საქსტატის ინტერაქტიული პორტალის - „სტატისტიკა ბავშვებისა და მოზარდებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერაქტიული პორტალის - ,,სტატისტიკა ბავშვებისა და მოზარდებისთვის“ პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, მოსწავლეებისათვის განკუთვნილი ღონისძიება, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ქალბატონმა ნინო ენუქიძემ, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, ასევე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა იესპერ მოლერმა გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

„ღონისძიებას, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში არსებულ ბავშვთა უფლებების ცენტრში გაიმართა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ბავშვებისა და მოზარდებისათვის განკუთვნილი ინტერაქტიული პორტალი საქსტატმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით მოამზადა, რომლის მიზანია სტატისტიკურ მონაცემთა წარმოება და გავრცელება ბავშვებისათვის ადვილად აღსაქმელი ფორმებით, ასევე სტატისტიკურ მონაცემებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, პორტალი ბავშვებს და მოზარდებს საშუალებას აძლევს, თანამედროვე ვიზუალური საშუალებებით მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით, პორტალი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვებს და მოზარდებს გაიღრმავონ ცოდნა სტატისტიკის სფეროში, გაიუმჯობესონ ინფორმაციის სწორად აღქმისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები, იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებულები ბავშვთა უფლებების შესახებ და მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი პორტალი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება:

პირველი ნაწილი - „სტატისტიკა ბავშვებისთვის“ - განკუთვნილია 8-დან 12 წლის ასაკის ბავშვებისთვის. ამ ნაწილში წარმოდგენილი თემები მორგებულია შესაბამის სამიზნე აუდიტორიაზე, მოიცავს სახალისო შეკითხვებს სხვადასხვა კატეგორიებიდან, როგორიცაა: დემოგრაფია, განათლება, სოფლის მეურნეობა და ა.შ. პორტალი ასევე აერთიანებს, საინტერესო ფაქტებს საქართველოს რეგიონების შესახებ. ინფორმაციის უკეთ აღქმისთვის გამოყენებულია ვიზუალიზაციის მრავალფეროვანი საშუალებები, როგორიცაა - ინფოგრაფიკები, ანიმაციები, ვიდეო გრაფიკა და ინტერაქტიული დიაგრამები.

ამავე ნაწილში, მომხმარებელს საშუალება ეძლევა გაეცნოს საინტერესო სტატისტიკურ ფაქტებს, შეავსოს თემატური ქვიზები და მიიღოს სერტიფიკატი.

მეორე ნაწილი - „სტატისტიკა მოზარდებისთვის“ განკუთვნილია 13-დან 19 წლის ასაკის ახალგაზრდებისთვის, სადაც წარმოდგენილია საინტერესო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის შესახებ. აღნიშნული ნაწილის მეშვეობით მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა ამოხსნას შემეცნებითი ქვიზი და გაეცნოს სახალისო სტატისტიკურ ფაქტებს.

ღონისძიების ფარგლებში წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებმა, პორტალის გამოყენებით, შემეცნებითი ქვიზები და დავალებები შეასრულეს. შეხვედრის ბოლოს კი მათ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ“,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025