ქუთაისის №4 და №7 სკოლების ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა არის ნათელი მაგალითი იმ სისტემური კრიზისისა, რომელიც წლებია არსებობს საქართველოში სასკოლო ინფრასტრუქტურის მართვის მიმართულებით - სახელმწიფოს ინსტიტუციური მარცხის ყველაზე მძიმე გამოვლენაა, როცა ბავშვების უსაფრთხოება და განათლების უფლება დამოკიდებულია საზოგადოების ხმაურის ხარისხზე,- ამის შესახებ განცხადებას „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, სანამ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხო, ფუნქციონალურ და დროულად დასრულებულ სკოლებს, საუბარი განათლების რეფორმაზე ცარიელი რიტორიკაა.
„სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი არა მხოლოდ გაჭიანურდა, არამედ პრაქტიკულად ჩავარდა - არ არსებობს მკაფიო ვადები, პასუხისმგებლობები და საჯარო ანგარიშვალდებულება.
დღეს მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები იძულებულნი არიან დახმარება ითხოვონ. ეს არის სახელმწიფოს ინსტიტუციური მარცხის ყველაზე მძიმე გამოვლენა - როცა ბავშვების უსაფრთხოება და განათლების უფლება დამოკიდებულია საზოგადოების ხმაურის ხარისხზე და არა კანონისა და ბიუჯეტური ვალდებულებების შესრულებაზე.
ქუთაისის შემთხვევა არ არის გამონაკლისი. ეს არის მასშტაბური პრობლემა, რომელიც ათეულობით სკოლას შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მივმართავ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობას: საზოგადოებას აქვს სრული უფლება იცოდეს, რა ეტაპზეა №4 და №7 სკოლების პროექტები, ვინ მიიღო არასწორი გადაწყვეტილებები და ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე.
სახელმწიფოს მხრიდან დუმილი და პასუხისმგებლობის გადაბარება მიუღებელია.
განათლება არ შეიძლება იყოს ექსპერიმენტების ან არაკომპეტენტური მმართველობის მსხვერპლი.
სანამ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხო, ფუნქციონალურ და დროულად დასრულებულ სკოლებს, ნებისმიერი საუბარი განათლების რეფორმაზე არის ცარიელი რიტორიკა.
ყველა ვხედავთ, რომ მილიონები იხარჯება სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე, მაგრამ სამუშაოები არ და ვერ სრულდება, თანხების დიდი ნაწილი კი მითვისებულია.
2025 წლის სექტემბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა "ლაგი კაპიტალის" წარმომადგენლები რეაბილიტაციის თანხების უკანონოდ მითვისების ბრალდებით - თანხის საერთო ღირებულება თითქმის 94.5 მილიონი ლარია, ხოლო სამუშაოები ზოგ ობიექტზე არც კი დაწყებულა.
ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება განათლების ინფრასტრუქტურაზე, ხოლო საბოლოო შედეგი არ ჩანს, არის სისტემური კორუფციის შედეგი.
მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ქმედით ნაბიჯებს, კონკრეტულ კალენდარს, პასუხისმგებელი პირების დასახელებას და საჯარო ანგარიშს.
ბავშვების მომავალი ვერ დაელოდება უსასრულო "რეაბილიტაციას".-განაცხადა ჩერქეზიშვილმა.