სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ასევე, პორტებში და აეროპორტებში, შეიქმნება ერთობლივი ჯგუფები, რომელთა ძირითადი სამიზნე იქნება ნარკოტიკების, ასევე, სხვა აკრძალული ნივთიერების ტრანზიტის გამოვლენა , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში 16 სხვადასხვა განყოფილება ჩამოყალიბდა, რომელიც საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, ამ მიმართულებით, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
"ჩვენ დაჩქარებული წესით წარვუდგინეთ პარლამენტს ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საბაჟო კოდექსში ცვლილებებს.
აღნიშნული ცვლილების თანახმად, თითოეულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ასევე პორტებში და აეროპორტებში, შეიქმნება ერთობლივი ჯგუფები, სადაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, როგორც ადგილზე, ასევე ცენტრალიზებულად მოახდენენ ტვირთების კონტროლს, რომელიც შემოდის და გადის ქვეყნიდან, იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ყველა იმ საეჭვო ტვირთის გადამოწმება, სადაც შესაძლებელია არსებობდეს გარკვეული რისკები. გარდა ამისა, აღნიშნული მექანიზმი მოგვცემს საშუალებას, რომ პრევენციულად იმუშაოს ორივე უწყებამ. აღნიშნული ცვლილებების დამტკიცება იგეგმება მიმდინარე სესიის ფარგლებში, მერე უკვე გამოიცემა ერთობლივი ბრძანება, სადაც დეტალურად გაიწერება თითოეული უწყების ფუნქციები და კომპეტენცია, რაც საბოლოო ჯამში, მოგვცემს საშუალებას, რომ მაქსიმალურად გაკონტროლდეს ყველა ის ტვირთი, რომელიც შემოდის და გადის ქვეყნიდან.
ამ ცვლილების და ერთობლივი ჯგუფების შექმნის ძირითადი მაპროვოცირებელი არის ბოლო პერიოდში გამოვლენილი ფაქტები, რაც დაკავშირებული იყო ნარკოტიკების ტრანზიტთან და მისი ფაქტების აღმოჩენასთან. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ცალკე მიმართულება ცენტრალური პოლიციის დეპარტამენტში. 16 სხვადასხვა განყოფილება ჩამოყალიბდა, რომელიც ადგილზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, საბაჟო დეპარტამენტთან ერთად. რა თქმა უნდა, მათი ძირითადი სამიზნე იქნება ნარკოტიკების ტრანზიტის, ასევე სხვა აკრძალული ნივთიერების ტრანზიტის გამოვლენა, ამასთან, პრევენციულო ღონისძიებების განხორციელება", - განაცხადა დარახველიძემ.