ნინო დოლიძე - „ქართული ოცნება“ დაემსგავსა ლუკაშენკოსა და პუტინის რეჟიმს, სადაც სამოქალაქო ორგანიზაციებს მოუწიათ ქვეყნიდან გასვლა, რადგან ადგილზე მათ მუშაობა აღარ შეეძლოთ - ეს არის ალტერნატიული გზა, რომ გადარჩნენ არასამთავრობო ორგანიზაციები

არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ძლიერია. ის ამბობს, რომ არ გვაწუხებს ეს პროტესტი, მაგრამ რეალურად, ყველა საკანონმდებლო ცვლილება ამის წინააღმდეგ იყო გადადგმული. მათ ძალიან აწუხებთ. სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ არ ელოდა ამდენხნიან პროტესტს. ახლა ცდილობენ, როგორმე ჩაახშონ ეს პროტესტი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ განაცხადა, რითაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები შეაფასა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებას“ ძალიან უნდა, მაგრამ პროტესტი არ ნელდება და არ მიდის დასასრულისკენ.

„რამდენიმე წლის წინ, საქართველომ გადაგა არაერთი ნაბიჯი დემოკრატიული განვითარებისკენ, იგივე ევროინტეგრაციისკენ. ახლა ჩვენ რასაც ვხედავთ, არამხოლოდ იმ ნიშნულამდე, არამედ გაცილებით უკანაც გადავინაცვლეთ. საერთო ჯამში, ძალიან მძიმე რეალობაა როგორც საკანონმდებლო მიმართულებით, ასევე მათი იმპლემენტაციის მიმართულებით. საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული ცვლილებები მიმართული იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და ამის შემდეგ ყველა იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც განსხვავებულ აზრს აფიქსირებს თუ აფიქსირებდა „ქართული ოცნების“ მიმართ. ეს დაიწყო სამოქალაქო ორგანიზაციებით და დამოუკიდებელი მედიით. „რუსული კანონი“ სწორედ ამიტომ იყო მთავარი გზაგასაყარი, დემოკრატიისკენ მიდიოდა საქართველო თუ ავტორიტარიზმისკენ. ეს იყო პირველი კანონი, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ „ჰო, ჩვენ არ ვართ დემოკრატები და ავტორიტარიზმისკენ გადავიხარეთ სრულად“. ამის შემდეგ ვხედავთ კანონმდებლობის სრულად გაუარესებას. ამ მიმართულებით, ბოლო ერთ წელს ვერაფერს შევადარებთ. გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით. ჯერ იყო ჯარიმების გაზრდა, შემდეგ იყო ადამიანების დაკავება პირბადეების, გზის ბლოკირების გულისთვის და ისეთი ტიპის შეზღუდვები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ნაწილში. ამასთან ერთად, იყო საჯარო მოხელეებისთვის კანონმდებლობის გაუარესება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვნახეთ, საჯარო მოხელეებმა გასულ წელს დააფიქსირეს ხმამაღლა, რომ ისინი ევროინტეგრაციის მომხრეები არიან და 700-მდე ადამიანია გათავისუფლებული. ამის შემდეგ იყო მედიის მიმართულებით კანონმდებლობის გაუარესება, როდესაც მედიას უცხოეთიდან დაფინანსების მიღება არ შეუძლია. იგივე არის პოლიტიკური პარტიების შეზღუდვების მიმართულებით გადადგმული სხვადასხვა ნაბიჯები. ეს არის სისტემური გაუარესება. ეს არ არის ერთი კონკრეტული მუხლის გაუარესება, ეს არის ზოგადად თავისუფალი აზრის სისტემური გაუარესება ქვეყანაში. იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოება, მედია, საჯარო სექტორი თუ პოლიტიკური პარტიები, ყველა ის აქტორები, რომლებიც რეალურად დემოკრატიას ქმნიან ქვეყანაში.

