ევროკავშირის საგარეო ქმედებების დინამიკა, ახალი გაფართოება და საქართველო („კოპენჰაგენს +1“)

ევროკავშირის დიდი რეფორმირება და ფუნქციონირების პარადგიმების შეცვლა დიდწილად დაკავშირებული იყო 90-იანი წლების გლობალურ ძვრებთან, მათ შორის, საბჭოთა ბლოკისა და საბჭოთა კავშირის დაშლასთან. ახალმა სამეზობლომ ახალი დღის წესრიგის განსაზღვრა მოითხოვა. ძირითადად, ორ სუბიექტთან (საბჭოთა კავშირსა და იუგოსლავიასთან) თანამშრომლობა ჩანაცვლდა ათეულობით დამოუკიდებლობა-გამოცხადებულ სახელმწიფოებთან კომუნიკაციით. ახალმა ქვეყნებმა კი ევროკავშირს სთხოვეს მხარდაჭერა და პარტნიორობა.

1993 წელს, კოპენჰაგენის დოკუმენტით, ევროკავშირმა გამჭვირვალედ ახსნა 90-იანი წლების ევროკავშირის საგარეო პრიორიტეტები. ზუსტად მაშინ გადაწყდა სამომავლო საგარეო განვითარების ის შტრიხები, რომელსაც მოჰყვა გაფართოების მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ტალღები (პოსტ-საბჭოთა ქვეყნების გაწევრება). ევროკავშირმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (CEE) ევროპულ ინტეგრაციას “ევროპაში დაბრუნება“ უწოდა. კოპენჰაგენის პროცესით ევროკავშირმა ერთგვარად შემოხაზა გაფართოების რკალი (და გეოგრაფია). და აქ არ იყო ნახსენები არც საქართველო, არც შავი ზღვა, არც სამხრეთ კავკასია. პირიქით, კოპენჰგენის დოკუმენტში ცალკე სექცია მიეძღვნა რუსეთს - ევროკავშირმა რუსეთს შესთავაზა მშვიდობისა და კრიზის მართვის სფეროში ერთობლივი თანამშრომლობა (ამ დროს კი საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში უკვე იყო მომხდარი და მიმდინარეობდა შეირაღებული კონფლიქტი აფხაზეთში). მიუხედავად ამისა, საქართველო წინ მიიწევს და 1996 წელს ევროკავშირთან დებს პირველ საერთაშორისო ხელშეკრულებას „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ (PCA).

შემდგომ მოდის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) ეპოქა. ევროკომისიამ, როცა 2003 წელს გამოსცა კომუნიკე უფრო ფართო ევროპის შესახებ, სქოლიოში მიუთითა, რომ სამხრეთ კავკასია, მისი მდებარეობიდან გამომდინარე ამ ინიციატივის გეოგრაფიის ფარგლებს მიღმაა. ამდენად, აქაც თავდაპირველად საქართველო მოაზრებული არ იყო. მოგვიანებით, 2004 წელს, ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი (სამხრეთ კავკასია) ჩაერთოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში.

2008-2009 წლები იყო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გააქტიურების პერიოდი აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართულებით (უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი). აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას (EaP) თავადვე უწოდა ამბიციური პროგრამა. ამ ინიციატივამ ხან გაამართლა, ხან ვერ, ჰქონდა ბევრი გამოწვევა, თუმცა მისი დროდადრო გამოცოცხლება მოწმობდა პრინციპულ გამძლეობაზე. შედეგი იყო ასოცირების შეთანხმება სამ სახელმწიფოსთან - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო.

ასოცირების შეთანხმებამ (DCFTA-მა) ვერ მოიტანა ევროკავშირში გაწევრების ევროპული პერსპექტივა, თუმცა მოიტანა ბევრი სიკეთე საქართველოსთვის. იმავდროულად, გააძლიერა მრავალმხრივი განვითარება და რწმენაც, რომ ერთ დღეს გავხდებოდით ევროკავშირის წევრი.

