას ექნება სირთულეები, რადგან მესამე ქვეყნები წააწყდებიან იურიდიულ და საბაჟო ბარიერებს აფხაზეთის სტატუსის გამო. თუმცა ამაზე რუსეთის დახმარებით მუშაობენ. ახალი დერეფნის საშუალებით აფხაზეთში წარმოებული პროდუქცია თანდათან შეძლებს საგარეო ბაზრებზე გასვლას”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით ხმაურიანი „ჩუმი“ პროექტი გალში.

“ჰაბი არ მოემსახურება ქართულ ტვირთებს, ქართულ სატრანსპორტო საშუალებებსა და ქართველ მძღოლებს: “ენგურს შესაძლოა მოადგნენ სატვირთო ავტომანქანები სომხური, თურქული, ირანული სანომრე ნიშნებით, რომელთა მძღოლებიც შესაძლოა იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ დერეფნით სარგებლობა ეკრძალებათ მძღოლებს საქართველოს მოქალაქის პასპორტით, ვიდრე არ დამყარდება კეთილმეზობლური ურთიერთობა - ღმერთმა ქნას, უახლოეს პერსპექტივაში, თუნდაც ძალის არგამოყენების შესახებ დოკუმენტის დონეზე~, - აცხადებს ახსალბა. ენგურის ხიდთან ტერმინალის მშენებლობის შესახებ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, გავრცელდა ფოტოც, თუმცა კომენტარს არ აკეთებდნენ არც თბილისში და არც სოხუმში. ოქტომბრის ბოლოს ტერმინალის მშენებლობის დასრულებაზე ინფორმაცია გავრცელდა დე ფაქტო სახელისუფლებო ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ამ თემას დიდი პოლემიკა მოჰყვა - უსაფრთხოა თუ არა აფხაზეთისთვის “მტერ საქართველოსთან” ტრანზიტული გზის გახსნა. ამ პოლემიკიდან მალევე სოხუმში აღიარეს, რომ ტერმინალი რუსების დაკვეთით და ფულით აშენდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა პოზიცია აქვს ოფიციალურ თბილისს გალის ტერმინალის მშენებლობაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: “ჩვენ არავითარ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ. აქედან გამომდინარე, ამაზე საუბარი ვერ იქნება. თავის დროზე, წინა ხელისუფლების დროს, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრებაზე. შეთანხმებით, შვეიცარიის შუამავლობით უნდა შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი შეჩერებულია. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი სპეკულაციაა”, - თქვა კობახიძემ. შეკითხვაზე, გაატარებენ თუ არა ტვირთებს, კობახიძემ განაცხადა: “არ გავატარებთ”. მისი თქმით, ძალაშია “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი და ამ მიმართულებით არავითარი ინიციატივა ხელისუფლებას არა აქვს. მოძრაობა “დევნილთა უფლებებისთვის” თავმჯდომარე ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ “წარმოუდგენელია, ამხელა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელებულიყო და ქართულ მხარესთან კონსულტაციები არ გამართულიყო”. ხოლო რეინტეგრაციის საკითხების ყოფილი სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, “ტვირთი საქართველოში შევა და აორთქლდება”

“საინტერესოა თვითონ აფხაზური მხარის განმარტება, რომ ყველა ისარგებლებს ამ ტერმინალით საქართველოს გარეშე. როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველო იცავს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების პირობებს და საქართველოს გარეშე როგორ მოხდება ტვირთების ტრანსპორტირება, გაუგებარია. მეორეც - თუ ეს ტერმინალი საქართველოსთვის არ არის განკუთვნილი, თუ ჩვენი ტვირთები არ წავა, ჩვენი სარგებელი არ იქნება, ჩვენ დავთანხმდებით ყველაფერ დანარჩენს?! ამის შესახებ საქართველოს მხარემ უნდა გააკეთოს ცხადი კომენტარი. ზოგადად, ტვირთების მოძრაობასა და ეკონომიკურ აქტივობაში პრობლემური და ტრაგიკული არაფერია, მთავარია პირობები და ის სამართლებრივი მექანიზმები, რომელთა საფუძველზე ეს ტრანზიტი უნდა განხორციელდეს. ცხადია, საუბარი არ არის შვეიცარიულ კომპანიაზე, რომელიც 2010 წელს რუსეთის მსო-ში გაწევრების სანაცვლოდ დადებულ ქართულ-რუსულ შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული - ეს ტერმინალი სულ სხვა რამეა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბენდიანიშვილი.