სულ ბოლოს განხორციელებული ცვლილებები კი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციით ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს უფლება ყოველგვარი გაფრთხილებების გარეშე გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი იქნება თუ რაიმე ფორმით დავაფიქსიროთ აზრი. ჩვენ გვაქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს ცვლილებები, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღეს, არის როგორც წინააღმდეგობრივი, ასევე აბსურდული. ვერ იპოვით ანალოგს საერთაშორისო მასშტაბით. ტროტუარზე დგომის გამო ადამიანს როგორ შეიძლება შეუზღუდო რამე. ასევე რას ნიშნავს გადაადგილების შეზღუდვა? ეს პროტესტი სწორედ ადამიანის უფლებებისთვისაა და არავინ არავის არ უბლოკავს გადაადგილებას. რამდენიმე კვირის წინ იყო ეუთო/ოდირის შეფასებაც, ჯერ კიდევ ამ ცვლილებებამდე, რამდენად გაუარესდა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით კანონმდებლობა და ამ ყველაფრის გაუქმების მოთხოვნებიც არის. აბსოლუტურად არ არის ეს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტთან. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, რომ ხელი შეუწყონ მოქალაქეთა მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სწორედ ამის ერთ-ერთი ნაწილია შეკრება- მანიფესტაცია. ნაცვლად პოზიტიური ვალდებულებისა, პირიქით ყველაფერს აკეთებს, რომ გამოხატვის თავისუფლება აიკრძალოს.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ არ გვაწუხებს ეს პროტესტი, მაგრამ რეალურად ყველა საკანონმდებლო ცვლილება ამის წინააღმდეგ იყო გადადგმული. მათ ძალიან აწუხებთ. სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ არ ელოდა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ამდენხნიან პროტესტს. ეგონათ, რომ რამდენიმე კვირა, თვე იქნება, გაჩერდება. ახლა ცდილობენ როგორმე ჩაახშონ ეს პროტესტი. ყველანაირი გზით. მაგრამ ამავე დროს ვხედავთ, რომ მოქალაქეები სულ მუდამ ალტერნატიულ გზებს ეძებენ და ყოველთვის ახერხებენ...

ჩემი აზრით, პროტესტი არ მიდის დასასრულისკენ. „ქართული ოცნებას“ ეს ძალიან უნდა, მაგრამ, ჩემი აზრით, პროტესტი არ ნელდება. ვნახეთ ტალღებია. ზაფხულში შედარებით ნაკლები ადამიანი იყო, შემოდგომაზე იმატა. ძალიან ნიშანდობლივია, დიდი აქციები დაიწყო შაბათობით. საქართველოს მოქალაქეების განწყობები არ შეცვლილა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით. ისინი ხედავენ, რომ ქვეყანა არის კრიზისში და უნდათ, რომ საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიულ განვითარებას, ევროპულ განვითარებას. ყოველ დღე შესაძლოა ყველა ადამიანი ამას ვერ აფიქსირებდეს, მაგრამ არის მუდმივი ჯგუფი, თუმცა როცა არის დიდი თარიღები, ადამიანები გამოდიან“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ კვლავ საერთაშორისო იზოლაციაშია და განიცდის ლეგიტიმაციის პრობლემას.

„მე არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ძლიერია და ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. ისინი კვლავ არიან საერთაშორისო იზოლაციაში, ისინი განიცდიან ლეგიტიმაციის პრობლემას. ასევე ის კორუფციული სქემები, რაც ვიხილეთ, საკუთარ გუნდში მომხდარი არეულობა. ამ ფონზე, მე არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ძლიერია. ის შესაძლოა ცდილობს ამის წარმოჩენას, მაგრამ არ მგონია. პირიქით, მგონია, რომ ამ პროცესებმა არამხოლოდ ჩვენ, მათ მხარდამჭერებსაც დაანახა „ქართული ოცნების“ სახე. თუკი გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვიღაცებს კიდევ ეგონათ, რომ „ქართული ოცნება“ მაინც ევროპისკენ მიდიოდა მშვიდობით თუ ა.შ. და დემოკრატიული ძალა იყო, დღეს საერთაშორისო ასპარეზზე არავის ეპარება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ არის ავტორიტარული რეჟიმი და არვის ეპარება ეჭვი მათ საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. კი, რთული პერიოდი გავიარეთ, მაგრამ სახელდება მოხდა, ვინ არის ეს ძალა, რა არის მათი მიზანი და რას აპირებენ მომავალში“, - განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, მან ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობასთან დაკავშირებითაც, იმ ფონზე, როცა მიღებული კანონების გათვალისწინებით, მათ დაფინანსების მიღებისას პრობლემები აქვთ. დოლიძის თქმით, ამ მიმართულებით, „ყველაზე მსუსხავი ეფექტი ჰქონდა „გრანტების შესახებ“ კანონს.

