სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაკავებული პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების საკითხი აწუხებდეს - „ოცნების“ პრობლემა მხოლოდ მისი ავტორიტარიზმი და პოლიტიკური პატიმრები არ არის, „ოცნების“ მთავარი პრობლემაა, რომ ის ღიად პრორუსული ხელისუფლებაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ბოლო პერიოდში მოხშირებულ განცხადებებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ „პოლიტპატიმრების საკითხზე, სავარაუდოდ, დასავლეთთან ვაჭრობას დაიწყებს“.
აკაკი ბობოხიძის შეფასებით, დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებისთვის მხოლოდ პოლიტიკური პატიმრების საკითხი რომ არსებობდეს, „ქართული ოცნება“ რაღაც ნაბიჯს მაინც გადადგამდა.
„2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პატიმრები სავაჭროდ გამოიყენა და მან ეს საკითხი მაშინ, დასავლეთთან ვითარების ნორმალიზებაში გაცვალა. მაშინ დასავლეთი ნორმალიზაციის მხარეს იყო და არა „ქართული ოცნების“ მხარეს, თუმცა ეს ავტომატურად „ოცნების“ სასარგებლო განწყობას ნიშნავდა. დღეს რადიკალურად შეცვლილია სიტუაცია. „ოცნების“ პრობლემა მხოლოდ მისი ავტორიტარიზმი და პოლიტიკური პატიმრები არ არის, „ოცნების“ მთავარი პრობლემაა, რომ ის ღიად პრორუსული ხელისუფლებაა. საქართველოში ავტორიტარულ რეჟიმს ვერ შეინარჩუნებ თუ პრორუსი არ ხარ. დღეს სერიოზული ეჭვები არსებობს, რომ საქართველოში რუსული ინსტიტუტების შემოდინება ხდება და რომ ძალოვან უწყებებს რეალურად რუსი და ბელარუსიდან ჩამოსული ინსტრუქტორები მართავენ. დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებისთვის, რომ მხოლოდ პოლიტიკური პატიმრების საკითხი იდგეს, „ქართული ოცნება“ რაიმე ნაბიჯს გადადგამდა. კიდევ ერთხელ რომ განვმარტო, „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემაა, რომ ის ანტიდასავლურია და ჩვენს რეგიონში ანტიდასავლურობა, ავტომატურად პრორუსულობას ეყრდნობა. აქედან გამომდინარე, ამ მოცემულობით არანაირი დალაგების შანსი არ არსებობს“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
ასევე, პოლიტიკოსმა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაც შეაფასა, სადაც მან სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ გზას დაუბრუნდება. აკაკი ბობოხიძის შეფასებით, ეს განცხადება დასტურია იმისა, რომ ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაგრძელებას აღარ აპირებს და მათი მთელი ყურადღება სამოქალაქო საზოგადოებისკენ იქნება მიმართული.
„ქართული ოცნება“ იმაზე უნდა ღელავდეს თუ რა მდგომარეობაში ჩაიგდო საკუთარი თავი და რა მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანაც. „ოცნება“ შესულია იმ ჭაობში, საიდანაც გამოსვლა ადვილი არ არის. მათ არჩევანის გაკეთება უწევთ, რომ ან პროდასავლურები გახდნენ, რომელიც მათი ძალაუფლების დაკარგვის რეალურ შანსს გააჩენს, ან ძალაუფლებისთვის უარი თქვან დასავლეთზე. ეს განცხადება დასტურია იმისა, რომ ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაგრძელებას აღარ აპირებს. „ოცნებას“ ჰყავს ამომრჩევლები, რომლებიც მზად არიან, მინიმალური კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის, გაამართლონ და ერთმანეთის საწინააღმდეგო პროპაგანდისტულ პოსტულატებსაც კი უყოყმანოდ იღებენ. მათ რომ ჰკითხოთ, „ქართული ოცნება“ „დიფ-სთეითს“ წარმატებით ებრძვის და ამარცხებს, რომელმაც მსოფლიოს ყველა ხელისუფლებას მოუგო და მხოლოდ ივანიშვილთან და „ოცნებასთან“ აღმოჩნდა უძლური. მაგრამ, პროპაგანდისტი ზაზა შათირიშვილი გამოდის და აცხადებს, რომ ტრამპი „დიფ-სთეითის“ წარმომადგენელია, რომელსაც ევროკავშირის დაშლა სურს. „ოცნება“ კი ამბობს, რომ ევროკავშირი თავად არის „დიფ-სთეითისგან“ მართული. ანუ, რა გამოდის, რომ „დიფ-სთეითისგან“ მართული ევროკავშირის დაშლა უნდა, „დიფ-სთეითის“ წარმომადგენელს?“,- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსმა, ასევე შეაფასა საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილება, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისთვის, კანონიკური ეთიკის "არაერთგზის დარღვევისათვის" მღვდელმოქმედების უფლების შეჩერების შესახებ. აკაკი ბობოხიძის შეფასებით, „მცირე ჯგუფი პატრიარქის ამჟამინდელ მდგომარეობას იყენებს“.
„ეჭვი მეპარება, რომ ეს განცხადება პატრიარქის ხელმოწერითაა, ვიღაც იყენებს ამ ხელმოწერა. მეეჭვა, რომ პატრიარქს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აძლევდეს საშუალებას, რომ არა თუ მართოს, არამედ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქმის კურსში იყოს. მცირე ჯგუფი, რომელიც რუსული საპატრიარქოს ფილიალია საქართველოში, პატრიარქის ამ მდგომარეობას იყენებს. საპატრიარქოში რუსული გავლენა არის დიდი. ჯაღმაიძე საპატრიარქოში, მგონი, პირდაპირ მოსკოვიდან მოგვევლინა. საპატრიარქო „პოლიტიკაში არ ჩარევის“ სახელით მხარს უჭერს ხელისუფლებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიაში ჯანსაღი ძალები გაცილებით მეტნი იქნებიან, თუმცა ძალა და ღონე რუსული გავლენის ჯგუფის ხელშია“,- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
რაც შეეხება ხელისუფლების მიერ კორუფციასთან ბრძოლას, აკაკი ბობოხიძე ამ პროცესს „ქართული ოცნების“ „ობშიაკში“ ფულის დაბრუნებად აფასებს.
„ამ ყველაფერს კორუფციასთან ბრძოლასთან კავშირი არ აქვს. მგონია, რომ ჯგუფებს, რომლებმაც ფული იშოვეს, დროსა და ვადას აძლევენ, ამ ფულის უკან დასაბრუნებლად. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთავარ პირებს გაფრთხილება მისცეს და მათ გარკვეული დრო მიეცათ ფულის უკან დასაბრუნებლად, ოღონდ არა საქართველოს ბიუჯეტში, არამედ „ქართული ოცნების“ ე.წ. „ობშიაკში“ და ბიძინა ივანიშვილთან. ივანიშვილის დამოკიდებულება მარტივია - „გაშოვნინეთ ფული, ახლა საერთაშორისო მდგომარეობებიდან გამომდინარე ბევრი ფული დავკარგე და კეთილი ინებეთ და თქვენი ჯიბიდან დაფარეთ“. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე მათგანმა უკვე მიიტანა ფული და მათ წინააღმდეგ აღარ არის პრობლემები, ასეთია მაგალითად, კახა კალაძე, რომელმაც რამდენიმე ასეული მილიონი უკვე მიიტანა“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.