“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დააფიქსიროს არა ის, ძველი ხელისუფლების შეთანხმება რა იყო, არამედ ჩამოყალიბებული პოზიცია უნდა ჰქონდეს, აფხაზეთის გავლით ტრანზიტის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს. წარმოუდგენელია, ამხელა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელებულიყო და ჩვენს მხარესთან კონსულტაციები არ გამართულყო. ფაქტია, რომ გალში ტერმინალი ამოქმედდება, ამიტომ საჭიროა საზოგადოებას ჰქონდეს პასუხები, რა სამართლებრივი საფუძვლით, რა შეთანხმების საფუძველზე მოხდება სატვირთო მოძრაობები. ამხელა ფული დახარჯეს რუსებმა, ტერმინალი ააშენეს; პირდაპირ გამოკვეთილია რუსების ინტერესი ირანისა და სომხეთის მიმართულებით ტვირთების გადასაზიდად, ასევე ზანგეზურის დერეფნის გამოყენება, საიდანაც ირანიდან უნდა გატარდეს ტვირთები და ცხადია, ამხელა ინვესტიციები არ ჩაიდებოდა ტერმინალის მშენებლობაში წინასწარი არაფორმალური შეთანხმება რომ არ არსებობდეს. სხვათა შორის, ცხინვალში ინტენსიური საუბრები მიდის, რომ ცხინვალის გზეზე, ტრანსკავკასიური მაგისტრალიც შეიძლება გაიხსნას. საუბარია, რომ ერგნეთის ბაზრობის ტერიტორია იქნეს გამოყენებული მსგავსი ტერმინალის მოსაწყობად”, - დაასკვნის ბენდიანიშვილი.

“ეს ტერმინალი წმინდა წყლის ქართველებთან შეთანხმებული რუსულ-აფხაზური ვარიანტია და მას შვეიცარიელებთან არანაირი კავშირი არა აქვს. შვეიცარიელები იქ არსად ჩანან - თუმცა კობახიძე ტყუის, როცა ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” შვეიცარიელებთან ურთიერთობა არ ჰქონია. როდესაც აბაშიძე-კარასინის პროექტი იყო, ერთ-ერთი წამყვანი თემა შვეიცარიული კომპანიის საქმიანობის რეალიზაცია იყო. ამ კომპანიას როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ფინანსთა სამინისტრო უხდიდა საფასურს და ამ ინფორმაციის მოთხოვნაც შეიძლება იმის გასარკვევად, რა თანხას იხდის საქართველო დღემდე, ან როდის შეწყდა საფასურის გადახდა, თუკი შეწყდა. ტერმინალის დანიშნულება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლით ტვირთების დაფასოებაა: საქართველოს გავლით უცხოეთიდან წამოსული ტვირთები, თურქეთიდან, სომხეთიდან, ირანიდან შევა ჯერ გალში და შემდეგ რუსეთში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“რუსეთს ტვირთების გატანა ირანიდან კასპიის ზღვით შეუძლია, თუმცა აფხაზეთის ტერიტორიას ის უპირატესობა აქვს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და შესაბამისად, აფხაზეთში გადასული ტვირთი არ განბაჟდება და არ გაფორმდება. მოხდება ისე, როგორც ხდება, მაგალითად, ტვირთების სამეგრელოში თუ კახეთში შეტანისას: ჩაიწერება, რომ ტვირთი შევიდა გალში და იქ “გაქრება”. ჩაიწერება, რომ საქართველო იყო მისი საბოლოო მისამართი, გადმოიტვირთება საქართველოში და ყველა იქნება ბედნიერი. ეს გათვლა აქვს რუსულ-თურქულ-ქართულ ანტისანქციურ გააზრებას. ტვირთი შევა გალის ტერმინალში, გადაფასოვდება, გახდება რუსული პროდუქტი და შემდეგ გალიდან წავა მანქანებით ან ოჩამჩირეში, სადაც დაიტვირთება მატარებელი, ან წავა სოხუმის აეროპორტში, საიდანაც ტვირთები განაწილდება რუსეთში”, - განმარტავს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.