„ამ სამმა კანონმა ჯამში გავლენა იქონია სამოქალაქო ორგანიზაციებზე. მე ვიტყოდი, რომ „რუსული კანონი“ ნამდვილად არ იყო ჩვენთვის შემაშინებელი. არცერთი დიდი ორგანიზაცია არ დავრეგისტრირდით და ვთქვით, რომ „გავაგრძელებთ“. ივანიშვილის FARA-ს შემთხვევაში ვთქვით, რომ ეს ჩვენ არ გვეხება. ყველაზე მსუსხავი ეფექტი ჰქონდა „გრანტების შესახებ“ კანონს. იმიტომ, რომ ხელისუფლების დასტურის გარეშე ვერ იღებ გრანტს. ხომ კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ არ გასცემს გრანტს იმ ორგანიზაციებზე, რომელსაც მიიჩნევს მათ წინააღმდეგ კრიტიკულად განწყობილებად. ამ ყველაფერმა, ცხადია, და ყველაზე მეტად „გრანტების კანონმა“ გავლენა იქონია... ასევე, პრობლემური იყო ანგარიშების დაყადაღება. საქართველოს დროშისა და პირბადეების შეძენაზე გვედავებიან და ამიტომაა ორგანიზაციების ანგარიშები დაყადაღებული. ამიტომ ცხადია, ამ ყველაფერმა იქონია გავლენა. ორგანიზაციებს ფინანსური პრობლემები გააჩნიათ, მაგრამ მიუხედავად ამისა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები თუნდაც მოხალისეობრივად ამ მწირი რესურსებით აგრძელებენ მუშაობას.

„ქართული ოცნება“ კი დაემსგავსა ლუკაშენკოსა და პუტინის რეჟიმს, სადაც სამოქალაქო ორგანიზაციები ადგილზე ვეღარ ფუნქციონირებენ და ადამიანებს, რომლებიც ადამიანთა უფლებებსა თუ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობენ, მოუწიათ ქვეყნიდან გასვლა, იქიდან გამომდინარე, რომ ადგილზე მათ მუშაობა აღარ შეეძლოთ. ეს არის ალტერნატიული გზა, რომ გადარჩნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მე სომხეთთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მივესალმები თუ მცდელობა იქნება სამოქალაქო ორგანიზაციების გადარჩენის. „ქართული ოცნება“ ცხადია, შეეცდება სომხეთთან იქნება თუ სხვა ქვეყნებთან ამაზე მუშაობას, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც ერთ დროს საქართველო იყო თავშესაფარი ყველა დევნილი ადამიანის უფლებების დამცველის, ახლა ასე შეიფარებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ადამიანის უფლების დამცველები არიან სხვა ქვეყნებში. დადგება დრო, როცა ყველა დაბრუნდება საქართველოში. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უწევთ ფიქრი როგორ გადარჩნენ ქვეყნის გარეთ. საქართველო ვიყავით თავშესაფარი და წარმოუდგენელ რეალობაში აღმოვჩნდით“,- განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება ნინო დოლიძის შეფასებას პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ „ენჯეო“ სისტემა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიის ქვეყნებში, მისი თქმით, სამწუხაროა, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, კანონმდებელი, დაკავებულია სამოქალაქო ორგანიზაციების დევნით.

„რაც შეეხება შალვა პაპუაშვილს, როგორც ვიცი თავად მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ალბათ, საკუთარ თავში უნდა დაიწყოს ეს ძიება, წარმოადგენდა თუ არა რომელიმე ქვეყნის აგენტს. სამწუხაროა, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, კანონმდებელი, დაკავებულია სამოქალაქო ორგანიზაციების დევნით.

სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია დემოკრატიულ სამყაროში მმართველობის. საქართველო იყო მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ამით. ეს არის დემოკრატიის ერთ -ერთი შემადგენელი ნაწილი, როცა ადამიანებს შეუძლიათ შექმნან რაღაც ერთობა და რაღაც საკითხებზე იმუშაონ. დღეს ფაქტობრივად, ეს ყველაფერი არის გაუქმებული. „ქართული ოცნება“ ყველას ესხმის თავს, ყველა ცუდია. სამოქალაქო საზოგადოება ცუდია, მედია ცუდია, საელჩოები ცუდია, ევროპული ქვეყნები ცუდია, ამერიკა ცუდია. ყველა ცუდია თუ განსხვავებული აზრი აქვთ. ეს აბსოლუტურად აბსურდია და არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