ევროკავშირმა (2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის, 2014 წელს რუსეთ-უკრაინის ომის და სხვა მოვლენების შემდეგ) 2016 წელს მიიღო გლობალური სტრატეგია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ. ეს ის პერიოდია, როცა ევროკავშირმა გააჩერა გაფართოება და გამოაცხადა დიდი „შესვენება“. 2016 წლის გლობალური სტრატეგიის დოკუმენტში, სიტყვა „გაფართოება“ მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები. დოკუმენტი ეხება უკრაინის დახმარებისა და რეფორმის პროცესს (კორუფციის დამარცხება და სხვა), დასავლეთ ბაკლანეთთან, მოლდოვასთან პროგრამული თანამშრომლობის ასპექტებს და სხვა. მაგრამ საქართველო არ არის ნახსენები. ზოგადად, აღნიშნულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები (რომლის წევრიც იყო/არის საქართველო) დეზინფორმაციული აქტივობების საპასუხო საქმიანობის მნიშვნელობის ნაწილში. გლობალური სტრატეგიის დოკუმენტით ევროკავშირი აცხადებს, რომ იცვლება ჩვენი მიდგომა კონფლიქტებისა და კრიზისების მიმართ: კრიზისების მართვის პარალელურად, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ახალი ომების, ახალი ჰუმანიტარული კატასტროფებისა და ახალი ლტოლვილთა კრიზისების პრევენციაზე“.

პარალელურად, 2016 წლის ევროპარლამენტის საინფორმაციო ფურცელში (AT a Glance) აღნიშნულია, რომ:

  • დაგეგმილიჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის (Nord Stream 2) მილსადენი გაზრდიდა ევროკავშირში რუსეთიდან გაზის იმპორტის შესაძლებლობებს.
  • რუსული გაზის ექსპორტის თითქმის ნახევარი ევროკავშირში უკრაინის ტერიტორიით გადის, თუმცაგაზპრომმა“ 2014 წლის ივნისში განაცხადა, რომ იგი 2019 წლის ბოლოს შეწყვეტდა გაზის ტრანზიტს უკრაინის გავლით, იმ დროისთვის არსებული სატრანზიტო შეთანხმებების ვადის ამოწურვის შემდეგ.
  • გაზპრომისგეგმა შავი ზღვის გავლით რუსეთიდან ბულგარეთში მილსადენის („სამხრეთის ნაკადი“/South Stream) აშენების შესახებ 2014 წლის დეკემბერში გაუქმდა;
  • ასევე გაუქმდა შავი ზღვის გავლით რუსეთიდან თურქეთში მილსადენის („თურქული ნაკადი“ – Turkish Stream) მშენებლობის გეგმა 2015 წლის დეკემბერში.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების ჯაჭვით, ფაქტიურად, რუსეთი აძლიერებდა ევროკავშირზე ენერგოზეგავლენის პოლიტიკას. რუსეთმა კომერციული პროექტები ჩრდილოეთ ნაკადი 1 და ჩრდილოეთ ნაკადი 2, აქცია პოლიტიკურ იარაღად და გადაწყვიტა ყველა ენერგეტიკული მარშრუტის „ჩახსნა“ - უკრაინის „ამოგდება“ ენერგეტიკული გეოპოლიტიკიდან და სამხრეთის ნაკადის გაჩერება.

2021 წლის ევროპარლამენტის საინფორმაციო ფურცელში (BRIEFING) აღნიშნულია შემდეგი:

  • „ევროკავშირის დამოკიდებულება რუსული გაზის იმპორტზე შემცირების ნიშნებს არ ავლენს. მიუხედავად იმისა, რომმწვანე შეთანხმება“ 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური ევროპის მიღწევას ისახავს მიზნად, ბუნებრივი გაზი კვლავ რჩება ენერგომიქსის მნიშვნელოვან კომპონენტად, ვინაიდან ქვანახშირის ეტაპობრივი გამოდევნის პირობებში განახლებადი ენერგიის წყაროები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ სრულად ჩაანაცვლონ არსებული დეფიციტი. ევროკავშირში შიდა გაზის წარმოება სწრაფად კლებულობს, ხოლო ალტერნატიული მიმწოდებლებისგან ხელმისაწვდომი და ეკონომიკურად მისაღები ფასის გაზის მოცულობები არასაკმარისია რუსული წარმოების სრულად ჩასანაცვლებლად. 2015 წელს დაწყებულიჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის (Nord Stream 2) მილსადენი რუსეთსა და გერმანიას პირდაპირ აკავშირებს ბალტიის ზღვის გავლით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის (Nord Stream 1) ანალოგიური მარშრუტის მიხედვით, რომლის მშენებლობაც 2011 წელს დასრულდა. პროექტის განხორციელება რამდენიმე წელს გაგრძელდა, რაც განპირობებული იყო ხანგრძლივი სამართლებრივი დავებით და 2019 წლიდან შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციებით. მიუხედავად ამისა, მილების დაგების პროცესი გრძელდება და დასრულება უახლოეს თვეებშია დაგეგმილი.“