“2 წლის წინ საქართველოში ჩამოვიდნენ ბრიტანეთის, აშშ-ის და ევროკავშირის სპეციალური სამსახურები, რომლებიც სანქციებზე მუშაობდნენ, და მათი ვიზიტის შემდეგ საქართველომ აკრძალა მანქანების გაყვანა რუსეთში. ამის შემდეგ რა მოხდა? რუსეთის ნაცვლად მანქანების გადინება დაიწყო ყირგიზეთში და უცებ ყირგიზეთიდან გაიზარდა მანქანების გადინება რუსეთში. ძალიან თეთრი ძაფით იყო ნაკერი და საერთაშორისო სამართლის დარღვევა აშკარად ჩანდა. გალის ტერმინალით კი ასე ღიად არაფერი ჩანს - ტვირთი საქართველოში შემოვა. ოფიციალურად ეს ტვირთები საქართველოდან არ გავა, აფხაზეთი ხომ საქართველოა?! “ქართული ოცნება” რომ გამჭვირვალობაზე ლაპარაკობს, ეს სწორედ არაგამჭვირვალობის ბრწყინვალე მაგალითია. ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ: საქართველოში წამოვა უამრავი ტვირთი და “აორთქლდება”. დასავლეთი “ქართულ ოცნებას” ვერ გამოიჭერს. აქამდე გამოჭერა შეიძლებოდა - ტვირთები წავიდა სომხეთში, აზერბაიჯანში, ყირგიზეთსა და შემდეგ რუსეთში. ახლა არ გამოჩნდება, რომ რუსეთში წავიდა. რუსეთმა შავი ხვრელი იპოვა აფხაზეთის სახით”, - ამტკიცებს ზაქარეიშვილი.

“ოჩამჩირის პორტი იქნება, სოხუმის აეროპორტი თუ გალის ტერმინალი, ყველაფერს იყენებს რუსეთი. აფხაზი ჩინოვნიკები დუმილში იღებენ ფულს. ახლა ფულს მიიღებენ ქართველი ჩინოვნიკებიც. ქართული ბევრი პროდუქტი დღესაც შედის და იყიდება აფხაზეთში. სოხუმის ბაზარში იყიდება გორის ვაშლიც და ქუთაისური ავეჯიც. ქუთაისში ვნახე რამდენიმე ადგილობრივი ავეჯის საამქრო, რომლებიც აფხაზეთიდან შეკვეთებზე მუშაობდნენ. აფხაზეთში სამომხმარებლო პროდუქციის 40% შედის დანარჩენი საქართველოდან, როგორც ქართული, ასევე თურქული პროდუქტიც ჩვენგან შედის. ამ ტერმინალში აფხაზეთისთვის განკუთვნილი პროდუქტი კი არა, რუსეთისთვის განკუთვნილი შევა”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვაზე - “კობახიძემ თქვა, ტვირთებს არ გავატარებთ, ეს ყველაფერი სპეკულაციააო. შესაძლებელია ქართულმა მხარემ დაბლოკოს ტვირთების გატარება და გალის ტერმინალი არ ამუშავდეს? ან იმუშაოს, მაგრამ სამართლებრივად ვერ დამტკიცდეს?” - პასუხობს:

“ამხელა ფული ჩაიყარა, ამხელა ტერმინალი აშენდა და როგორ არ ამუშავდება?! თუ ამ ტერმინალში მანქანა შევიდა, ესე იგი, მუშაობს. ტერმინალის მუშაობა დაიწყება, თუმცა ხელისუფლება ფორმალურად მაინც იტყვის, რომ ტვირთების გატარება არ ხდება. მთავარია, ახლა დავაკვირდეთ, რამდენი მანქანა შედის დღე-დღეზე ან კვირაში და რამდენი შევა მას შემდეგ, რაც ტერმინალი ამუშავდება, რათა განვსაზღვროთ ტვირთების მასშტაბი”.

ლევან ცუცქირიძე - “რუსების დაკრულზე ქართულად ცეკვა შეუძლებელია”

“ძალაუფლებასა და ფულზე შეშლილი ხელისუფლების საპირწონედ დგას დემოკრატიული წინააღმდეგობა, რომელიც გადის ერთგვარი ადაპტაციის ეტაპს და სწავლობს იმ გამოცდილებაზე, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უწყვეტი და ძალზე მნიშვნელოვანი პროტესტის პროცესში დაგვიგროვდა. ამ ვითარებაში ოპოზიციური პარტიების წინაშე რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა დგას: პირველი - “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოცილება და ეს პირობა დიდწილად უკვე შესრულებულია. გასული წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ხელისუფლების შეცვლა და მისი დემოკრატიული კოალიციით ჩანაცვლება სურს. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს საკმარისი იქნებოდა, თუმცა საქართველო დღეს ასეთ პირობებში არ არის. ამიტომ საჭიროა დამატებითი პირობების შესრულება, რათა რეალურად შეიცვალოს ხელისუფლება”, - აცხადებს “თავისუფლების მოედნის” ლიდერი ლევან ცუცქირიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსების დაკრულზე ქართულად ცეკვა შეუძლებელია”.

“მეორე - მნიშვნელოვანი პირობაა, რომ საზოგადოებამ დაიჯეროს პოლიტიკური ბრძოლის გზა, რომელსაც “თავისუფლების მოედანი” და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი უჭერს მხარს. აუცილებელია გაჩნდეს და გაძლიერდეს რწმენა, რომ მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლით შესაძლებელია შედეგის მიღწევა. შემდეგი პირობაა ალტერნატივის დანახვა, საზოგადოებამ უნდა დაინახოს ძლიერი და სანდო ძალა, რომელიც მისთვის მისაღები იქნება ხელისუფლებაში. მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იცოდნენ, ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა მოვიდეს, არამედ ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა, თუ რა შეიცვლება ქვეყანაში. ეს ცვლილება არ უნდა იყოს მხოლოდ სახელებისა და გვარების შეცვლა, ის უნდა იყოს სწრაფი და სისტემური. ერთი მხრივ, უზრუნველყოს დაცვა იმ პროცესებისგან, რაც დღეს ხდება, ხოლო მეორე მხრივ, არ დაუშვას უდანაშაულო ადამიანებზე პოლიტიკური შურისძიება. მესამე - არანაკლებ მნიშვნელოვანი პირობაა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის შენარჩუნება და გაძლიერება საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად. საზოგადოების მოთხოვნაა ცვლილება, საერთაშორისო მხარდაჭერაც არის, თუმცა ეს არ არის საკმარისი...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ცუცქირიძე.