2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, იწყება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების ხედვის გადააზრება და ახალი სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, ევროკავშირმა კატეგორიულად თქვა უარი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის (Nord Stream 2) მილსადენის გამოყენებაზე. მიმდინარედ, ბრიუსელი რეაგირებს გავრცელებულ ვარაუდებზე, რომლებიც ეხება შეერთებული შტატების სავარაუდო კერძო ძალისხმევას მკაცრად სანქცირებული რუსული გაზსადენის პროექტის აღდგენის მიზნით. გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან დამოუკიდებლობა გერმანიის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით და იგი ამ პოზიციას მტკიცედ იცავს.“

რუსეთ-უკრაინის ომმა შეცვალა კომერციული, ენერგეტიკული, პოლიტიკური ხაზები და ზუსტად ამ გლობალურ კონტექსტში საქართველო აღმოჩნდა იმ ქვეყნების ჯგუფში, სადაც სხვებთან პარტნიორობით, ერთობლივი ქმედებებითა და საკუთარი შესაძლებლობებით, ქმნიდა როგორც ეროვნულ, ასევე, რეგიონულ და საერთაშორისო სიკეთეს დემოკრატიული მაკავშირებლებისა (connectivity) და დივერსიფიცირების სფეროში.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის 29-წლიან პერიოდს, მართლაც შეიძლება ეწოდოს დიდი ბრძოლა, დაუღალავი შრომა, მუდმივი ძალისხმევა, თვითგანვითარება, ისტორიული გამოცდების „ჩაბარება“, მორალური და ფიზიკური მდგრადობა, ერთგულების დეკლარირება, მოთმინება და დიპლომატია, რათა მას საკუთარი მნიშვნელობა და სარგებლიანობაც წარმოეჩინა საერთაშორისო მასშტაბით, დაერწმუნებინა დიდი მოთამაშეები, რომ საქართველო მათივე ინტერესების არეალში შედიოდა. ამიტომაც ერთვებოდა საქართველო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვისა და მშვიდობის პროცესებში NATO-თან და ევროკავშირთან ერთად, ამიტომაც მონაწილეობდა საქართველო ყველა იმ საერთაშორისო ლოჯისტიკურ და კომერციულ ქმედებებში, რაც მას საბოლოოდ მიიყვანდა დიდ შედეგამდე. და ეს შედეგი იყო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მიცემა 2022 წელს და 2023 წელს ევროკავშირის გაფართოების პაკეტში ჩართვა. საქართველოს ასეთმა არჩევანმა განაპირობა მისი კულტურული ცნობადობის ფართოდ ზრდაც - გაიცნეს და გაიგეს საქართველოს ისტორია, ტრადიციები, უნიკალური ანბანი, ძეგლები, მემკვიდრეობა. საერთაშორისო ქმედებებით საქართველო ხელახლა დაბრუნდა მსოფლიო სახელმწიფოთა ისტორიაში.

2023 წლის 14 დეკემბერი იყო და არის საქართველოს უახლესი ისტორიის ახალი სასწაული („კოპენჰაგენს+1“), რომლის დათმობა ეროვნული განვითარებისა და საკუთარი წარსულის საწინააღმდეგო ქმედება იქნება. და როგორც წარსულში, დღესაც და ხვალაც, პარტნიორებთან ურთიერთობებში, საქართველომ უნდა გადალახოს ყველა წინააღმდეგობა, გამოწვევებს შეხედოს ჩვეული ვაჟკაცობით, იხელმძღვანელოს ისტორიული დიპლომატიითა და ენა-გამჭრიახობით, იბრძოლოს რეგიონული კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისათვის და დააბრუნოს საკუთარი თავი ცივილური საერთაშორისო, და ევროპული ქმედებების მაგიდასთან.

გამოყენებული წყაროები:

/მასალა მოამზადა ასოციაციამ „შეკი“ (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში „ევროპული ინტეგრაციის დაიჯესტი“/

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025