“საჭიროა მეტი ძალისხმევა და სწორედ ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს ჩვენ, “თავისუფლების მოედანი", და ვფიქრობთ, იგივე უნდა გააკეთონ სხვა ოპოზიციურმა ძალებმაც. ის ფაქტი, რომ ამ ბრძოლაში არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას, ჩემი აზრით, ჩვენი სისუსტე კი არა, სიძლიერეა. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი, რომელმაც აჩვენა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი მუშაობითა და მჭიდრო თანამშრომლობით შეძლეს, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობამ მონაწილეობა არ მიიღო და შედეგად “ოცნებამ” კატასტროფული შედეგი აჩვენა. ”ოცნებამ” რეალურად გამარჯვება გაიფორმა და ესეც უკიდურესად მყიფეა, რადგან არჩევნები თავად ხელისუფლებამ გამოაცხადა ნდობის რეფერენდუმად. მიუხედავად ამისა, კახა კალაძემ, რომელიც მათი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია თბილისში, მიიღო თბილისელი ამომრჩევლების დაახლოებით 20 პროცენტის მხარდაჭერა, თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ მაჩვენებელშიც მნიშვნელოვანი იყო იძულების ფაქტორი. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კოორდინირებული საქმიანობა შესაძლებელია და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თავისუფლების მოედანმა” პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო მოძრაობებსა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს შევთავაზეთ საგარეო პოლიტიკის საბჭოს შექმნა, რათა საგარეო არენაზე ერთობლივად მუშაობა და კოორდინაცია გავაძლიეროთ. მთელ რიგ საკითხებში თანამშრომლობა უკვე არის, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ხედვები ბუნებრივია. სწორედ ამ ლოგიკით შევიმუშავეთ “თავისუფლების მოედნის” ათპუნქტიანი გეგმა - ხედვა თუ როგორ წარმოგვიდგენია სამომავლო ბრძოლა. ვისაც ეს გეგმა მოსწონს და იზიარებს, მათთან მჭიდროდ ვიმუშავებთ; ვისაც განსხვავებული ხედვა აქვს, ამის გამო არავის ვლანძღავთ. ჩვენი პოლიტიკა სწორედ ამ პრინციპებზე დგას. ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ქადაგებენ სიძულვილსა და შეუწყნარებლობას. არ ვითანამშრომლებთ პრორუსულ და პროკრემლისტურ პოლიტიკურ ძალებთან, ასევე იმ პარტიებთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ბრძოლაში რაიმეს მიღწევა შესაძლებელია პრინციპებზე უარის თქმის გზით. გარდა ამისა, არ ვთანამშრომლობთ პარტიებთან, რომლებიც `ქართული ოცნების~ სატელიტებად გვევლინებიან”, - განმარტავს “თავისუფლების მოედნის” ლიდერი.

“ჩვენ ვთანამშრომლობთ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ჩვენს ხედვას იზიარებენ ან კონკრეტულ საკითხებზე გვაქვს თანხვედრა. მაგალითად, ბოიკოტის ორგანიზებისას ვთანამშრომლობდით იმ ძალებთან, რომლებიც ამ იდეას მხარს უჭერდნენ. ასევე, უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ საგარეო პოლიტიკის საბჭოს შეკრებას და ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომლებიც ამ ინიციატივაში ჩაერთვებიან, მზად ვართ თანამშრომლობის გასაგრძელებლად. “თავისუფლების მოედანი” უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს იმ სამოქალაქო და საპროტესტო მოძრაობებთან, რომლებიც “რუსული კანონის” ინიცირების გამო დაწყებული პროტესტიდან წარმოიშვნენ. მათთან ვხედავთ განსაკუთრებულ სიახლოვეს, რადგან ჩვენც პროტესტიდან წარმოშობილი პოლიტიკური ძალა ვართ. ჩვენი ამოცანაა ეს პროტესტის ენერგია გარდავქმნათ პოლიტიკურ ორგანიზაციად და მკაფიო პოლიტიკურ გეგმად... სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს ბოლო ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი და მას მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ, განსაკუთრებით დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ მას ჩართვა საგარეო პოლიტიკის საბჭოში და თანამშრომლობა ამ ფორმატში...”, - ამბობს ლევან ცუცქირიძე.

“ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ადამიანს ისე არ უყვარდეს საკუთარი მოქალაქე, რომ მის წინააღმდეგ ქიმიური საშუალებების გამოყენება გაბედოს. რამდენად განსხვავებული შეხედულებებიც არ უნდა გვქონდეს, რამდენადაც არ უნდა ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, ის ხომ შენი თანამოქალაქეა. გაბრაზებული ახალგაზრდა, რომელიც ქუჩაში გამოდის, იმსახურებს საუბარს, მოსმენას, დიალოგს და არა ძალადობას, რუსული პოლიციური მეთოდების ან ქიმიური საშუალებების გამოყენებას. მაღალი ალბათობით, ის, რაც ბი-ბი-სიმ აჩვენა, რეალობას შეესაბამება და თუ მართლაც ქიმიური საშუალებები გამოიყენეს, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცებმა იცოდნენ, რა ხდებოდა რუსთაველზე, სადაც ბავშვები სკოლაში დადიან, სადაც ადამიანები გადაადგილდებიან და ამის შემდეგ იმავე ტერიტორიაზე საკუთარი მომხრეების შვილებს ნაძვის ხეზე ეპატიჟებოდნენ, მოწამლული ჰაერის სასუნთქად. ეს აჩვენებს, რომ მათთვის არც საკუთარი მომხრეები წარმოადგენენ რაიმე ღირებულებას”, - დასძენს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და შეკითხვაზე - “ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბი-ბი-სის რეპორტაჟი უკიდურესი პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევა და მმართველი გუნდის პოზიციების იგნორირებას ეფუძნება...” - პასუხობს:

“თუ “ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ სიმართლეს ამბობს, რატომ არ იწვევს საერთაშორისო გამოძიებას? მათ ადგილზე მე პირველი ვიქნებოდი, ვინც საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავდა და თავად დავიწყებდი გამოძიებას, რათა დამემტკიცებინა როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ისე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებისთვის, რომ მართლები არიან. რეალობა სრულიად სხვაა, მათ იციან, რომ რაღაც ძალიან ცუდი გააკეთეს და სწორედ ამიტომ არ უნდათ საერთაშორისო გამოძიება. პრემიერი კობახიძე იმასაც ამტკიცებს, რომ აშხაბადში ვიზიტით საერთაშორისო პლატფორმა გამოიყენა, ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გააკეთა განცხადება, მაგრამ ეს სიმართლე ხომ არ არის? დიახ, საქართველოს უნდა ჰქონდეს ურთიერთობები იმ მრავალ სახელმწიფოსთან, რომლებიც ამ ფორუმზე იყვნენ წარმოდგენილი. იქ იყვნენ ჩვენი მეზობლები და მნიშვნელოვანი პარტნიორები, რუსეთის გარდა. თუმცა, როდესაც ჩადიხარ ისეთ ფორუმზე, რომელსაც ესწრება ოკუპანტი სახელმწიფოს პრეზიდენტი, ოკუპაცია უნდა იყოს შენი მთავარი სალაპარაკო თემა”.

“თურქმენეთთან ან სხვა ქვეყნებთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბარი სხვა საკითხია და ამაზე არავინ დაობს. “თავისუფლების მოედანი” ვთვლით, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობები როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ისე სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთთან მჭიდროდ იყოს დაკავშირებული და რეალურად აძლიერებდნენ ერთმანეთს, ნაცვლად იმისა, რომ აზერბაიჯანულ ტვირთებს ხელოვნურად შეუქმნან ბარიერები ან სომხური საზღვრებზე შეაფერხონ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პრორუსული პოლიტიკა, რომელსაც “ქართული ოცნება” ატარებს, საქართველოს გეოპოლიტიკურ ყულფში აქცევს. შედეგად, ქვეყანა შორდება ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთის ალტერნატიულ ბაზრებს ეძებენ, და იმავდროულად, აზიანებს ურთიერთობებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი სჭირდებათ რუსეთის გავლენის დასაბალანსებლად. მაგრამ რეალობა ის არის, რომ რუსების დაკრულზე ქართულად ცეკვა შეუძლებელია!” - დაასკვნის ლევან ცუცქირიძე.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